თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > კალმახი ბოსტნეულით – ჯანსაღი, სასარგებლო და გემრიელი

კალმახი ბოსტნეულით – ჯანსაღი, სასარგებლო და გემრიელი

ასე მომზადებული კალმახი განსაკუთრებით მიყვარს და მეგემრიელება. ჯერ ერთი, მარტივია, მეორეც – ჯანსაღი. და რაც მთავარია – ძალიან გემრიელი. ბოსტნეული ხრაშუნა და ხასხასა რჩება, თევზი წვნიანია და არომატით გაჟღენთილი. ბოსტნეულს სხვადასხვას ვიყენებ, იმის მიხედვით, რაც მაცივარში მაქვს: ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი, ბროკოლი, ბარდა, მწვანე ლობიო, სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, ლიმონიც აუცილებლად.  განსაკუთრებით ბარდასთან და მწვანე ლობიოსთან ერთად მომწონს.  ასეთ ლობიოს, მინი სტაფილოებს და ბარდას გაყინულს ვყიდულობ. სტაფილო ჩვეულებრივიც შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ბარდა დაკონსერვებული არ მიყვარს, ცოცხლად  გაყინული უფრო გემრიელია.

kalmaxibostneuli

 

  • 1 კგ კალმახი
  • 500 გ სხვადასხვა ბოსტნეული (სტაფილო, მწვანე ლობიო, ბარდა, ) გაყინული ან ახალი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 1 ლიმონი
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი
  • პილპილი
  • ზეითუნის ზეთი

კალმახი გავრეცხოთ, შევაშროთ, მოვასხათ ნახევარი ლიმონის წვენი შიგნით-გარედან და გადავდოთ ცოტა ხნით გვერდზე.

დიდ ფორმას ჩავაფინოთ ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი.  ჯამში ავურიოთ ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. წავუსვათ თევზს ყველა მხრიდან და ჩავდოთ ტაფაში. გვერდით დავულაგოთ ბოსტნეული, შეგვიძლია დავამატოთ სხვა სახეობებიც, კარტოფილი, სოკო, ბრიუსელის ან ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და ა.შ. ხახვები გადავჭრათ 4-6 ნაწილად და დავულაგოთ ასევე გვერდით, რამოდენიმე ნაწილი კი ოხრახუშის ღერებთან და ლიმონის ნაჭრებთან ერთად თევზს ჩავუდოთ მუცელში.

დარჩენილი ზეთი მოვასხათ ბოსტნეულს და ავურიოთ. დავალაგოთ შემორჩენილი ოხრახუშის ღერები, თავზე გადავაფაროთ ისევ ფოლგა და 200 გრადუსზე 20-25 წუთი შევწვათ.

ძალიან არომატული, ჯანსაღი და გემრიელი კერძია.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top