თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > კექსი კომშით, ვაშლით, მაყვლით და ფორთოხლის ცუკატებით

კექსი კომშით, ვაშლით, მაყვლით და ფორთოხლის ცუკატებით

პრინციპში, ახალი და განსაკუთრებული არაფერი. ჩვეულებრივი, საკმაოდ სტანდარტული კექსია. უბრალოდ მომინდა გაგიზიაროთ :)

მასალა

> კვერცხი – 3 ც
> შაქარი – 3 ჩ/ჭ (+ ნახევარი ჭიქა ცალკე)
> არაჟანი – 2/3 ჩ/ჭ (ან იგივე რაოდენობის რძე)
> კარაქი – 150 გრ.
> ფქვილი – 4 ჭიქამდე
> მარილი, ვანილი, გამაფხვიერებელი (ანუ baking powder ან სოდა ძმრით)
> კაკაო – 1 ს/კ
> ფორთოხლის ცუკატები – 1/2 ჭიქა
> ვაშლი – 1 ც
> კომში – 1 ც
> სახამებელი – 1 კოვზი

მომზადება

ვადნობთ კარაქს, შაქარს, ვუმატებთ არაჟანს (ან რძეს, მაგრამ მე არაჟნიანი უფრო მომეწონა) და ვურევთ კარგად, სანამ შაქარი არ გაიხსნება და კარგად არ გაგრილდება. შემდეგ ვამატებტ კვერცხს, ვანილს, გამაფხვიერებელს და ვიწყებთ ფქვილის შერევას. დაახლოებით შეიზელს 4 ჭიქას, დააკვირდით, საკმაოდ სქელი ცომი უნდა გადმოგივიდეთ, დაახლოებით იმ სისქის, რომ კოვზიდან თავისით ადვილად არ ისხმებოდეს.

გამზადებული ცომიდან 5-6 სუფრის კოვზი გადაგვაქვს ცალკე, პატარა თასზე და ვურევთ კაკაოს. დარჩენილ თეთრ მასაში კი ვურევთ ფორთოხლის ცუკატებს (მომზადების წესი იხილეთ აქ. თუ მსგავსი წესით მომზადებული ცუკატები არ გაქვთ, სახელდახელოდ მოხარშეთ დაქუცმაცებული და გამხმარი ფორთოხლის კანები სიროფში).

გამზადებულ ცომებს ვდგამთ მაცივარში და ვიწყებს საცხობი ფორმის მომზადებას. ფორმაში ვაფენთ საცხობ კალკის ქაღალდს. შემდეგ პატარა ნაჭრებად ვჭრით კომშსა და ვაშლს (2/3-ს) და რამდენიმე წუთით ვხარშავთ სიროფში. დარჩენილ 1/3 ვაშლსა და კომშს კი ვჭრით თხელ ნაჭრებად, მოსართავად.

საცხობ ფორმაში ცომს ვასხამთ ფენებად,  შემდეგნაირად: თეთრი ცომი + სიროფში მოხარშული ვაშლისა და კომშის ნაჭრები + ყავისფერი ცომი (ცოტა). როცა ცომს მთლიანად ჩავასხამთ, ზემოდან უნდა დავაწყოთ (თუმცა არა ბრტყლად, არამედ ირიბად) შაქრისა და სახამებლის ნარევში ამოვლებული ხილის ნაჭრები (მე მაყვალიც მქონდა და ისიც დავამატე, სიმჟავე მოუხდა).

ცხვება 200 გრადუსზე. გამოცხობა შეამოწმეთ ჩხირის ჩარჭობით.
გამომცხვარი კექსი სწრაფად შეფუთეთ ჩაის ტილოში და გარედან მსუბუქად გადაახვიეთ ცელოფანი. ამ გზით ცხელი ნამცხვრიდან სითხე არ აორთქლდება და სინოტივეს შეინარჩუნებს.

როდესაც შეგრილდება, გახსენით და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით :))

კომენტარები

კომენტარი

3 thoughts on “კექსი კომშით, ვაშლით, მაყვლით და ფორთოხლის ცუკატებით

  1. ეკა, ძალიან მომეწონა ფოტოების ასეთი გაფორმება:)საერთოდ თუ კულინარიულ ბლოგზე კარგი ფოტოები არ დევს, ვერ ვინტერესდები ხოლმერეცეპტი თავისთავად ძალიან კარგია, მეორე და მესამე ფოტო კი განსაკუთრებით მადისაღმძვრელი :)

  2. ეც მიყვარს, დეტალურად რომ არის ხოლმე გადაღებული მთელი პროცესი, ბევრად ადვილია შემდეგ გაკეთება, ვიდრე დაწერილის გააზრება და წარმოდგენა. ერთი ესაა, მე სხვა კომპიუტერზე ვამუშავებ ხოლმე ფოტოების ფერებს და იქ ყველაფერი ზე-ხარისხში ჩანს, მერე სხვა კომპიუტერებიდან რომ ვათვალიერებ, გახუნებული მეჩვენება. ვერ გავიგე რომელ კომპზე მაქვს სწორი ფერები :|

Leave a Reply

Top