სიმინდის ფუჩეჩში გამომცხვარი თევზი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ზღვის პროდუქტები > სიმინდის ფუჩეჩში გამომცხვარი თევზი

სიმინდის ფუჩეჩში გამომცხვარი თევზი

ასეთი მეთოდით მომზადებული თევზი ძალიან ჯანსაღი და გემრიელია. მართალია სიმინდის ფუჩეჩი არ გამოიჩევა განსაკუთრებული არომატით,რაც თევზზე მოახდენდა გავლენას, თუმცა ეს არცაა საჭირო,რათა თევზის პირველადი გემო არ გადაიფაროს და დაიკარგოს. მარტივ კერძებში სწორედ ის მხიბლავს, რომ ყველა ინგრედიენტი საკუთარ გემოს და არომატს ინარჩუნებს, მთლიანობაში კი ჰარმონიული და გემრიელია :)  მე კალმახის ფილე გამოვიყენე, თუმცა შეგიძლიათ არჩევანი ნებისმიერ სასურველ სახეობაზე შეაჩეროთ.

კალმახის 4 ფილე, ანუ 2 კალმახი

100-120 გ მოხარშული სიმინდი

1/2  წითელი ბულგარული წიწაკა

1 თავი წითელი ხახვი

1 ლიმონი

1 ს.კ. კარაქი, დარბილებული

4-5 ღერი ოხრახუში

მარილი და პილპილი

სიმინდის ფუჩეჩები შესაფუთად

ყველაფერი იწყება იმით, რომ უნდა იყიდოთ ფუჩეჩიანი სიმინდი, მოხარშოთ, ფუჩეჩი კი გარეცხოთ და შეაშროთ. ისეთი ფოთლები შეარჩიეთ, განიერი და საღი რომ იყოს.

შემდეგ კალმახს ფილე უნდა ააჭრათ და ზედმეტი ფხებისგან გაასუფთავოთ.

ლიმონს აახეხეთ ცედრა, დაახლოებით 1 ჩაის კოვზი და შეურიეთ დარბილებულ კარაქს. ლიმონი კი გაჭერით და თევზს მოასხით წვენი. შედეთ მაცივარში და მოამზადეთ ბოსტნეული.

როგორც ვთქვით, სიმინდი წინასწარ მოხარშული უნდა გქონდეთ. გამოარჩიეთ მარცვლები ან პირდაპირ დანით ჩამოაჭერით, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და წიწაკა. გახეხილი სტაფილოც შეიძლება, თუ სურვილი გაქვთ.

თევზი მოათავსეთ სიმინდის ფუჩეჩზე. თუ ფუჩეჩები ფიწროა, რამდენიმე დადეთ ერთმანეთზე კიდეებით. მოაყარეთ მარილი და პილპილი, შეაზილეთ კარაქი, დაფარეთ ბოსტნეულის მიქსით და შეფუთეთ. ზემოდან ცოტა ზეითუნის ზეთიც მოასხით. ძაფით შეკარით, რომ არ დაიშალოს და 200 გრადუსზე 15 წუთი აცხვეთ.

შემდეგ გამოიღეთ, ცოტა შეაგრილეთ და გემრიელად მიირთვით, ისიამოვნეთ უნაზესი, წვნიანი თევზის ფილეთი და ხრაშუნა ბოსტნეულით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top