თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასმელი (ალკოჰოლური/უალკოჰოლო) > ლიმონჩელო

ლიმონჩელო

საოცარი ქვეყანაა იტალია და საოცარია მისი სამზარეულოც.  ყველაფერი ასეთი მარტივი და გენიალური. სავსე ფერებით, არომატებით, მზით <3 .

ალკოჰოლს თითქმის არასოდეს ვსვამ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ლიმონჩელოს გაკეთება.  უფრო იმიტომ რომ ბევრი ლიმონი ვიყიდე, საღი, წვნიანი, სურნელოვანი :) ლიმონათებს ვაკეთებ და ქერქები ლიმონჩელოსთვის გადავინახე.  სხვათაშორის, ძალიან ადვილი გასაკეთებელია, ცოტა ხანგრძლივია, თორემ არავითარ ძალისხმევას არ მოითხოვს.

რეცეპტები, რაღაც დეტალების გარდა, თითქმის იდენტურია. ძირითადი განსხვავება, რაც შეიძლება შეგხვდეთ ეს სპირტიანი ნაყენის დაყენების ხანგრძლივობაა და 1 კვირიდან 3-4 კვირამდე მერყეობს.  4 კვირა მეტისმეტად ბევრი მომეჩვენა და გადავწყვიტე დამეჯერებინა სილვიასთვის, იტალიელი მზარეულისთვის, რომელიც ირწმუნებოდა, რომ 5 დღე აბსოლუტურად საკმარისი იყო ლიმონჩელოსთვის და  ”რაც მეტხანს, მით უკეთესი”- პრინციპი აქ არ მუშაობდა.

limoncello

სპირტი 95%  – 500 მლ

ლიმონი  – 5

შაქარი  – 250 გ

წყალი  – 750 მლ (მე ცოტა მეტი დავასხი)

 

ლიმონს ბოსტნეულის სათლელით ავათალე ყვითელი კანი. ასე უფრო თხლად ითლება და თეთრი ფენა, რომელიც მწარეა, თითქმის არ ჰყვება ცედრას.  გათლამდე რომ კარგად  გავრეცხე და გავამშრალე, ამას ისედაც მიხვდებოდით :)

შემდეგ მინის ქილაში ჩავყარე და სპირტი დავასხი. კარადაში შევინახე და მივივიწყე 1 კვირით.  თუმცა დღეში ერთხელ ქილას კარგად ვანჯღრევდი, სილვიას სწორედ ასე ეწერა, მეც მის რეცეპტს და რჩევებს მივყევი.

ბოლოს და ბოლოს, 1 კვირა რომ მიილია, სპირტიანი ნაყენი გადავწურე და შაქრის სიროფი შევურიე, რომელიც წინასწარ მოვამზადე და გავაციე.  წყალი და შაქარი გავაცხელე, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნა, თუმცა არ ამიდუღებია (ესეც სილვიას რჩევით, არამც და არამც არ აადუღოთო!)  მინის ლამაზ ბოთლში გადავწურე და კარადაში შევინახე.

ლიმონჩელო დალევამდე მაცივარში კარგად უნდა გავაციოთ, ასე ბევრად გემრიელი და სასიამოვნო დასალევია.  თქმაც აღარ უნდა, რომ რაც უფრო კარგ ლიმონს გამოვიყენებთ, უფრო ხარისხიანი იქნება ჩვენი ლიმონჩელოც.

სხვათაშორის, ერთი კარგი რეცეპტი კიდევ მაქვს, შოკოლადის ლიქიორის, მასაც აუცილებლად გაგიზიარებთ ;)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top