თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > დუკანის მჭადი ყვავილოვანი კომბოსტოსგან

დუკანის მჭადი ყვავილოვანი კომბოსტოსგან

ცოტა ხნის წინს ინტერნეტში ვნახე ვიდეო, “როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოსგან პიცა”, და ვიფიქრე, რადგან დუკანის დიეტას ვიცავ, ბოსტნეულის დღეებში პიცა ხომ არ გამეკეთებინა მეთქი. მერე, ცოტა კიდევ დავფიქრდი და ვიფიქრე, თუ პიცა გამოდის, მჭადი რატომ არ გამოვა მეთქი? ხოდა შევუდექი ჯადოქრობას, დიახ, ჯადოქრობაა აბა რა არის, ყვავილოვანი კომბოსტოსგან მჭადის გამოცხობა რომ დავაპირე.

რასაკვირველია ვიხელმძღვანელე ამ ვიდეო რეცეპტით, თქვენც შეხედეთ. 

ყვავილოვანი კომბოსტო მოვხარშე, დავანაწევრე და დავტოვე გასაგრილებლად. გავფცქვენი და დავჭერი ხახვი. ვეცი ბლენდერს, ნაწილ-ნაწილ ჩავყარე ეს ყველაფერი, მეთქი სწრაფად მივაბლენდერებ. არ მოეწონა ეს ამბავი ჩემს ბლენდერს, გაჯორდა და შევეშვი. ამიტომ ძველ მეგობარ ხორცის გასატარებელ მანქანას მივაკითხე ისევ და მშვენიერი ერთგვაროვანი მასა მივიღე, ყვავილოვანიც და ხახვიც გავატარე.

მიღებულ მასას მოვათავსებთ პატარა თეთრ ტომარაში (სამზარეულო მიზნებისთვის) ან დოლბანდში და რაც შეგვიძლია ვწურავთ ანუ წყალი მაქსიმალურად უნდა გამოვდევნოთ.

კარგად გაწურვის შემდეგ, გადმოვიტანთ თასზე და გემოვნებით შევკმაზავთ, მარილი, ერთი კვერცხი და დუკანის შემთხვევაში 2 სუფრის კოვზი ქატოს ფანტელი.

პარალელურად 200-250 გრადუსზე ვახურებთ ღუმელს, ღუმელის ცხელ ტაფაზე თუ ფირფიტაზე თუ ჟარონზე ვალაგებთ მჭადუკებს და ასე 20 წუთის განმავლობაში ვაცხობთ.

ასევე შევაზავე 0% ხაჭო, მარილი და ხმელი პიტნა და მჭადებს დავადე ზემოდან, შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ხაჭოსთან, ასევე პომიდორთან, კიტრთან და რაც გაგიხარდებათ იმ ინგრედიენტებთან.

ზოგადად, ყვავილოვანი კომბოსტო არ მიყვარს და ეს იმაზე გემრიელი გამოვიდა, ვიდრე ველოდი.

შეგიძლიათ იექსპერიმენტოთ და ხაჭო ამ სამჭადე მასალას შეურიოთ და გააკეთოთ ჭვიშტარი :D

რა დაგჭირდებათ 

1 საშუალო თავი ყვავილოვანი კომბოსტო

1 საშუალო თავი ხახვი

1 კვერცხი

2 ს/კ შვრიის ქატო

მარილი

პიტნიანი ხაჭოსთვის: ხაჭო, პიტნა და მარილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

One thought on “დუკანის მჭადი ყვავილოვანი კომბოსტოსგან

Leave a Reply

Top