თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ეს საინტერესოა > ცოტა რამ მარწყვზე

ცოტა რამ მარწყვზე

მარწყვი ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. სინამდვილეში, ამ მცენარის ნაყოფი მარწყვი კი არა, მასზე განლაგებული წვრილი მოყავისფრო მარცვლებია. გემრიელი წითელი რბილობი კი მხოლოდ და მხოლოდ გაფართოებულ ყვავილსაჯდომს წარმოადგენს. მარწყვს უძველესი ხანიდან აფასებდნენ, თუმცა საკვებად მხოლოდ ველურ ჯიშებს, ტყის მარწყვს იყენებდნენ. მისი, როგორც კულტურის მოშენება რენესანსის ხანიდან დაიწყეს და თანდათან ახალი ჯიშებიც გამოიყვანეს. მსოფლიოში მარწყვის უამრავი სახეობა არსებობს, საქართველოში  კი იზრდება მისი სამი სახეობა: ტყის მარწყვი (Fragaria vesca), მწვანე მარწყვი  (Fragaria viridis) და მუშკის მარწყვი (Fragaria moschata). კულტურაში მოჰყავთ “ბაღის მარწყვი”, იგივე ხენდრო. მისი ველური ფორმები აღმოჩენილი არაა.

ეს გემრიელი და არომატული ხილი იდეალურია მათთვის, ვინც ფორმის შენარჩუნებაზე ზრუნავს. 100 გრ მარწყვში მხოლოდ 35 კკალორიაა, ამასთან იგი მინერალებისა და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. 150 გრამიანი ულუფა მოზრდილი ადამიანისთვის საკმარის ც ვიტამინის, რკინის, კალციუმის და მაგნეზიუმის დღიურ ნორმას შეიცავს. გარდა ამისა, იგი ფოლის მჟავის, იგივე ბ9 ვიტამინის წყაროა და განსაკუთრებით ორსულებისთვისაა რეკომენდირებული.
მარწყვი მალფუჭებადი და სათუთი ხილია, დიდხანს არ ინახება, ამიტომ მისი  ყიდვისას, გაითვალისწინეთ, რომ ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, პრიალა, ხასხასა წითელი ფერის. სასურველია უშუალოდ მოხმარების წინ გარეცხოთ, თანაც სწრაფად, გამდინარე  წყალში რადგან სინოტივეს ცუდად იტანს, წყლით იჟღინთება და სასარგებლო თვისებების ნაწილსაც კარგავს.  თუ თქვენს ეზოში მარწყვი ხარობს, გეცოდინებათ, რომ მისი მოკრეფა სასურველია ადრე  დილით, სანამ მზე ნაყოფს გაათბობს.
მარწყვით უამრავი გემრიელი დესერტის მომზადება შეიძლება: ნაყინი, ნამცხვარი, ტორტი, კრემი, ხილის სალათები , მურაბები, მარმელადები, ჟელე, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები,  კოქტეილები.. . მათ ნაწილს აქაც აღმოაჩენთ . მარწყვი გაყინვას ცუდად იტანს და გალღვობისას მისი სტრუქტურა იცვლება, ასეთი ხილით მხოლოდ წვენს ან პიურეს თუ მოამზადებთ, რომელსაც შემდეგ სხვა დესერტის დასამზადებლად გამოიყენებთ (მუსის, ნაყინის)
ტყის მარწყვის ნაყოფი უფრო მცირე ზომისაა და უფრო არომატულიც. იგი  გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებში, მდელოებში, მშრალ ბალახოვან ფერდობებზე და ბუჩქნარებში.
ნედლეულად იყენებენ ნაყოფს, ფოთლებს და ფესვებს. ნაყოფს აგროვებენ სრული სიმწიფის დროს. ფოთლებს კრეფენ ყუნწების გარეშე ყვავილებისა და ნაყოფის დამწიფების პერიოდში. ფესვებს აგროვებენ შემოდგომით, აცილებენ წვრილ ფესვებს და აშრობენ.უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ ადამიანში მარწყვმა შეიძლება გამოიწვიოს ჭინჭრის ციების მსგავსი ალერგიული გამონაყარი.

ტყის მარწყვის ხილი ნაყოფი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის, კუჭის წყლულის, გასტრიტების,  გაუვალობის, ანემიის, ნიკრისის ქარის და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ცნობილმა ბოტანიკოსმა კარლ ლინეიმ თავი ნიკრისის ქარისაგან განიკურნა ტყის მარწყვის ნაყოფით.
სამკურნალოდ არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მწვანე მარწყვი (Fragaria viridis Duch), რომელიც ამავე რაიონებში ხარობს, რომელშიც იზრდება ტყის მარწყვი, მაგრამ გვხვდება უფრო გაშლილ, სწორ, ბალახოვან ფერდობებზე. მისი ნაყოფი ბურთისებრია, მოყვითალო-თეთრი, წითლდება მხოლოდ წვერში და ძნელად სცილდება ყვავილსაჯდომს.

კომენტარები

კომენტარი

2 thoughts on “ცოტა რამ მარწყვზე

    1. არაფრის მარი :)) პირიქით, მადლობა რომ მოგწონს რატატუი ;)

Leave a Reply

Top