თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > გრავლაქსი – მარილში გამოყვანილი ორაგული

გრავლაქსი – მარილში გამოყვანილი ორაგული

Gravlax (შვედურად), Gravlaks (ნორვეგიულად)Graved laks (დანიურად), Graavilohi (ფინურად) ან Graflax  (ისლანდიურად)  სკანდინავიურ სამზარეულოს მიეკუთვნება და ორაგულის უმი ფილესგან მზადდება.  მისი მომზადება ძალიან მარტივია, შედეგი კი ღვთაებრივად გემრიელი :)  თუ მის მომზადებას გადაწყვეტთ, ერთადერთი სერიოზული პრობლემა, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ, თბილისში კარგი, ხარისხიანი თევზის შოვნაა. სამწუხაროდ, საქართველოში ზღვის ნობათის ძალიან მწირი არჩევანი გვაქვს. 


გრავლაქსის მოსამზადებლად საჭიროა ორაგულის ჯიშის თევზი, წითელი ხორცით. ორაგულის ოჯახში ბევრი ქვე-სახეობაა გაერთიანებული, რომელთა ზუსტი თავისებურებები და ქართული დასახელებები, სამწუხაროდ, კარგად არ ვიცი. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, უცხოენოვან ტერმინებს მოვიშველიებ მეტი ინფორმაციისთვის :(  ორაგულის ჯიშის თევზებია ჩვენს ბაზრებში ფართოდ წარმოდგენილი  горбуша და кета, ეს ამ ჯიშის ყველაზე უცხიმო, შესაბამისად უგემური და იაფი  სახეობებია, Форель – შედარებით ცხიმიანი და გემრიელი თევზია, ამიტომ უფრო ძვირიც. Сёмга, იგივე ატლანტიკის (სამეფო) ორაგული- ყველაზე ძვირი და გემრიელი თევზია, ხასხასა წითელი ხორცით, რომელსაც ცხიმის თეთრი ძაფები დაჰყვება :) ის იდეალურია გრავლაქსის მოსამზადებლად. ნამდვილი ატლანტიკის ორაგულის შოვნაზე თბილისში ნურც იოცნებებთ, უფრო ხშირად ნორვეგიულ, ხელოვნურად გამოზრდილ ორაგულს შეხვდებით, რა თქმა უნდა გაყინულს, თუმცა ასეთი მცირე არჩევანის პირობებში, ესეც კარგია. რამდენჯერმე მეც ასეთი ორაგული გამოვიყენე და მშვენიერი შედეგი მივიღე.  მაშ ასე, გადავიდეთ რეცეპტზე:

  • 1 კგ ორაგულის ფილე (კანიანად)
  • 2 სავსე ს.კ. მსხვილი მარილი
  • 1  ს.კ. შაქარი
  • კამის რამდენიმე ღერო
  • წითელი ან შავი(ახალდაფქული) პილპილი(გემოვნებით)
  • კამის თესლი (მე არასდროს გამომიყენებია )



თუ მთლიანი თევზი შეიძინეთ,ფილეს მომზადება თავად მოგიწევთ. დაგჭირდებათ ბასრი დანა, ზურგზე სიგრძეზე ჩაჭერით თევზი, შემდეგ კი ხერხემლის გაყოლებაზე ააჭერით ფილე, ამოაცალეთ ხერხემალი მეორე ნაწილსაც. თითების მსუბუქი დაჭერით შეამოწმეთ, თუ სადმე ფხა დარჩა , ამოაცალეთ. კანს ნუ ააჭრით, რადგან ასე უკეთ ინარჩუნებს ფორმას, მისი მოცილება უშუალოდ მირთმევის დროს, დაჭრისას უფრო ადვილია.


მარილი, შაქარი და პილპილი (ან დაფქული წითელი წიწაკა) ერთმანეთში აურიეთ და ხელით კარგად შეაზილეთ ორაგულს შიდა მხრიდან. კამა გნებავთ დაჭერით და ისე მოაყარეთ (ნორვეგიაში სწორედ ასე ამზადებენ), გნებავთ მთლიანი ღეროები დაადეთ ფილეს. 


ფილეს ორივე ნაჭერი მჭიდროდ დაადეთ ერთმანეთს კანით გარეთ, ისე რომ მარილიანი მასა და კამა შიგნით მოექცეს, მჭიდროდ გადაახვიეთ სუფთა ტილოში (თუმცა გაითვალისწინეთ, ამ ტილოდან სუნის მოშორება ძალიან, ძალიან გაგიჭირდებათ) ჩადეთ შესაბამისი ზომის ჭურჭელში, დააფარეთ თავზე და მინიმუმ 1 ღამით ან 24 სთ შედეთ მაცივარში.


თევზი ზედმეტ სითხეს გამოუშვებს, მარილის და სხვა არომატების საკმარის დოზას აიღებს და უკვე შეგიძლიათ მიირთვათ კიდეც :) სუფრაზე მიტანის წინ თხლად დაჭერით ბასრი დანით, კანის გარეშე, უგემრიელესია ბაგეტის (ან სხვა გემრიელი პურის ) თხელ ნაჭერზე კრემ-ყველით, კიტრის ნაჭრით და ცოტაოდენი ხიზილალით ან მის გარეშე. შეგიძლიათ მოამზადოთ რულეტები, სალათები, ბუტერბროდები, ან სულაც კარაქიან პურზე დაადოთ და დილის საუზმე ნამდვილ სიამოვნებად აქციოთ :) რაც უფრო ცხიმიანი და კარგი თევზით მოამზადებთ, მით უფრო გემრიელი გამოვა, პირში დნება, როგორც იტყვიან :)


პ.ს. როგორც უკვე იცით, მიყვარს რეცეპტების გადაკეთება. ეს რეცეპტიც ბევრჯერ და სხვადასხვა ინტერპრეტაციით გამიკეთებია. მინდა თქვენც გაგიზიაროთ, თუნდაც ბევრი თვლიდეს რომ ეს გრავლაქსი აღარ იქნება. მე ფილეს ლიმონის წვენს ვასხამ, კამასთან ერთად კი შუაში რამდენიმე დაფნის ფოთოლს ვაყოლებ. ასევე ძალიან მომწონს და ვამატებ ცოტა გამხმარ როზმარინს, ოღონდ ბევრი არ მოგივიდეთ, ძალიან მძაფრი სუნელია. ტილოში არ ვახვევ, რადგან ერთხელ ვცადე და ტილო გადასგდები გამიხდა :( უბრალოდ საშუალო ზომაზე ვჭრი, მჭიდროდ ვადებ ერთმანეთზე ზემოთ აღწერილი მეთოდით, ვალაგებ ღრმა ემალის (ან მინის) ქვაბში და ზემოდან სიმძიმეს ვადებ, თავზე ვახურავ და მაცივარში ვაჩერებ. 


ორაგულის მომზადების მეორე მეთოდიც არსებობს: ზეთში. ეს , რა თქმა უნდა გრავლაქსი აღარ არის. მე ეს მეთოდიც გამომიყენებია და გეტყვით რომ ცუდი არ არის, თუმცა თევზი გემოს და ხასხასა ფერს ნაწილობრივ კარგავს. ასევე უფრო ხანგრძლივიცაა, დაახლ.4 დღე.





და ბოლოს: თუ მთლიანი ორაგული შეიძინეთ, თავს, ხერხემალს და სხვა წვრილ-წვრილ ხორცის ანათლებს ნუ გადაყრით, მისგან არაჩვეულებრივი თევზის წვნიანის მომზადება შეიძლება ბრინჯით, სტაფილოთი და სხვა სასურველი და შესაბამისი ბოსტნეულით. ბოლოს კი ცოტა ფორთოხლის ცედრა ჩაამატეთ, ძალიან კარგ არომატს შესძენს სუპს :)


კომენტარები

კომენტარი

7 thoughts on “გრავლაქსი – მარილში გამოყვანილი ორაგული

  1. დიდი მადლობა ამ საჭირო და ძალიან საინტერესო რეცეპტისთვის :*

  2. Food=продукты питания= სურსათი
    Kohlgeback (გერმ., ანუ “кулебяка” რუსული გამოთქმით) – ცომში დაბრაცული კომბოსტო
    котлета (ფრანგ. Cotelette) – კეპილა, ქაბაბი
    аромат – სურნელება
    цветная капуста – კალნაბი
    базилик – შაშპრა, საშერე
    розмарин – ლიფანტონი
    соус – საწებელი; помидор – პომიდორი; суп – წვნიანი

Leave a Reply

Top