თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > ლობიო ყველას მჯობიო

ლობიო ყველას მჯობიო

სამზარეულოში ჯერ ისევ ქონდარის სურნელი ტრიალებდა, როდესაც ამ პოსტის წერა დავიწყე. ალბათ ვიღაც იკითხავს, რა საჭიროა ასეთი მარტივი კერძისთვის რეცეპტი, მაგრამ რატომაც არა, იყოს, იქნებ ვინმეს გამოადგეს. ლობიოს წვნიანი პირადად ჩემთვის ის კერძია, რომლის გასახსენებლად და შემდეგ გასაკეთებლად მარხვის დაწყება არ არის საკვანძო პრიორიტეტი. აბა ასე განსაჯეთ, სჭირდება კახელს მარხვა იმისთვის რომ ლობიო მოხარშოს? მერწმუნეთ რომ არა :)

ყველაზე დიდი ინსპირაცია და სტიმული მაშინ მოდის, როდესაც ბაბო კახეთიდან გვიგზავნის თონეში ჩაბრუნებულ პურს და მწვანე პომიდორის მწნილს. ისღა დამრჩენია ხოლმე რომ ქოთანი ცეცხლზე შემოვდგა და ლობიო ავათუხთუხო.

ლობიო დიდი ხანი იხარშება, რამდენიმე საათი, მოასწრებთ სხვა ინგრედიენტების მომზადებას, ყავის დალევას, წიგნის კითხვას, სუფრის გაწყობას, ლობიო კი ისევ თუხთუხებს და თუხთუხებს. უფრო მეტიც, როცა ვიფიქრე რომ აი უკვე მოიხარშა, იმის მერე მამაჩემის დაჟინებული თხოვნით (ვიკამათეთ ამაზე) კიდევ ერთი საათი ითუხთუხა.  ამ ერთ საათშიც კიდევ ბევრი ფიქრი მოვასწარი, ლობიოზე არა ოღონდ. :)

როგორც იქნა მოიხარშა და შეკმაზვის და ფოტოგადაღების საინტერესო პროცესიც დავიწყე.

მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მოვყვეთ ფოტოებს.

მრგვლად დაჭრილი ხახვი მოვდაღოთ თიხის ქოთანში
მრგვლად დაჭრილი ხახვი მოვდაღოთ თიხის ქოთანში
ხახვის მოდაღვის შემდეგ,  ქოთანში ჩააწყეთ წინასწარ დამტვრეული თონეში ჩაბრუნებული პური. ვისაც არ გყავთ ბაბო რომელიც თონეში ჩაბრუნებულ პურს გამოგიგზავნით, შეგიძლიათ იყიდოთ შოთის პურები და გაახმოთ ღუმელში.  :)
ხახვის მოდაღვის შემდეგ, ქოთანში ჩააწყეთ წინასწარ დამტვრეული, თონეში ჩაბრუნებული პური. ვისაც არ გყავთ ბაბო რომელიც თონეში ჩაბრუნებულ პურს გამოგიგზავნით, შეგიძლიათ იყიდოთ შოთის პურები და გაახმოთ ღუმელში. :)
შემდეგ მოვაყაროთ თამამი ოდენობის დაჭრილი ქინძი
შემდეგ მოვაყაროთ თამამი ოდენობის დაჭრილი ქინძი
და ნელ-ნელა დავასხათ წინასწარ ქონდარით, შაშკვლავით, პილპილით და მარილით შეკმაზული ლობიო.
და ნელ-ნელა დავასხათ წინასწარ ქონდარით, შაშკვლავით, პილპილით და მარილით შეკმაზული ლობიო.
გაამოთ
გ ა ა მ ო თ

რა დამჭირდა: 

ლობიო – 1 კგ

ხახვი – 4-5 დიდი თავი

თონეში ჩაბრუნებული პური – 1 მთლიანი

მზესუმზირის (ან ზეთისხილის) ზეთი – 5-6 სუფრის კოვზი

ხმელი შაშკვლავი – 1 ჩ/კ

ქონდარი – 1 კონა (შეიძლება ხმელიც  1 ჩკ)

ქინძი – 1 კონა

ხმელი წითელი წიწაკა – 1 ცალი

მარილი/შავი პილპილი გემოვნებით

 

მთავარი არ დაგავიწყდეთ - მწნილი და რა თქმა უნდა წითელი ღვინო
მთავარი არ დაგავიწყდეთ – მწნილი და რა თქმა უნდა წითელი ღვინო

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://eatandtour.com

12 thoughts on “ლობიო ყველას მჯობიო

  1. რა საინტერესოა :) მეც არასდროს გამეგო ასეთი მეთოდით მომზადებული ლობიო, ანუ პურებჩაწყობილი :)

    1. კი ეს ტრადიციაა ფაქტობრივად, იგივე შეგიძლია გაიმეორო ჩვეულებრივ უბრალო სუპზეც, არაჩვეულებრივია და მოხარშულ ჭინჭართან ერთად ხომ საერთოდ ცხონებაა :D

  2. რა გინდოდა? რას მერჩოდი? მინესტრონითაც ბედნიერად ვგრძნობდი თავს!

  3. რა გემრიელადაა აღწერილი და დასურათებული,მომინდა

Leave a Reply

Top