მისი აღმატებულება ხინკალი - პრიალა ცომით და წვნიანი გულით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > მისი აღმატებულება ხინკალი – პრიალა ცომით და წვნიანი გულით

მისი აღმატებულება ხინკალი – პრიალა ცომით და წვნიანი გულით

საქართველოში ის ყველას უყვარს, ყველამ იცის და ყველას შეუძლია გაკეთება. ტრადიციული ქართული კერძების რეცეპტები ბლოგზე არც ისე ბევრია და ამის პირველი მიზეზი, პირადად ჩემთვის ისაა, რომ არ მაქვს რეცეპტი. რას ვგულისმობ რეცეპტის არქონაში? იმას, რომ ქართულ კერძებს ყოველთვის ზეპირად, ასე ვთქვათ “თვალის ზომით” და გემოვნების მიხედვით ვამზადებ, ინგრედიენტების აწონვის გარეშე, შესაბამისად ასეთი რეცეპტი ბლოგზე ვერ ხვდება.

კაცმა რომ თქვას, ხინკალს რა რეცეპტი უნდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე გაგიზიაროთ. თანაც, ამ რეცეპტით შესანიშნავი ცომი მიიღება, პრიალა, მკვრივი – ისეთი, როგორიც რესტორნებშია.

მე არ ვიცი რესტორნებში ცომს როგორ ამზადებენ, ამატებენ თუ არა რაიმეს ტრადიციული ფქვილის და წყლის გარდა. ამ რეცეპტის შემთხვევაში კი მთელი საიდუმლო წყალშია, უფრო სწორად მის რაოდენობაში.

ცომის მოზელვა ნამდვილად არაა ადვილი, რადგან წყალს მაქსიმალურად ცოტას შეიცავს. ზელვის პირველ ეტაპზე აუცილებელი არაა იდეალური მკვრივი ცომის გუნდა მიიღოთ, ვერც მიიღებთ – სითხე არ ყოფნის.  მაგრამ შეეცადეთ მაქსიმალურად ერთიან მასად აქციოთ. ამ ეტაპზე ცომი დაახლოებით ასე გამოიყურება:

khinklis comi

აქვს კოშტები, არათანაბარია, ქვასავით მაგარი, ძნელად სამუშაო და აშკარად ამჩნევია ფქვილის ნამცეცები.

შემდეგ ჩადეთ პოლიეთილენის პარკში და იდეალურ შემთხვევაში 10-12 სთ დაივიწყეთ. მაცივარში შედება აუცილებელი არ არის. კარგია თუ ცომს საღამოს გააკეთებთ და მეორე დღეს გამოიყენებთ, ან დილით ადრე მოამზადებთ საღამოსთვის.  შუალედში შეგიძლიათ კიდევ გადაზილოთ, თუმცა მე უშუალოდ მომზადების წინ ვზელ ხოლმე.

საღამოს მომზადებული ცომი დილით ასე გამოიყურება:

xinklis comi1

ხინკლის კეთება ჩემი საყვარელი საქმე არასოდეს ყოფილა. ყველაზე მეტად ცომის გაბრტყელების პროცესი მძულს. სწორედ ამიტომ საკუთარ თავს საჩუქრად ცომის საბრტყელებელი მივუძღვენი. თუ ეს ნივთი გაქვთ, დამეთანხმებით რა სასიამოვნოა მისი დახმარებით ხინკლის კეთება, თუ არა და გირჩევთ, თუ შესაძლებელია თქვენც შეიძინოთ. ეს კონკრეტული, რომელიც მე შევიძინე, მიქსერზე მაგრდება და თავისით აბრტყელებს ცომს სხვადასხვა ზომაზე. სინამდვილეში ეს პასტის (მაკარონის) ცომის გასაბრტყელებელია. იყიდება მექანიკურებიც, ანუ ხელით რომ უნდა დაატრიალოთ ისეთი.

comi2

მოკლედ, ვჭრით ცომის საჭირო რაოდენობას, ერთ მოგრძო ლენტს, მსუბუქად ვაბრტყელებთ და შემდეგ ცომის საბრტყელებლით ვაძლევთ საჭირო სისქეს. ქიჩენეიდის ამ საბრტყელებელზე მე ვიყენებ #2 ზომას.

ცომი იმდენად ცოტა სითხეს შეიცავს და ისეთი მკვრივია, რომ ის ნაწილი, რომლითაც არ ვმუშაობთ, აუცილებლად ცელოფანში უნდა დავტოვოთ, რომ არ გამოშრეს და გამოხმეს. ცომს მაგიდაზე ზედმეტი ფქვილის დაყრა აღარ სჭირდება.

უკვე გაბტყელებული ცომის ლენტიდან ფართო საჭრელით (მე პლასტიკის ჯამს ვიყენებ) გამოვჭრით რგოლებს, ჩავდებთ ფარშს და მოვახვევთ.

comi

xinkali

ამ ფოტოზე ხინკლებს გასაყინად ვამზადებ, ამიტომ ქვემოთ ფქვილი მაინც მოვაყარე, რომ არ მიეწებოს. თუ გაყინვას აპირებთ, წინასწარ საყინულე მაქსიმუმზე დააყენეთ, რათა ხინკალი უცებ გამაგრდეს, თორემ შესაძლოა დაბალ ტემპერატურაზე წვენი გაუშვას სანამ გაიყინება.

ახლა კი კონკრეტული რეცეპტი:

  • 1.5 კგ ფქვილი (თუ უცხოეთში ხართ, all purpose flour)
  • 600-650 მლ წყალი
  • 2-3 ს.კ მარილი

წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ძალიან ცივით ცომის მოზელვა კიდევ უფრო გაგიჭირდებათ. თავიდან უმჯობესია 600 მლ წყალი დაამატოთ. ჯერ ჯამში მოზილეთ, შემდეგ მაგიდაზე გადაიტანეთ და ენერგიულად განაგრძეთ ზელვა. თუ ძალიან გაგიჭირდათ, დაამატეთ დანარჩენი 50 მლ-იც, მაგრამ ამაზე მეტი არა.

ორიოდე სიტყვა გულსართზეც: ჩემი აზრით საუკეთესოა ღორის და საქონლის ხორცის ნარევი, ზოგჯერ ვამზადებ შედარებით ცხიმიანი საქონლის ხორცითაც. პროპორციები დაახლოებით ასეთია:

  • 1.5 კგ ხორცი
  • 3-5  თავი ხახვი
  • 1-2 ჩ.კ ძირა, დაუფქველი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1-1 საშუალო კონა ქინძი და ოხრახუში
  • წითელი წიწაკის ფანტელები
  • ცოტა შავი პილპილი
  • მარილი
  • 2-2.5 ჭიქა დაახლ. მდუღარე წყალი

რა თქმა უნდა ნებისმიერი სანელებლის რაოდენობის რეგულირება თავად შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით, მთავარია ისინი ხორცის გემოს კი არ ფარავდეს, არამედ პირიქით, აუმჯობესებდეს და ამდიდრებდეს. ხახვი თუ დიდი თავებია , 3-4 ცალიც საკმარისი იქნება.

რატომ მდუღარე და არა ჩვეულებრივი წყალი? წყალგარეულ ფარშში წყალი მალევე გამოცალკევდება ხორცისგან და ყოველი ხინკლის მოხვევის წინ საგულდაგულოდ ამორევაა საჭირო. მდუღარე წყლის შემთხვევაში ფარში მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს კონსისტენციას და ხორცი ცალკე აღარ გარბის. კიდევ უკეთესია, თუ მომზადების შემდეგ ფარშს მაცივარში გააჩერებთ რამდენიმე საათი. სითხეს უკეთ შეიწოვს და სამუშაოდაც უფრო ადვილი ხდება.

khinkali1

ეს კი უკვე მოხარშვის შემდეგ:

xinkali1

khinkali

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

5 thoughts on “მისი აღმატებულება ხინკალი – პრიალა ცომით და წვნიანი გულით

  1. Greetings! Very helpful advice in this particular article!
    It is the little changes that produce the greatest changes.
    Thanks a lot for sharing!

  2. I see you don’t monetize your website, don’t waste your traffic, you can earn additional cash every month because you’ve got
    hi quality content. If you want to know how to make extra $$$, search for: Ercannou’s essential tools best adsense alternative

Leave a Reply

Top