მერხელი - სვანური ჭინჭრის სუპი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > მერხელი – სვანური ჭინჭრის სუპი

მერხელი – სვანური ჭინჭრის სუპი

Cover-1რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ის ივნისის ნომერში (06/2015)
ხოლო ვიდეოპრეზენტაცია შედგა ტელე-იმედზე, შუადღის შოუში

არცთუ კარგი ამბავი გვჭირს ქართველებს: სუპების და ტკბილეულის არჩევანი გვაქვს ძალიან მწირი. ისტორიულმა ბატალიებმა თუ სამხრეთულმა ტემპერამენტმა ასე განაპირობა, რომ ჩვენი სამზარეულოს გენიალურობა მის სწრაფად მომზადებასა და სიმარტივეშია და არა კრეატიულობაში. თუმცა გამონაკლისები არის და კარგად დამალული რეცეპტები, სოფელ-სოფელ მოსაძებნი და გასაცოცხლებელი უამრავია.

ერთერთი ასეთია სვანური ჭინჭრის სუპი – მერხელი. ეს არის ვიტამინებით გაჯერებული, კრემ-სუპის კონსისტენციის კერძი, რომელსაც ჭინჭრის გარდა, ჩემთვის ბავშვობის გემოც აქვს. ბებიას განსაკუთრებულად უყვარდა და მოხარშული ჭინჭრის სუნი ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება.

merxeli1

 

მერხელის გაკეთება რთული არ არის, თუმცა საკმაოდ ბევრი ინგრედიენტი დაგჭირდებათ და არცერთი არ უნდა დაგაკლდეთ:

ჭინჭარი – 800 გრამი (ახალდაკრეფილი, ნაზი ფოთლები)

იის ფოთოლი, ღეროებიანად – 10-15 ცალი

მწვანე ხახვი – 1 კონა

ნივრის მწვანე ფოთლები – 1 ძირი (თუ არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ 2 კბილი ნივრით)

მწვანე წიწაკა – 1 ცალი

ნედლი პიტნა – 50-60 გრამი (მხოლოდ ფოთლები)

ქერი ან შვრია – 1,5 ჭიქა

მარილი – გემოვნებით

 

merxeli-ingredientebi

 

მომზადება საკმაოდ მარტივია. ჭინჭრის ფოთლებს კარგად გარეცხავთ, გადაიტანთ ქვაბში და ასხამთ მდუღარე წყალს, ისე, რომ დაფაროს. ადუღებთ, სანამ არ მოიხარშება, შემდეგ კარგად გაქნით ხის მოსარევით. ამატებთ წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს, ნიორს, წიწაკას, იის ფოთოლს, პიტნას და ფრთხილად ურევთ დაფქულ ქერს ან შვრიას. კიდევ ადუღებთ 5 წუთი და კიდევ ერთხელ გაქნით. როცა შეგრილდება, შეაზავეთ მარილით.

 

merxeli3

 

შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხლად, ისე ცივად, შოთის პურთან ან მჭადთან ერთად. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ნაღებიც.

  merxeli2

ფოტოები: Ratatui Food & Media, ფიქრია გოგინაშვილი

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top