თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > მაწვნის სუპი

მაწვნის სუპი

მაწვნის სუპი, სხვადასხვა ვარიაცებით აზიურ ქვეყნებში გამისინჯავს. ეს კერძი გავრცელებულია აზერბაიჯანში, სადაც დოვღას უწოდებენ და ძირითადად, მსუყე, ხორციან კერძებს შორის ერთგვარ შესასვენებელ, გადასახალისებელ კერძად მოიაზრება. დოვღას ზამთარში ცხლად მიირთმევენ, ხოლო ზაფხულში ცივად. ვფიქრობ, დოვღა უფროა ახლოს იმ ვერსიასთან, რაც ჩვენთან არის გავრცელებული. რასაკვირველია, თავისთავად ამოვარდა ისეთი ნაკლებად გავრცელებული ინგრედიენტი, როგორიცაა მუხუდო.

ასევე ვხვდებით თურქეთშიც, სადაც Yayla çorbası (მთის შეჭამანდი, წვნიანი) ჰქვია. სახელით თუ ვიმსჯელებთ, უფრო იმ ადგილებიდან გავრცელდა, სადაც მესაქონლეობას მისდევდნენ და ჰყავდათ ბევრი ძროხა, ცხვარ-კამეჩი, შესაბამისად, რძის პროდუქტებიც.

ირანში ცნობილია Ash-e doogh-ს (აშე დო) სახელით. აქაც, გარდა მწვანილების, ბრინჯისა და კვერცხისა, უმატებენ მუხოდოს და ზოგჯერ, გატარებული ხორცის პაწაწუნა ბურთულებს.

დოზე გამახსენდა, ჩვენში ასევე გავრცელებული იყო დოს შეჭამანდიც.

ქალაქურ ლექსიკონში ვკითხულობთ:

„დომხალი, დოს შეჭამანდი. გაწურულ დოს (წაქს) ჩააჭრიან მწვანილეულს, ურევენ ნარგიზის ფოთოლს. საზამთროდ შენახული გაწურული დო. ყველაზე კარგი დომხალი, ნოყიერი და მკვებავი, ლეკებმა იციან“

დღევანდელი ვერსიის მოსამზადებლად აზერბაიჯანული დოვღას მომზადების წესს მივყევი:

აქვე აღსანიშნავია, რომ უთვალავი ვიდეო და ტექსტური რეცეპტების ნახვის შემდეგ, ალბათ 1-2 შემთხვევა თუ გამახსენდება, სადაც მომზადების პროცესს იწყებენ ზეთში ან კარაქში ხახვის მოშუშვით. ჩემი აზრით, ძველ ხახვს, თანაც მოშუშულს, ძალიან სპეციფიკურ გემოზე მიჰყავს ასეთი ერთგვაროვანი და გასახალისებელი კერძი; გარდა ამისა, ეს ყველაფერი ზემოდან არასასიამოვნოდ ტივტივებს და მასის აჭრის შანსიც იზრდება, თუ ამ ტექნიკას მივყვებით.

რასაკვირველია, არც ეს რეცეპტია ქვაზე ამოტვიფრული და არათუ ქვეყნების და რეგიონების მიხედვით იცვლება, არამედ თითოეული ოჯახის, ადამიანის გემოვნების გათვალისწინებითაც.

 

ინგრედიენტები:

მაწონი – 1 ლ.

არაჟანი – 50 გ

ბრინჯი – 100 გ

მწვანილი (ცოცხალი პიტნა, ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი) – 300 გ

კვერცხი – 1 ც.

მარილი – 2 ჩ/კ

 

მომზადების წესი:

ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი. ჩავყაროთ 100 გ ბრინჯი და დავასხათ დაახლოებით 500 მლ წყალი. დავდგათ მოსახარშად.

პარალელურად, მოვამზადოთ სხვა ინგრედიენტები.

მაწონი ჩავასხათ დიდ ჯამში და ხელის სათქვეფით ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დავამატოთ არაჟანი და გავაგრძელოთ თქვეფა. ამ ცივ მასას მონდომებით შევათქვიფოთ ერთი კვერცხი.

გავრეცხოთ ახალი მწვანილეული: პიტნა, ოხრახუში, ქინძი, მწვანე ხახვი, რაც მეტი მით უკეთესი. კამაც შეგიძლიათ, ნიორიც (თუ გიყვართ).  მწვანილებში თავი არ შეიზღუდოთ.

გარეცხილი მწვანილეული დაჭრამდე თუშფალანგზე ან თეფშზე დადეთ რომ დაიწუროს.

ამასობაში, ჩვენი ბრინჯიც მოიხარშებოდა (დაახლოებით 30-40 წუთი), გადმოვდგათ ცეცხლიდან და ოთახის ტემპერატურაზე მოვიყვანოთ.

შეგრილებული ბრინჯი და ბრინჯის წყალიც უკვე შეგვიძლია ნელ-ნელა შევურიოთ მაწვნის მასას და თან სათქვეფით ვურიოთ. აქვე დავამატოთ მარილიც, მოვურიოთ და ჩავასხათ ქვაბში.  ქვაბს ცეცხლი შევუნთოთ და შიგადაშიგ ვურიოთ.

ოდნავ რომ წამოდუღდება, გასინჯეთ, თუ თქვენთვის ზედმეტად მჟავეა, დაახლოებით 100-200 მლ წყალი დააუმატეთ.

ბოლოს, ძალიან წვრილად დავჭრათ მწვანილეული, წვნიანს მოვაყაროთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ.

წვნიანის ეს მოცულობა დაახლოებით 5-6 ადამიანზე გათვლილი.

 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top