თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სხვადასხვა > ”ჰერკულესის” ფაფის საიდუმლო

”ჰერკულესის” ფაფის საიდუმლო

(ჩემი შარშანდელი პოსტი კატოს ბლოგიდან)
არ ვიცი, შვრიის ფაფას პირველად ვინ დაარქვა ”ჰ ე რ კ უ ლ ე ს ი”, მაგრამ ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩამჯდარი ეს ტერმინი დღემდე ასოცირდება ჩემთვის ერთადერთ ფაფასთან, რომელიც სასარგებლოსთან ერთად, გემრიელიცაა და რაც მთავარია, არ ასუქებს, პირიქით ;)
ფაფების სასარგებლო თვისებებს შორის პირველ ადგილზე, როგორც წესი, კუჭ-ნაწლავისთვის მაამებელი ეფექტია ხოლმე. ფაფის მოძულეები კი ხშირად ”ქვასაც ვინელებ”-ით იმშვიდებენ თავს, ვიდრე ქვის მონელებიდან კუჭის წყლულამდე და გასტრიტამდე არ მიიყვანენს საქმეს.

შვრიას (Avena sativa) უამრავ სასარგებლო თვისებას მიაწერენ:
შვრია
    • 10-20%ით ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში

 

  • ახდენს ათეროსკლეროზის პრევენციას (შესაბამისად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს)
  • ამცირებს მე-2 ტიპის (არაინსულინდამოკიდებული) დიაბეტის ჩამოყალიბების შესაძლებლობას
  • აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და განსაკუთრებით სასარგებლოა მოუწესრიგებელი კვების რეჟიმის მსხვერპლთათვის
  • შეიცავს სელენიუმს, რომელიც E-ვიტამინთან ურთიერთქმედაბაში იძლევაანტიოქსიდანტურ ეფექტს და ამცირებს არა მხოლოდ ასთმის სიმპტომებს, არამედ გულის შეტევის რისკსაც. ამავდროულად სელენიუმი ხელს უწყობს დნმ-ის აღდგენას, რაც ასოცირდება კიბოს (განსაკუთრებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს) პრევენციასთან
  • ახდენს ზოგადად მკერდის კიბოს და განსაკუთრებით მენოპაუზისშემდგომი მკერდის კიბოს ჩამოყალიბების პრევენციას
  • არის დილის ენერგიის წყარო
  • მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახის (და არა მხოლოდ სახის) კანის სტრუქტურას, სქესის მიუხედავად ;)

 

 

შემცველობა:
შვრიის ფაფა იყიდება როგორც სუფთა სახით (კანგაცლილი შვრიის დაცეხვილი ფანტელები), ისე მშრალი ხილის ნაჭრებით გაჯერებული.
‘მიუსლი’
შეიძლება როგორც უმი (რძეში, მაწონში ჩამბალი), ისე დაბალ ცეცხლზე მოხარშული სახით მირთმევა, გააჩნია ვის, როგორ ურჩევნია. ორივე შემთხვევაში სასარგებლოა.

მოხარშული ფაფის მომზადება არანაკლებ მარტივი და სწრაფია, ვიდრე უმი ფორმით მომზადება და დაახლოებით 3-4 წუთს მოითხოვს:

შვრიის ფანტელებს ჩაყრით მომინანქრებულ (ე.წ. ”ემალის”) პატარა ქვაბში, შეურევთ მარილს ან/და შაქარს გემოვნებით, დაუმატებთ 1,5 ოდენობის ცივ რძეს (წყალს), დაახურავთ მჭიდრო სახურავს, 2-3 წუთი წამოადუღებთ და ხშირად მოურევთ (მორევისას უკეთესად გამოიყოფა მარცვლეულის წებოვანა, რაც უფრო გემრიელს ხდის ფაფას) და როცა წყალი/რძე საკმარისად შეშრება, გადმოიღებთ ღრმა ფიალაზე.

 

თუ ტკბილს მარილიანი ფაფა გირჩევნიათ (თუმცა, ცოტა მარილი ტკბილსაც უხდება), შეგიძლიათ ერთი ნაჭერი სულგუნიც ჩააჭრათ (ელარჯის ეფექტისთვის:D). 

 

მოკლედ, მთავარია მიირთვათ და დაამატეთ რაც გსურთ! :D

 


P.S. შვრიის ფაფას ნუ ”ჩაანაცვლებთ” Corn Flakes, Kellogg’s-ის ან მსგავსი ნაწარმით. ყიდვისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მწარმოებელს და, თუ შესაძლებელია, ბიოლოგიურ სისუფთავესაც, რომ სასარგებლო პროდუქტის ნაცვლად გენმოდიფიცირებული ბურღული არ შემოგეყიდოთ.

ეპილოგი:
მე მივირთვი ჩემი წილი შვრიის ფაფა! შენ? :D 

 


კომენტარები

კომენტარი

9 thoughts on “”ჰერკულესის” ფაფის საიდუმლო

  1. 7 წელია ჩემი უცვლელი საუზმეა შვრია თაფლით. როცა კალორიებს არ ვუშინდები ქიშმიშს და ნიგოზს ვამატებ, ზაფხულობით ხილს.

  2. მადლობთ პოსტისთვის,ძალიან მომეწონა!შეგიძლიათ კონკრეტული მწარმოებელი გვირჩიოთ?

  3. პირადად მე უკვე დიდი ხანია გერმანულ შვრიას ვყიდულობ hahne აწერია თუ არ ვცდები, ლურჯ შეფუთვაში რომაა, იმით ფაფას ვიმზადებ, მწვანეში რომაა, მსხვილი, იმით ''პეჩენიებს'' ვაცხობ. სხვა ფირმებიც არის, სახელები არ მახსოვს, შეფუთვაზე ვცნობ, ისიც გერმანულები, რატომღაც ამათი გემო და სტრუქტურა უფრო მომწონს :)

  4. ჰო, ეგენი უფრო სუფთაცაა, ვიდრე უკრაინული, თუმცა უკრაინული (წონით) უფრო იაფია.ისე ფაფისთვიე მე, პირიქით, მსხვილი მირჩევნია.

  5. ჩემი უკრაინელი დედამთილი მირჩევს რომ უკრაინული პროდუქტი არ შევიძინო არასდროს:) მით უფრო, იაფფასიანი თუა, მეც ასე ვფიქრობ…

  6. ძალიან მიყვარს,საუზმეზე ხან მოხარშულს მივირთმევ,ხან წინა ღამით ცივ წყალში ჩამბალს და თაფლით და ვაშლის ძმრით შეზავებულს

Leave a Reply

Top