თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > კარტოფილის ნიოკები რეიჩელ ალენის მიხედვით

კარტოფილის ნიოკები რეიჩელ ალენის მიხედვით

რამდენიმე დღის წინ ტვ-ში ვნახე გადაცემა, სადაც ამ კერძს რეიჩელ ალენი ამზადებდა. სიმართლე გითხრათ, ნიოკების მოყვარულები მაინცდამაინც არ ვართ, მაგრამ ძალიან მადისაღმძვრელი მომეჩვენა და გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა. ნიოკებზე აზრი დაგემოვნების შემდეგაც არ შემცვლია, უბრალოდ დავასკვენი, რომ რეიჩელ ალენის მომზადების სტილი იყო მეტად მიმზიდველი :)

რეიჩელ ალენის რეცეპტში ინგრედიენტების რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო. ალბათ, მთელი გადამღები ჯგუფი მოუთმენლად ელის ხოლმე გადაცემის დასრულებას :)  მე მათი რაოდენობა  შევამცირე და გამოვიყენე:

ნიოკებისთვის

300-350 გ კარტოფილი

1 კვერცხის გული

3-4 ს.კ. ფქვილი

მარილი, პილპილი

გორგონძოლას სოუსისთვის

110 მლ თხელი ნაღები (მე 10%-იანი გამოვიყენე)

50-60 გ გორგონძოლა

პილპილი ახალდაფქული,

მუსკატის კაკალი

ასევე ცოტაოდენი ნიგოზი, სასურველია მსუბუქად მოხალული და რუკოლას ფოთლები.

აქვე გეტყვით, რუკოლა არ მქონდა. ქოთანში კი დავთესე და ამოვიდა კიდეც, მაგრამ ჯერ მეტისმეტად პატარებია :) ველოდები გაიზარდოს,რომ გემრიელი სალათების კვირეული მოვაწყო…

კარტოფილი მოხარშეთ და დაჭყლიტეთ, დაამატეთ კვერცხის გული, მარილი, ფქვილი და მოზილეთ ცომივით. უნდა იყოს რბილიცომისმაგვარი მასა. შესაძლოა ფქვილი ცოტა მეტი ან ნაკლებიც დასჭირდეს, ყველაფერი დამოკიდებულია კარტოფილის ჯიშსა და ფქვილზე. ამიტომ , სჯობს ფქვილი ნაწილ-ნაწილ დაამატოთ და აკონტროლოთ კარტოფილიანი ცომის სისქე და ფაქტურა.

ეს ცომი გადაიტანეთ ფქვილიან დაფაზე, მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით ისე, რომ თითოეული ნაჭრიდან კაკლისხელა ბურთულა გააკეთოთ.

აადუღეთ წყალი, დაამატეთ მარილი და მოხარშეთ ეს ბურთულები. მზადაა, როცა ზემოთ ამოტივტივდებიან.

ახლა გორგონძოლას სოუსი მოამზადეთ. გორგონძოლა იტალიური ობიანი ყველია. მზადდება ძროხის რძისგან, განსხვავებით ასევე ობიანი როკფორისგან, რომელსაც ცხვრის რძით აკეთებენ.ასე გამოიყურება

სოუსისთვის ნაღები გააცხელეთ, ჩაყარეთ შიგ ყველის ნაჭრები და ჩაადნეთ. წამოადუღეთ რამდენიმე წუთით. გემოვნებით დაამატეთ პილპილი და მუსკატის კაკალი.

თეფშზე გადმოიღეთ ნიოკები, მოასხით სოუსი. სასურველია შედგათ გახურებული გრილის ქვეშ, ღუმელში, რომ თავი ოქროსფრად მოებრაწოს, შემდეგ მოაყარეთ ნიგოზი და რუკოლას ფოთლები.

მე ღუმელში შებრაწვის ეტაპი გამოვტოვე, თუმცა კარგია თუ მობრაწავთ.

კომენტარები

კომენტარი

5 thoughts on “კარტოფილის ნიოკები რეიჩელ ალენის მიხედვით

  1. ra dagimalo da mec egeti damokidebuleba makvs niokis mimart.. dsalian madis agmdsvrelad gamoiyreba momzadebis procesi magram bolos shedegi ar momwons arasdros :)) Kuhny TVze naxe xo?

    1. კი მანდ ვნახე :)) რეიჩელის კერძი გაცილებით მადისაღმძვრელი ჩანდა გარეგნულად ვიდრე ჩემი :))

Leave a Reply

Top