თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > მარწყვისა და შოკოლადის რულეტი

მარწყვისა და შოკოლადის რულეტი

მაისი მარწყვის დესერტების თვეა, შოკოლადი კი მარწყვს ყველაზე მეტად უხდება. სწორედ ამიტომ უგემრიელესი მარწყვის რულეტი უნდა შემოგთავაზოთ.  ყველაფერი იმით დაიწყო რომ ერთი ნაცნობისთვის ტორტი ტირამისუ მოვამზადე. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ტირამისუს კრემის ის ვერსია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვამზადებ – უგემრიელესია, სრულიად ფანტასტიური! მისი რეცეპტის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ. სწორედ ტირამისუს კრემი დამრჩა და გადავწყვიტე მისი სხვა დესერტში გამოყენება. მაგრამ თუ თქვენ ამდენი არც დრო გაქვთ და არც ხალისი, ქვემოთ უფრო მარტივად მოსამზადებელ კრემს გთავაზობთ.

marwyvis ruleti

  • 2 კვერცხი
  • 70 გ შაქარი
  • 50 გ ფქვილი
  • 15 გ კაკაო (2 ძალიან სავსე ჩაის კოვზი)
  • 1/3 ჩ.კ. სოდა
  • მწიკვი მარილი

კრემი:

  • 150 მლ ნაღები
  • 100-150 გ მასკარპონე ან სხვა კრემ-ყველი
  • შაქრის პუდრა
  • ვანლი
  • მარწყვი

ასევე:

  • 60 გ შოკოლადი +3-4 ს.კ ცხელი წყალი

კვერცხები და შაქარი მიქსერით კარგად ავთქვიფოთ: მოცულობაში უნდა გასამმაგდეს, გათეთრდეს და მსუბუქი მუსივით გახდეს. დავამატოთ სოდა, მარილი და დავაცრათ ფქვილი კაკაოსთან ერთად. მიქსერის გარეშე ავურიოთ და დავასხათ ქაღალდდაფენილ ფორმაში (ზომა 34×24-ზე). ცხვება 180 გრადუსზე დაახლოებით 5  წუთი.

გამომცხვარი ბისკვიტი გადავიღოთ სუფთა პირსახოცზე, ავაძროთ ქაღალდი და ამ ქაღალდისავე დახმარებით რულეტივით გადავახვიოთ. ასე გავაციოთ ქაღალდიანად.

შევურიოთ ერთმანეთს ნაღები და კრემ-ყველი, დავამატოთ შაქარი გემოვნებით (1-2 ს.კ), ავთქვიფოთ სანამ არ გასქელდება კრემის კონსისტენციამდე. მარწყვი დავჭრათ.  რულეტი გავშალოთ, გადავუსვათ კრემი, დავალაგოთ მარწყვი და გადავახვიოთ.

jfhfroll

გავაჩეროთ მაცივარში რამდენიმე საათი, უმჯობესია ცელოფანი გადავაფაროთ რომ რბილი დარჩეს. სერვირებამდე ცოტა ხნით ადრე, შოკოლადს დავასხათ ცხელი ან მდუღარე წყალი და გავადნოთ ხშირი მორევით. მიღებული პრიალა, ერთგვაროვანი მასა მოვასხათ რულეტს და გავაფორმოთ მარწყვით.

marwkvi shokoladi

გემრიელად მიირთვით და ამდენს ნუ ფიქრობთ კალორიებზე ;)

df

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top