ლობიანი მარტივად |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ლობიანი მარტივად

ლობიანი მარტივად

lobio

მგონი, ამ ბლოგზე ჩემს ყველა რეცეპტს ბოლოში მოყვება სიტყვა “მარტივად”, განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ, როდესაც ბევრი დრო არ მაქვს ხოლმე, მირჩევნია მომზადების სწრაფი და მარტივი გზები ვიპოვო.

ამიტომ, შემოდგით ლობიო მოსახარშად და უახლოესი თონისკენ გაემართეთ ცომის ამოსატანად. ცომი ამოიღეთ ცელოფნის პარკიდან და გადაიტანეთ თასში, ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ, ჩაის ტილო გადააფარეთ და დაასვენეთ. აბა, თონიდან რომ მოარბენინებდით, რა გეგონათ? :)

ლობიო დიდხანს იხარშება, პარალელურად შეგიძლიათ დალიოთ ყავა, ამოხსნათ განტოლებები, აღმოაჩინოთ ახალი პლანეტა, მოქსოვოთ წინდა და აგირჩიონ პრეზიდენტად.

აჰა, ლობიოც მოიხარშა. გადაწურეთ. გააგრილეთ.

სანამ ლობიო გრილდება, თასში მოთავსებული ცომისგან, ფერებ-ფერებით პატარა გუნდებს გააკეთებთ და ხის დაფაზე დაამწკრივებთ.

ლობიო გაგრილდა. დასრისეთ. შეკმაზეთ გემოვნებით, მარილით, პილპილით, ხმელი ქინძით და ქონდარით. გაატარეთ და გასინჯეთ, კიდევ რამის დამატებას ხომ არ ითხოვს, თქვენი პირის გემოს მიხედვით.

ხის დაფაზე დამწკრივებულ ცომის გუნდებს რიგ-რიგობით ვაბრტყელებთ და ლობიოთი ვავსებთ, ისევ ვაბრტყელებთ ოდნავ და გადავდებთ გვერდით, წინასწარ შეფქვილულ დაფაზე ან წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.

ღუმელს ვაგიზგიზებთ 200-250 გრადუსზე და ვაცხობთ 20-25 წუთი, თან პერიოდულად ვაკვირდებით, არ დაგვეხრუკოს.

რა გვჭირდება 

1 კგ ცომი უახლოესი თონედან

400-500 გრ ლობიო

ხმელი ქინძი

ხმელი ქონდარი

მარილი, პილპილი

შეგიძლიათ წინასწარ მოშუშული ორი თავი ხახვიც შეურიოთ ლობიოს მასას.

ლობიო შეგიძლიათ წვრილ საცერზე გაწუროთ 

შეგიძლიათ მოამზადოთ ამ ზომის ან უფრო პატარა ლობიანები

აი, ასეთ ბუხუნხულები გამოვიდა <3

ზედაპირის შერბილებისთვის და სილაპლაპისთვის შეგიძლიათ ოდნავ მოუსვათ კარაქი.

გაამოთ! :)

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top