თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ყაბაყის ნავები პამიდვრით და ყველით

ყაბაყის ნავები პამიდვრით და ყველით

ყაბაყისგან მომზადებული კერძები ძალიან მიყვარს და სეზონზე ხშირად მივირთმევთ ამ შესანიშნავ ბოსტნეულს. დღეს ძალიან გემრიელ ვერსიას გაგიზიარებთ.

5-6 საშუალო ზომის ქორფა ყაბაყი

2 დიდი, მწიფე  პამიდორი

1-2 კბილი ნიორი

ქინძი

რეჰანი

გახეხილი ყველი თავზე მოსაყრელად

2-3 ს.კ საფანელი

ყაბაყი გაჭერით სიგრძეზე ორად და კოვზით გამოაცალეთ გული. გულს ნუ გადაყრით, რადგან მისგან შესანიშნავი კატლეტები კეთდება. ამაზე რეცეპტის ბოლოს გიამბობთ.

ტაფაზე,საშუალო ცეცხლზე ცოტა ზეთში შეწვით ყაბაყი გაჭრილი მხრიდან, ისე რომ ცოტა დარბილდეს.

პამიდორს კანი გააცალეთ. თუ კარდი მწიფეა, კანი ადვილად სძვრება, უბრალოდ, დანის პირით ”გადაუარეთ” მსუბუქი დაწოლით. ზედმეტი სითხე და თესლი მსუბუქად გამოწურეთ და რბილობი დაჭერით. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილი.თუ უმარილო ყველს აყრით, მაშინ ცოტა მარილიც დააყარეთ, თუ არა, ყველის სიმლაშე საკმარისია.

ღუმელისთვის განკუთვნილ ჭურჭელში გადაიტანეთ სანახევროდ შემწვარი ყაბაყები, გაანაწილეთ თითოეულში პამიდორი, მოაფრქნიეთ შავი პილპილი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და ზემოდან ცოტა საფანელი. საფანელის დახმარებით, ყველის გარსი უფრო ხრაშუნა გახდება შეწვის შემდეგ.

მოამზადეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი. ყაბაყი არ უნდა იყოს ძალიან რბილი, პირიქით,სასურველია ოდნავ ხრაშუნობდეს.

პ.ს.  ახლა რამდენიმე სიტყვა ყაბაყის გულზე: გახეხეთ, დაამატეთ 1  კვერცხი, 2-3 სავსე სადილის კოვზი ფქვილი, დაჭრილი კამა და ნიორი, მარილი, პილპილი. ფქვილის რაოდენობა საბოლოოდ დამოკიდებულია ყაბაყის რაოდენობაზე. მისი წვენი კვერცხს ცოტა გაათხელებს, ფქვილით კი უნდა მიიღოთ ბლანტი მასა.  კოვზით დადეთ ზეთიან ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შეწვით საშუალო ცეცხლზე. თუ კატლეტი ძალიან რბილია და გადაბრუნება გიჭირთ, ე.ი. ფქვილის დამატება სჭირდება.

თბილი კატლეტები მიირთვით არაჟანთან ერთად. ნამდვილად ისიამოვნებთ .

კომენტარები

კომენტარი

3 thoughts on “ყაბაყის ნავები პამიდვრით და ყველით

  1. მნიამ მნიამ…. ისა და… არ გინდათ, დიეტური კერძების კატეგორია რომ დაამატოთ? ან კალორიები მიუწეროთ დაახლოებით რაში რამდენია. ან რავიცი, რამე, იმათთვის, ვინც ვცდილობთ, რომ დიეტაზე ვიყოთ, მაგრამ წიწიბურა ძალიან მოგვწყინდა? :)

    1. გვანცა დიეტურის კატეგორია უკვე გვაქვს :) და წიწიბურას გაგემრიელებაც შეიძლება :)

Leave a Reply

Top