თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > თაფლის ტორტი “მედოვიკი” არაჟნის კრემით

თაფლის ტორტი “მედოვიკი” არაჟნის კრემით

დღევანდელი პოსტის თემა ყველაზე პოპულარული რუსული თუ საბჭოური თაფლიანი ნამცხვარი “მედოვიკია”. მისი ერთერთი ვერსია უკვე გვაქვს ბლოგზე (იხილეთ რეცეპტი) , მაგრამ ამჯერად განსხვავებული კრემით გთავაზობთ. მე ძალიან მომწონს მედოვიკი არაჟნის კრემით. კარაქიან-შესქელებულ რძიანი კრემისგან განსხვავებით, ის უფრო მსუბუქია, ნაკლებ ტკბილი და მსუყე, უკეთ “ჯდება” ფირფიტებში და ოდნავ მომჟავო, სასიამოვნო არომატს მატებს ნამცხვარს. 

შინაგანი სამყარო :) პ.ს. ზედმეტი მორთვა-მოკაზმვის გარეშე, სახელდახელოდ მომზადებული
შინაგანი სამყარო :) პ.ს. ზედმეტი მორთვა-მოკაზმვის გარეშე, სახელდახელოდ მომზადებული

ფოტოები მაინცდამაინც ხარისხიანი არ გახლავთ (ზოგიერთი სულაც მობილურით გადავიღე), რისთვისაც აქედანვე ბოდიშს გიხდით. ეს ნამცხვრები ძირითადად სხვების თხოვნით მოვამზადე და ფოტოსესიის ჩატარების დრო და საშუალება არ მქონდა.

პოსტის დასაწყისში უკვე მივუთითე ძირითადი რეცეპტის ბმული, რომელიც ცომის მომზადებისთვის გამოგადგებათ, თუმცა, აქაც დავწერ:

  • 3 კვერცხი
  • 1 ჭ შაქარი* (165გ)
  • 3 ს.კ თაფლი
  • 150 გ გამდნარი კარაქი
  • 1.5 ჩ.კ სოდა+ძმარი
  • 2.5 ჭ ფქვილი (400-410გ)

კრემი:

  • 450 გ ნატურალური, ხარისხიანი არაჟანი (აქ, ამერიკაში ვიყენებ all natural sour cream რაც გულისხმობს რომ ცხიმმოუხდელია, low fat ან fat free ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება )
  • 300 გრ მაღალპროცენტიანი, ასათქვეფი ნაღები
  • 100-120 გ შაქარი
  • ვანილინის კრისტალები ან 2 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი (ვანილის ჩხირი თუ გვაქვს მთლად გადასარევი :) )

ასევე ცოტაოდენი ნიგოზი

*ჩემს ყველა რეცეპტში და აქაც, ჭიქა იგულისხმება 240-250 მილილიტრიანი.

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ თაფლი, სოდა, კარაქი და დავდგათ ორთქლის აბაზანაზე. თან ვურიოთ. კარაქი მთლიანად უნდა გადნეს. როცა მასა თეთრ ქაფს მოიკიდებს, გადმოვიღოთ და ხის კოვზით ფქვილი შევურიოთ. ცომს ვაცალოთ გაციება და შემდეგ გამოვაცხოთ.

იმის მიხედვით თუ რა ზომის ნამცხვარი გვსურს, სხვადასხვა რაოდენობის ფირფიტებს ვაცხობ. მაგალითად 19×19 სმ კვადრატული “მედოვიკისთვის” , ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით 9 ფირფიტა გამომივიდა, თუმცა 6-7 ფირფიტითაც ნორმალური სიმაღლის ნამცხვარი გამოდის. შეგვიძლია ფირფიტების ზომა გავზარდოთ და შედარებით დაბალი ნამცხვარი გავაკეთოთ. 22 სმ დიამეტრის მრგავლი ტორტისთვის 6 -7 ფირფიტა გამოდის. შეგიძლიათ მოამზადოთ 4 მაგრამ დიდი ფირფიტები. მოკლედ, იმედია მიხვდით პრინციპს.

მე ცომს გაბრტყელების შემდეგ ვჭრი სასურველ ზომაზე და ისე ვაცხობ.  ცხვება დაახლოებით 180-200 გრადუსზე, ძალიან სწრაფად, 3-4 წუთში. ფირფიტებს თუ მეტისმეტად დავბრაწავთ, გაცივების შემდეგ ხმება, ამიტომ ღია ოქროსფერი სრულიად საკმარისია.

აქვე პატარა რჩევა: გამოსაცხობად ვიყენებ სილიკონის საფენს, სუპერ მოხერხებული და კომფორტულია. ზედვე ვაბრტყელებ ცომს ძალიან თხელ ფენად და ამ საფენით გადამაქვს ტაფაზე, შემდეგ კი ვაცხობ. რადგან 2 საფენი მაქვს საქმე სწრაფად მიდის. ცომის ბოლო მონარჩენებისგან ვაცხობ დასაფხვნელად საჭირო ფირფიტას. ასევე მოვხალავ ცოტაოდენ ნიგოზს (2/3 ჭიქა სრულიად საკმარისია). ფირფიტას და ნიგოზს ერთად ვფქვავ ბლენდერში და ვიყენებ ნამცხვრის გვერდებზე და ზემოდან მოსაყრელად.

სანამ ფირფიტები გაცივდება, ვაკეთებთ კრემს. მიქსერის თასში მოვათავსებთ არაჟანს, შაქარს და ვანილს. ვთქვეფთ რამდენიმე წუთი, შაქარი სანამ გადნება. შემდეგ პირდაპირ ამ თასშივე ვამატებთ ნაღებს და ვაგრძელებთ თქვეფას, სანამ კრემი არ გასქელდება. შეგვიძლია მაშინვე გამოვიყენოთ ან ცოტა ხანს მაცივარში გავაჩეროთ.

კრემი წავუსვათ ფირფიტებს, მოვაყაროთ ნაფხვენები ან მოვრთოთ როგორც საჭიროდ ჩავთვლით.

მაგალითად, ასე
მაგალითად, ასე
ან ასე
ან ასე

ტორტი გავაჩეროთ მაცივარში რამდენიმე საათი ან მინიმუმ 1 ღამე. მეორე დღეს ვიმზადებთ უშაქრო ჩაის ან ყავას, მივირთვმევთ ტორტის თანხლებით და ვტკბებით ცხოვრებით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top