მარწყვის ნამცხვარი ლიმონიანი კრემით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > მარწყვის ნამცხვარი ლიმონიანი კრემით

მარწყვის ნამცხვარი ლიმონიანი კრემით

თავიდან სულ სხვა რამის გაკეთებას ვგეგმავდი. ნუშიან ფხვიერი ცომის ბისკვიტზე მარწყვის ჟელე და ლიმონის კრემი შიბუ (creme chiboust) უნდა ყოფილიყო. მერე, ცოტა არ იყოს დამეზარა :( ვიფიქრე რომ ეს ბევრ დროს წამართმევდა და რამე უფრო სწრაფი და მარტივი გადავწყვიტე. მაგრამ ლიმონი და მარწვი აუცილებლად უნდა ყოფილიყო.  საბოლოოდ ეს გამოვიდა. ძალიან მოგვეწონა ყველას და ბლოგზეც ამიტომ გამოვამზეურე :)  ერთი პრობლემა შემექმნა: ტორტის გვერდებმოსახსნელი ერთი ფორმა გამიფუჭდა,ამიტომ სხვა, უფრო დიდი გამოვიყენე. არა და პატარა უკეთესი იქნებოდა, ნამცხვარს სიმაღლე უფრო მოუხდებოდა.  ხვალ ვაპირებ გავიარო ახლო-მახლოს, იქნებ განვაახლო ჩემი საცხობი ფორმები.

marwyvi strawberry cake cream ტარტი ტორტი მარწყვი ნამცხვარი ლიმონი

ბისკვიტი:

2 კვერცხი

50 გ შაქარი

2 ჩ.კ ლიმონის წვენი

1/2 ჩ.კ ლიმონის ცედრა

1 ს.კ. (არასავსე) ზეთი

50 გ ფქვილი

1/2 ჩ. კ. გამაფხვიერებელი ან 1/4 ჩ.კ. სოდა

კრემი:

500 მლ ნაღები (32-38%)

1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა,

4 სავსე სადილის კოვზი შაქარი,

20 მლ ლომონის წვენი

300-350 გ მარწყვი

კრემში ნაღების ჩანაცვლება შეიძლება გემრიელი, ახალი არაჟნითაც, თუმცა, რადგან არაჟანი არ აითქვიფება ,  ცოტა ჟელატინის (დაახლ.2- 4 გრ. ) დამატება მოგიწევთ კრემის სიმყარისთვის. შესაძლოა ჩემი მითიტებული ჟელატინის დოზა არ აღმოჩნდეს საკმარისი, რადგან ყველა ფირმის ჟელატინი არ არის ერთნაირად ძლიერი. პირადად მე მომწონს dr. oetker-ის ფირმის. თუ ჟელატინთან ვერ მეგობრობთ, მაშინ ნაღების ფხვნილი შეათქვიფეთ. ეს კრემს მისცემს მდგრადობას.  რა თქმა უნდა, ნაღების და არაჟნის გემოები განსხვავდება, მაგრამ მე მომისინჯავს იგივე კრემი არაჟნით და ნამდვილად ძალიან გემრიელია.

კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. მე, თუ წინასწარ გამოღება დამავიწყდა, თბილ წყალში ვალაგებ ცოტა ხნით :)

გააცალკევეთ გული და ცილა. გულს დაასხით ზეთი და ლიმონის წვენი. ეს მეთოდი ნინო ფანჯაკიძის რეცეპტში ამოვიკითხე და ამ ბისკვიტის ცხობისას გამოვიყენე.  ცილა +მწიკვი მარილი ათქვიფეთ კარგად, შეურიეთ შაქარი და განაგრძეთ თქვეფა. შემდეგ ჩაამატეთ გულები, ასევე, ლიმონის ცედრა.

ბოლოს დააცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი. ამოურიეთ მიქსერის გარშე, დელიკატურად, ქვემოდან ზემოთ მოძრაობებით.

24 სმ დიამეტრიანი ფორმა იდეალური იქნებოდა ამ ბისკვიტისთვის, მაგრამ მე 26 სმ-იანი მაქვს. ქაღალდჩაფენილ,ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით ცომი და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხეთ. ჩემს ღუმელში დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა.

სანამ ბისკვიტი გაცივდება, კრემი მოამზადეთ. ცედრა,ლიმონის წვენი და შაქარი ერთად აურიეთ და შაქარი რომ უკეთ გადნეს, შეათბეთ. ნაღები ათქვიფეთ მყარი კრემის კონსისტენციამდე, შეურიეთ ლიმონის მასა, კარგად აურიეთ და მაცივარში შეაბრუნეთ.

ბისკვიტი ჩადეთ გვერდებმოსახსნელ ფორმაში, მსუბუქად,ფუნჯით დანამეთ თქვენთვის სასურველი ნარევით. მე გამოვიყენე ჩემივე მომზადებული ციტრუსის ლიქიორისა და მწვანე ჩაის ნარევი.

თანაბარი ზომის მაწყვები შეარჩიეთ და შუაზე გაჭერით, შემოალაგეთ ბისკვიტის გარშემო. ბისკვიტს გადაუსვით კრემის თხელი ფენა, მოაფინეთ დანარჩენი მარწყვი, დაჭრილი, შემდეგ ისევ კრემი და შედგით მაცივარში, კარგად რომ გაცივდეს.

თუ კრემს არაჟნით მოამზადებთ, ცივ წყალში დამბალი ჟელატინი ციტრუსის  შემთბარ მასაში გაადნეთ და ისე გადაურიეთ არაჟანს. დანარჩენი ისე, როგორც ზემოთ აღვწერე.

ზემოდან გააფორმეთ მარწყვით, გახეხილი შოკოლადით,პიტნის ფოთლებით.

ეს მეორე დღეს გადავიღე, მარწყვები ცოტა შელახულია :( მაგრამ თვითონ ნამცხვრის გემო უკეთესი, უფრო არომატული იყო. კრემსაც კარგად ეჭირა თავი :) კრემზე თითის კვალი არ შეიმჩნიოთ :( ჩემი 1 წლის ელენე ცდილობდა ფოტო-სესიის ჩაშლას :) არა და ბოლო ნაჭერი იყო…

ნამცხვარი ლიმონით და მარწყვით strawberry cake

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top