თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ლიმონის ტარტი

ლიმონის ტარტი

გასულ ზაფხულს ნათია მინაშვილმა არაჩვეულებრივი წიგნი მაჩუქა ‘100 საუკეთესო დესერტი” .  მადისაღმძვრელი დესერტები საოცარი ფოტოებით – ყველაფრის მომზადება და დაგემოვნება რომ მოგინდება.  ლიმონის ტარტიც ერთ-ერთი მათგანია – არომატული და გემრიელი.

დიდი მადლობა ნათიას კიდევ ერთხელ და არა მხოლოდ ამისთვის :)

_DSC0023

ფხვიერი ცომისთვის:

250 გ ფქვილი

125 გ კარაქი

1 კვერცხის გული

80 გ შაქარი

30 გ დაფქული ნუში

ვანილი

მარილი

 

ლიმონის კრემისთვის :

2 ლიმონი

100 გ შაქარი

3 კვერცხის გული

1 ს.კ. სიმინდის სახამებელი

50 გ კარაქი

 

ბეზესთვის

3 კვერცხის ცილა

150 გ შაქარი

 

 

მოვამზადოთ ფხვიერი ცომი: შევურიოთ ფქვილი, ნუში, შაქარი და მარილი. დავამატოთ დარბილებული კარაქი და კვერცხის გული. კარგად ავსრისოთ ხელით. მიღებული ფხვიერი მასა მოვაგუნდავოთ და მაცივარში შევინახოთ 30 წუთით.

გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. ცომი გავაბრტყელოთ და ამოვაფინოთ 24 სმ დიამეტრის ფორმაში.დავაფინოთ ქაღალდი ან ფოლგა, დავაყაროთ რაიმე მარცვლეული და შევდოთ ღუმელში 15-20  წუთით.

*მარცვლეულის დაყრა ცომზე საჭიროა იმისთვის, რომ გაცხელებისას ცომმა ფორმა არ დაკარგოს და არ ამოფუვდეს. მარცვლეულის სიმძიმე ხელს უშლის ცომის ამოფუებას. შესაძლებელია ნებისმიერი მარცვლეულის გამოყენება, იქნება ეს ოსპი, ლობიო, ბრინჯი, მშრალი ბარდა და ა.შ.  ცომიდან აღების შემდეგ მარცვლეული შეგიძლიათ ჩვეულებრივად გამოიყენოთ კერძებში.

_DSC0021

პარალელურად, ქვაბში ჩავასხათ 2 ლიმონის წვენი და ამ ლიმონებისავე ცედრა, შაქარი, კვერცხის გულები და სიმინდის სახამებელი. ძალიან დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ მუდმივი მორევით. შესქელებისთანავე გადმოვდგათ და შევურიოთ კარაქი.

კრემი დავასხათ სანახევროდ გამომცხვარ ცომში და შევაბრუნოთ ღუმელში 10-15 წუთით.

ავთქვიფოთ ცილა ბეზეს კონსისტენციამდე, ნელნელა შევურიოთ შაქარიც. უნდა მივიღოთ მბრწყინავი, მკვრივი, პრიალა ბეზე.  საკონდიტრო ტომრით გადავიტანოთ ბეზე ტარტზე,ზედაპირი მოვუბრაწოთ სპეც.ხელსაწყოთი (გაზის მინი ბალონია, რომელსაც საკონდიტროებში იყენებენ კარამელიზაციისთვის)

ან რამდენიმე წუთით გახურებული გრილის ქვეშ შევდგათ.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top