თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ისპანახის უგემრიელესი ღვეზელი

ისპანახის უგემრიელესი ღვეზელი

ესაა უმარტივესი ღვეზელი, რაც კი შეიძლება ისპანახისგან მომზადდეს და ამავდროულად ძალიან, ძალიან გემრიელია.  საერთოდ, თუ დაკვირვებიხართ, მარტივი კერძები ყოველთვის ძალიან გემრიელი გამოდის :)  იყიდეთ მზა ფენოვანი ცომი და 1 საათში ეს გემრიელი ღვეზელი თქვენს თეფშზე იდება. ერთადერთი სირთულე ამ რეცეპტში ისპანახის კარგად გარეცხვა და გარჩევაა.

ისე, გაგიმხელთ, რომ როცა ვაკეთებდი, არ მეგონა თუ მომეწონებოდა: ისპანახი უმად უფრო მიყვარს, თანაც ხაჭოზეც არ ვგიჟდები. რაღა დარჩა – ცომი და სულ ცოტა ყველი…  პირველი ნაჭრი დედაჩემს გავასინჯე და მისი კმაყოფილ-აღფრთოვანებული სახისა და კომენტარების შემდეგ მეც გავსინჯე.  ძალიან მომეწონა, რომ არ ველოდი, ისე.

ispanaxis gvezeli

 

500 გ ფენოვანი ცომი

1 საშუალო კონა ისპანახი

200 გ ხაჭო

2 კვერცხი

150 გ სულგუნი

მარილი

პილპილი

 

ისპანახი კარგად გავრეცხოთ, შევაშროთ და გავარჩიოთ. ვიყენებთ მზოლოდ ფოთლებს, უხეში ღეროს გარეშე.

2 კვერცხი ჩანგლით ავთქვიფოთ. დავასხათ ხაჭოს და ჩანგლითვე კარგად ავურიოთ (კვერცხის მცირე რაოდენობას მოვიტოვებთ ზემოდან გადასასმელად). დიდ ჯამში ჩავყაროთ საშუალოდ დაჭრილი ისპანახი, გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ყველი, ხაჭო, მარილი, თუ საჭიროა და პილპილი. კარგად ავურიოთ.

ფენოვანი ცომი მსუბუქად გავაბრტყელოთ და ჩავდოთ საშუალო ზომის ფორმაში. დავადოთ გულსართი და გადავაფაროთ ცომის მეორე ნაწილი. გვერდები კარგად შემოვუკეცოთ და ზემოდან  შემონახული ათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ ფუნჯით.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი, სანამ სასიამოვნო ოქროსფერს არ მიიღებს.

უგემრიელესი ღვეზელი მზადაა – მიირთვით თბილი.

isanaxisgvezeli

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top