თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სადღესასწაულო > ტკბილი გულები და ვარსკვლავები

ტკბილი გულები და ვარსკვლავები

ეს არის ყველაზე მარტივი, გემრიელი და გამძლე, დიახ გამძლე ნამცხვრის რეცეპტი, რომელიც პრინციპში, წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის Christmas cookies-ების ჩემებურ ნაზავს.

გვჭირდება:

  • ნამცხვრის გამოსაჭრელი ფორმები – გულები, ვასრკვლავები, მზე, მთვარე, მოკლედ სულ ერთია (იყიდება დანიურ სახლში, გუდვილში)
  • კარაქი ან მარგარინი – 100-150 გრ.
  • შაქარი (პუდრა ან ბლენდერში დაფქული) – 1,5-2 ჩ/ჭ
  • 1 კვერცხის ცილა
  • 1 საშუალო ჭიქა გატარებული ნიგოზი ან ნუში ან ორივე ერთად
  • ფქვილი (რამდენსაც შეიზელს) – დაახლ. 2-3 ჩ/ჭ
  • ვანილი, მწიკვი მარილი

მომზადება:
ემალირებულ ჯამში ვადნობთ კარაქს, ვურევთ შაქრის პუდრას და გატარებულ ნიგოზს/ნუშს.
ვაგრილებთ და ვუმატებთ 1 კვერცხის ცილას, ვანილს, მარილს და ბოლოს ვაზელთ ფქვილს, ისე, რომ გამოვიდეს საშუალო სიმაგრის ცომი, რომელიც გაბრტყელებისას ფორმას შეინარჩუნებს.

გამზადებულ ცომს ვაბრტყელებთ ხის დაფაზე დაახლოებით 4-5 მმ სისქეზე. (მთავარი სირთულე: ცომი საკმაოდ ფშვნადია  და გაბრტყელებისას კიდეები ფორმას ვერ ინარჩუნებს, ამიტომ შუა ნაწილში მოგიწევთ გამოჭრა) და ვჭრით სხვადასხვა ფორმის ნამცხვრებს.
გამოჭრილი ცომი გადაგვაქვს ვერცხლის ფოლგადაფენილ ღუმელის ტაფაზე და ვაცხობთ 200-220 გრადუსზე. როცა ნამცხვრები ფერს ოდნავ შეიცვლის, მზადაა. ფრთხილად, არ დაგეწვათ, უფრო მალე ცხვება, ვიდრე თქვენ ახალ პარტიას გამოჭრით. ცხელი მზა ნამცხვრები ფრთხილად გადააწყვეთ ხის დაფაზე, ცხელი რბილია და შეიძლება ადვილად დაიფშვნას. აცალეთ გაშრობა, გაგრილება და მოაყარეთ ბლომად შაქრის პუდრა, სილამაზისთვის.

კიდევ ერთი გაფრთხილება: ცომს არ სჭირდება სოდა და ძმარი, რომ ცხობისას არ ამოფუვდეს და ფორმა არ დაკარგოს. ნამცხვრები გამოდის ძალიან ხრაკუნა (უკბილოებს არ გამოადგებათ :D). იდეალურია ყავასთან და ჩაისთან.
შეგიძლიათ შეინახოთ 10-14 დღე, არ გაფუჭდება. განსაკუთრებით მოსახერხებელია ახალი წლის პერიოდში, სუფრის და ნაძვის ხის გასაფორმებლად.

პ.ს. მართალია, ამ ტკბილეულს არც გემოსთვის და არც სილამაზისთვის ზემოდან გაფორმება არ სჭირდება, მაგრამ თუ არ დაიზარებთ, შეგიძლიათ მოხარშოთ ცოტაოდენი (1-2 კოვზი) თაფლი, ცოტა შაქართან ერთად, ჩაყაროთ თხლად დათლილი ნუში (იყიდება გუდვილში, 5 ლარამდე ღირს ერთი პაკეტი და ამ შემთხვევაში 1/4 პაკეტიც გეყოფათ) და გააკეთოთ “გოზინაყი”, როცა გოზინაყი ხარშვისგან ოდნავ შეფერადდება, გადადგით ცხელი წყლით სავსე თასში, რომ არ გამაგრდეს და დანის წვერით გადაანაწილეთ ნამცხვრების ზედაპირებზე (იხ. ფოტო ზემოთ).

კომენტარები

კომენტარი

One thought on “ტკბილი გულები და ვარსკვლავები

Leave a Reply

Top