თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Food > შეშის ღუმელის ჯადოქრობა – ინტერვიუ თორნიკე აბესაძესთან

შეშის ღუმელის ჯადოქრობა – ინტერვიუ თორნიკე აბესაძესთან

gumelshi_shemtsvari_wiwila

თორნიკე თვითნასწავლი მხატვარ-რესტავრატორია აჭარიდან, მუშაობს ავეჯზე, ინტერიერის აქსესუარებზე და აქტიურად თანამშრომლობს ბათუმში მდებარე დაწესებულებებთან.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მან შეშის ღუმელზე დაიწყო მუშაობა, ისწავლა აშენება და საპილოტე ვერსიაც საკუთარი სახლის ეზოში ააშენა. დამეთანხმებით, კერძების მომზადების სიყვარული და სახლში შეშის ღუმელი, არაჩვეულებრივი კომბინაციაა სასწაულების მოსახდენად.

ამ ჰარმონიის სანახავად და ღუმელში მომზადებული კერძების დასაგემოვნებლად, თორნიკემ სოფელ ახალშენში, საკუთარ სახლში დაგვპატიჟა.

გემო და დრო, ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ღუმელის მაღალ ტემპერატურაზე კერძები უსწრაფესად მზადდება  და ინარჩუნებს გემოვნურ და ასევე სასარგებლო თვისებებს. პიცაზე დალაგებული ბოსტნეული ცხვება, ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით და არ იშუშება და წვნიანდება, როგორც გვხვდება ხოლმე რიგ დაწესებულებებში.

პიცაც და ხაჭაპურიც გამოცხვა 2 წუთამდე დროში. მიუხედავად თავსხმა წვიმისა, არ დავნებდით და ასევე შევწვით წიწილა, სოკო კეცზე, თხელი ლავაშები და ღამით, როდესაც ღუმელი ნახევრამდეც კი არ იყო განელებული, დიდი ქოთნით ლობიო ჩავდგით, რომელიც დილით უკვე მომზადებული დაგვხვდა.

ამ ყველაფერმა დამარწმუნა, რომ სასწრაფოდ მინდა სახლი ეზოთი და ეზო შეშის ღუმელით.

რატატუი: ვიცი, რომ გამოცდილი მხატვარ-რესტავრატორი ხარ, ქმნი და არესტავრირებ ავეჯს, ინტერიერის დიზაინის სხვა ელემენტებს, თუმცა შეშის ღუმელი განსხვავდება ამ ყველაფრისგან. მოგვიყევი, რა სირთულეებს გადააწყდი სწავლის და მუშაობის პროცესში.  

თორნიკე: ყველა საქმიანობა, რომელიც ჩამოთვალე, ჩემით შევისწავლე, ხან „იუთუბზე“ ვიდეოების ყურებით, ხან ბლოგების კითხვით. პირველად, შეშის ღუმელის შესახებ მამაჩემისგან გავიგე, რომელსაც უნდოდა აეშენებინა ღუმელი. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე, ამესრულებინა მისი სურვილი. ეს ისეთივე ადვილი არ იყო, როგორც ჩემი სხვა წამოწყებები. პირველი ღუმელის ასაშენებლად, გარდა ვიდეობის და ბლოგების კითხვისა, მებუხრეების და მშენებლების კონსულტაციები და დახმარება დამჭირდა. მთავარი სირთულე შესაფერისი დუღაბის გაკეთება აღმოჩნდა. ღუმელი შენდება აგურით, რომელიც 38%-ით ალუმინისგან შედგება, თაღის ასაშენებლად სპეციალური ხელსაწყოები და რა თქმა უნდა, დუღაბია საჭირო. ოღონდ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ შეშის ღუმელი, ასე ვთქვათ, „სუნთქავს“. როდესაც დაინთება და ხურდება, მოლეკულები აგურში ფართოვდება, ხოლო როდესაც ცივდება – ისევ თავის პირვანდელ ფორმას უბრუნდება. ამიტომაც საჭიროა ისეთი დუღაბი, რომელიც იგივე კოეფიციენტით „გაფართოვდება“, როგორც აგური გაცხელებისას, რომ ეს „სუნთქვა“ იყოს ერთგვაროვანი და ჰარმონიული. და რა თქმა უნდა დუღაბიც, როგორც აგური უნდა იყოს ცეცხლგამძლე. დუღაბის ამ „მიქსის“ აღმოჩენა იყო ყველაზე რთული გამოწვევა, მაგრამ მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ, საუკეთესო კომბინაციას მივაკვლიე.

cecxli_gumeli

რატატუი: ჩემთვის შეშის ღუმელის მთავარი ღირსება არის დრო და კერძის გემო. კიდევ რა თვისებები შეგიძლია, ჩამოთვალო? რატომ უნდა აირჩიოს შეშის ღუმელი, მაგალითად, კვების ობიექტმა?

თორნიკე: გარდა ჩამოთვლილი თვისებებისა, კომპანია „შეშის ღუმელის“ მიერ აშენებულ ღუმელს რამდენიმე არანაკლებ მნიშვნელოვანი თვისება აქვს. თუ ელექტრო და გაზის ღუმელი, კერძს ამზადებს ცხელი ჰაერის ცირკულაციის საშუალებით, აგურით აშენებული ღუმელი გარდა ცხელი ჰაერის ცირკულაციისა, კერძის მომზადებისას იყენებს გაცხელების შედეგად აგურში დაგროვილ სიმხურვალეს და კერძს ყველა მხრიდან მიაწვდის ამ სიმხურვალეს, რაც არ „აშრობს“ კერძს მომზადების დროს. ღუმელის გუმბათი, სადაც კერძი მზადდება, შემოფარგლულია სპეციალური მასალით, რომელიც სიმხურვალეს გარეთ არ უშვებს და თერმულ მასას გუმბათში ტოვებს, ასევე ღუმელის იატაკზეც თბოსაიზოლაციო მასალა არის დადებული. ასეთი იზოლაციის შედეგია ის, რომ 400 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელს 72 საათი ჭირდება ბოლომდე გასაგრილებლად. ამ განუმეორებელი თვისების გამო, შეგიძლიათ ღუმელში, სანამ ცეცხლია, გამოაცხოთ პიცა, ხაჭაპური, შეწვათ ქათამი ან სტეიკი, და მეორე დღეს დაუნთებელ ღუმელში გამოაცხოთ პური. პიცის მომზადების ოპტიმალური სიმხურვალე არის 350 დან 400 გრადუსამდე, ამ დონეზე გახურებული ღუმელი პიცას 2 წუთზე ნაკლებ დროში ამზადებს. რამოდენიმე პიცის ერთროულად მოსამზადებლად ისე, რომ არცერთი პიცა ან ხაჭაპური არ დაიწვას, ღუმელი 230-250 გრადუსამდე უნდა იყოს გახურებული, ამ ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში შეიძლება 4 დან 8 პიცამდე მოამზადოთ 5-10 წუთის განმავლობაში.“

გარდა კერძის მომზადების დროის მნიშვნელოვნად შემცირებისა, შეშის ღუმელი კერძს განუმეორებელ გემოს აძლევს, ხის კვამლი, ღუმელში აკუმულირებული სიმხურვალე და ორთქლი რომელიც გამოიყოფა მომზადების დროს არის კომბინაცია, რომლის მიხედვითაც ნამდვილი ნეაპოლური პიცა მზადდება. პროფესიონალ მცხობელს, ჩვენს მიერ აშენებულ ღუმელში ერთდროულად 8 სტანდარტული ზომის პიცის გამოცხობა შეუძლია, გუმბათის საცეცხლურის დიამეტრი არის 105 სანტიმეტრი, რაც ამის საშუალებას უპრობლემოდ იძლევა.

რატატუი: რამდენი ხანი დასჭირდა მშენებლობას და მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა საქართველოს სხვა ქალაქებში/რეგიონებში შეშის ღუმელის აშენება?

თორნიკე: ღუმელის მშენებლობა იწყება ღუმელის სადგამის მშენებლობით, რასაც 3-4 დღე სჭირდება, თვითონ ღუმელი კი 6 დღეში შეიძლება აშენდეს. სულ, სადგამის გაშრობის დროის გათვალისწინებით ღუმელის აშენებას სჭირდება 2 კვირა. რა თქმა უნდა შესაძლებელია საქართველოს მაშტაბით სხვადასხვა ქალაქებში ღუმელის აშენება, კომპანია „შეშის ღუმელი“ მზად არის ნებისმიერ ქალაქში თუ რეგიონში მოემსახუროს მომხმარებელს.

რატატუი: როგორც ვიცი, მუშაობის პარალელურად სწავლობ. რა პროფესიაზე შეაჩერე არჩევანი და რატომ?

თორნიკე: ამჟამად ვსწავლობ ინტერიერის დიზაინის და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, ყოველთვის მიყვარდა ჩემს სახლში ავეჯისთვის და ინტერიერის სხვა ელემენტებისთვის ადგილის შეცვლა ან განახლება, ავეჯის რესტავრაციაც სწორედ ამ მოტივით დავიწყე. ჩემს ირგვლივ ვერ ვხედავდი ისეთ ავეჯს, რომელიც განსხვავებული ან ავთენტური იქნებოდა. ამიტომ, ავიღე მეგობრის ძველი კარადა და რესტავრაცია გავუკეთე. ამ კარადის სოციალურ ქსელებში ჩვენების შემდეგ, მივიღე შეკვეთები ავეჯის რესტავრაციაზე სხვადასხვა დაწესებულებებისგან და კერძო პირებისგან. მაშინ დარწმუნებული არ ვიყავი რომ ინტერიერის დიზაინის შესწავლა  მინდოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რაც იყო ჩემი ნამდვილი გატაცება.

რატატუი: წარმატებას გისურვებთ!

თორნიკე: მადლობა

gumelshi_shemtsvari_wiwila

ფოტოები ©  ოდელია სტუდიო 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top