თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Desserts > მარწყვის ტორტი „თამარისი“

მარწყვის ტორტი „თამარისი“

ჩემი პირველი მარწყვის ტორტი კარანტინში გამოცხვა. დიდი გამოცდილება არ მქონია, ამიტომ სხვადასხვა, უკვე ნაცადი რეცეპტების ნაწილები გამოვიყენე, პატარ-პატარა ცვლილებებით.

მაისი მარწყვების და ვარდების თვეა – დრო, როდესაც მარწყვი ბევრია, უგემრიელესია და ფასიც ხელმისაწვდომია.

სანამ ჩვენი ბაღჩის მარწყვი წამოგვეწეოდა, მანამდე მარწყვი სოფელ თამარისიდან მოიტანეს, ამიტომ ამ ახალგამოჩეკილ მარწყვის ტორტსაც ასე დავარქვი, თან ერთი სეხნია ტორტიც ხომ მინდოდა?

ინგრედიენტები და მომზადების წესი: 

მარწყვის ტორტის კრემი

  1. რძე – 1 ლ
  2. სიმინდის სახამებელი  – 7 ს/კ (ან ფქვილი 4-5 ს/კ)
  3.  შაქარი – 8 ს/კ
  4. არაჟანი – 200 გ
  5. ვანილი  – 1 პაკეტი
  6. ჟელატინი – 15 გრამი
  7. მარწყვი – 600-700 გ

ერთ ლიტრ რძეს შევათქვიფოთ სიმინდის სახამებელი ან ფქვილი, ვანილი, შაქარი და ჟელატინი. შემოვდგათ ცეცხლზე და ნელ-ნელა ვურიოთ კარგად შესქელებამდე.

გაგრილების მიზნით, კრემი ცალკე ჯამში გადავიტანოთ და როდესაც შეგრილდება, ნელ-ნელა დაახლოებით 200 გ არაჟანი დავამატოთ. სასურველია რომ არაჟანი ნელ-ნელა შევათქვიფოთ გემოვნების მიხედვით (ზედმეტად ტკბილი ან ზედმეტად არაჟნის გემოზე რომ არ წავიდეს).

დასანამი ნაყენი:  

  1. მარწყვის სიროფი –  1/სკ
  2. ვარდის ალკოჰოლური ნაყენი – 1 ჩ/კ
  3. ლიმონის წვენი – ნახ ჩ/კ

შოკოლადის ბაზისი:

  1. ფქვილი – 350 გ
  2. კვერცხი – 6 ც
  3. მაწონი – 250 მლ
  4. არაჟანი – 100 გ
  5. კარაქი – 250 გ
  6. კაკაო – 100 გ
  7. ზეთი (ზეითუნის) – 100 მლ
  8. ვანილი – 1 პაკეტი
  9. გამაფხვიერებელი – 1 პაკეტი (10 გრ)
  10.  სოდა 1 ჩ/კ + ძმარი 1 ს/კ
  11. ვარდის ნაყენი (ალკოჰოლური) (თუ გაქვთ) – 20 მლ

 

ამ მასალიდან გამოდის ორი ცალი 28 სმ დიამეტრის ფენა. 

 

მომზადების წესი:

ოთახის ტემპერატურაზე შემთბარი კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავამატოთ კვერცხი და გავაგრძელოთ თქვეფა.

მიღებულ მასას დავამატოთ მაწონი, არაჟანი და კარგად შერევის შემდეგ, ზეითუნის ზეთი და ვარდის ნაყენი.

ამის შემდეგ, მიქსერის დაბალ სიჩქარეზე დავიწყოთ მშრალი ინგრედიენტების შერევა – ფქვილი, ვანილი, გამაფხვიერებელი, სოდა/ძმარი და კაკაო. თითოეულ ინგრედიენტს ვამატებთ, კარგად შერევის შემდეგ.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე, ავიღოთ 28 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა და ჯერ ერთი ნაწილი გამოვაცხოთ, შემდეგ მეორე. 20-25 წუთით (ღუმელის შესაძლებლობების მიხედვით).

რაც შეეხება ფორმას, შეგიძლიათ მთელი ღუმელის ზომის ოთხკუთხედი ფორმა გამოიყენოთ, შემდეგ უბრალოდ ორად გაჭრათ და ერთმანეთს დაადოთ.

გამომცხვარი ფენები ცხაურზე დადეთ რომ კარგად გაგრილდეს და არ ჩახურდეს.

დასანამად წინა დღით დაშაქრული მარწყვის წვენი და ვარდის ალკოჰოლური ნაყენი შევურიე, შეგრილებული ფენები ჯერ ჩანგლით დავჩხვლიტე და შემდეგ ფუნჯით წავუსვი წვენის და ნაყენის მიქსი.

ამის შემდეგ, კრემი სქლად წავუსვი პირველ ფენას და მაცივარში 5 წუთიანი დაყოვნების შემდეგ ზემოდან დავალაგე ნახევარ-ნახევრად დაჭრილი მარწყვი. ზემოდან მეორე ფენა დავადე, კრემი ისევ სქლად წავუსვი, ისევ დავაყოვნე მაცივარში და შემდეგ მთლიანად დავფარე მარწყვით და გავაფორმე ქორფა პიტნით.

რადგან მარწყვი სულ ოდნავ მჟავე იყო, მოვადუღე მარწყვის სიროფი, შევურიე ჟელატინი და შეგრილების (ჟელატინად გადაქცევამდე) შემდეგ, ჩაის კოვზით, სათითაოდ წავუსვი მარწყვებს. შედეგად, მარწყვს სიტკბო მოემატა, ასევე, სიპრიალე და ფერიც ბოლომდე შეინარჩუნა.

ტორტი გამოვიდა საკმაოდ მსუყე, გემრიელი და რაც მთავარია, არომატების ბუკეტით – მარწყვის, ვარდის, ლიმონის და შოკოლადის.

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top