თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > მკითხველთა პოსტები > კომბოსტოს წკაპოსეული მწნილი

კომბოსტოს წკაპოსეული მწნილი

ეს რეცეპტი და მთლიანად პოსტი ვასილ კეკელიას (იგივე წკაპოს) მოვპარე უნებართვოდ, ისე მომეწონა.
ამაზე უკეთ და გრძნობით აბა მე ვერ დავწერდი :))

ქართულმა სამზარეულომ და აქედან გამომდინარე ქართულმა ხახამ კობოსტოს მწნილის ორი ნაირსახეობა იცის:
1)
.. წითელი კობოსტოს მწნილი, რომლისათვისაც კომბოსტოს წითელი მწნილის დაძახება უფრო მართებული იქნებოდა (თუ რატომ ამას ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ);
2)
დაკუწული კომბოსტოს მწნილი.
წითელი კომბოსტოს მწნილს არაფერი საერთო არ აქვს წითელ კომბოსტოსთან გარდა ფერისა. იგი ჩვეულებრივი თეთრი კომბოსტოსაგან მზადდება და ფერისა და გემოს მისაცემად მწნილდება ალყაალყა დაჭრილ წითელ ჭარხალთან ერთად. წითელი კომბოსტოს მწნილი, როგორც წესი, წარმოგვიდგება როგორც მეოთხედებად დაჭრილი კომბოსტო.
დაკუწული კომბოსტოს მწნილის მომზადება უფრო რთულია, კომბოსტო უნდა დაიჭრას ძალიან თხლად და შემდეგ კარგად უნდა ჩაიბეკნოს სამწნილე ჭურჭელში. მას ამატებენ გახეხილ სტაფილოს და მარცვლოვან შავ პილპილს, დაფნის ფოთოლს, (ნიახურს, როგორც ნებისმიერი მწნილის თანმხლებ მწვანილს, ცხადია, აქაც თავისი საპატიო ადგილი აქვს)… დაკუწული კომბოსტოს მწნილის პირდაპირ შეჭმა არ იქნება, ვაშინერს! მისი დაგემოვნება შემდეგნაირად ხდება: ალყაალყა იჭრება ბლომად ხახვი, ეს ეყრება გაძენძილ დაკუწული კომბოსტოს მწნილს, ზემოდან ესხმება მზესუმზირის კახური ზეთი (თუ ზეთს მზესუმზირის სუნი სდევს, უკეთესია*), კარგად აირევა ეს ყველაფერი ერთმანეთში და შემდეგა შეიძლება უბრალოდ პურის მიტანება, ბევრ ფრონცკ სალათს უკან ჩამოიტოვებს.
წითელი კომბოსტოს დანიშნულება ქართულ შეგნებაში სხვანაირია, იგი ამოზელილი წითელი ლობიოს შეუცვლელი და ერთგული თანამგზავრია. ქართული ხალხური წესი მოითხოვს ლობიოს შემდეგნაირად ჭამას: მათლაფაში ან ჯამში ისხმება ლობიო, შიგ უნდა ამოიწოს პური (დასავლეთში მჭადს ანიჭებენ უპირატესობას), პურის ამოწობისას აუცილებელია თითების ლობიოთი მოთხვრა (უმჯობესია ხუთივესი, ჭამის მერე თითების გასატლეკად უფრო მეტი ლობიო იქნება ზედ), ლობიოში ჩამბალი პური მადიანად უნდა მოკბიჩო, პური ჩააბრუნო ჯამში და სანამ ლუკმას ბოლომდე დაღეჭავდე, უნდა დასწვდე წითელი კომბოსტოს მწნილის ნაჭერს და მასაც მადიანად მოკბიჩო და .. მათლაფის ამოცარიელებამდე. მათლაფის დაცლის შემდეგ, თუ ბოლომდე ვერ დანაყრდით შესაძლოა ლობიოს დამატებაც. დანაყრების შემდეგ, როგორც წესი ხდება მათლაფის მოპრიალება პურით (თუ მხოლოდ ოჯახის წევრები არიან, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და მათლაფა ენით მოაპრიალოთ(ანუ მოტლიკოთ), შემდეგ ჯერი თითებზე დგება (თითებზე მოტლეკის ნაცვლად ითქმება გატლეკა))…
საერთოდ კომბოსტოს მწნილი, იქნება ეს წითელი თუ დაკუწული, უნდა იყოს კრაჭუნა, ზომიერად მარილიანი და ასევე ზომიერად მჟავე….
მიმიხვდებოდით, მშია და კომბოსტოს მწნილი მომენატრა whistling.



*
მავანნი ამ მტკიცებულებას არ ეთანხმებიან

2006 წლის 1-ელი აგვისტო

კომენტარები

კომენტარი

4 thoughts on “კომბოსტოს წკაპოსეული მწნილი

  1. მესიამოვნა ამ პოსტის აქ ნახვა! აღარც კი მახსოვდა მისი არსებობა!

    1. ამ პოსტმა გერმანიაში ყოფნისას ინფარქტი დამმართა. არადა, მანამდე, მეგონა, არ მიყვარდა კომბოსტოს მწნილი, ვერ ვაფასებდი სათანადოდ :D

Leave a Reply

Top