თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > გოზინაყი

გოზინაყი

ახალ წლამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა!   ცოტა ხნის წინ დავასრულე გოზინაყის კეთება და ბარემ დავწერ-თქო, ვიფიქრე. მართალია ჩვენს ბლოგზე უკვე დევს ამ ტკბილეულის ორი ვერსია, მაგრამ გოზინაყი ახალ წელს ზედმეტი არასდროს არის!  იქნებ ვინმეს გამოადგეს…

ბოლო რამდენიმე წელია გოზინაყი კარგად გამომდის, რაღაც ტრიუკები ”დავამუღამე”  . მახსოვს ჩემი პირველი გოზინაყი საერთოდ არ შეწებდა, კოვზით უნდა გეჭამა :D  ეს იმათ გასაგონად, ვინც ფიქრობს რომ გოზინაყის გაკეთება ცალკე ფილოსოფიაა.  მოკლედ დაივიწყეთ ეს მითები, გათავისუფლდით შიშებისგან და დაიწყეთ!

gozinayi

რამდენიმე წესი, რასაც ყოველთვის ვიცავ:

1. ნიგოზი უნდა იყოს თეთრი და საღი

2. თაფლი აუცილებლად ნატურალური, ნეიტრალური არომატის (წაბლის, წიწიბურას, აკაციას და მსგავს გამოკვეთილ გემოებს მოერიდეთ, შეარჩიეთ ყვავილების რბილი გემო, არა მწარე)

3. დაბალი ტემპერატურა!  მართალია დრო მიაქვს მეტი, მაგრამ კარგ შედეგს მიიღებთ.

 

ამ ახალ წელს ჩვენს სახლში არ ვხვდები, აქ კი ხელთ არ მაქვს სამზარეულო ინსტრუმენტების ნაწილი, მათ შორის სასწორი. ამიტომ ყველაფერი გავზომე  250 მილილიტრიანი  ჭიქით.

4 ჭიქა თხლად დაჭრილ-დათლილი ნიგოზი

1.5 ჭიქა თაფლი

მე შაქარს არასდროს ვიყენებ გოზინაყის გაკეთებისას.

 

თაფლი ჩაასხით სქელძირიან ტაფაში და გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე. როცა ადუღდება და შუაში აქაფდება, ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღეთ ასე 3-5 წთ, პერიოდულად მოურიეთ ხის კოვზით.  ცეცხლი უნდა იყოს იმდენად დაბალი, რომ სუსტი ქაფი შეინარჩუნოს თაფლმა.  გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააციეთ.  სანამ ცივდება რაიმე სხვა საქმით დაკავდით.

ასეთი პროცედურა, თაფლის კარამელიზების, გაიმეორეთ სამჯერ მაინც( ახლა სწორედ სამჯერ ავადუღე). თუ ახალი თაფლია ოთხჯერაც შეგიძლიათ.  თაფლი ოდნავ უნდა გამუქდეს, ცეცხლს არ აუწიოთ თორემ დაიწვება.

მესამე გაცხელებისას ჩაყარეთ თაფლში ნიგოზი, კარგად აურიეთ და იგივე დაბალ ტემპერატურაზე დატოვეთ ცოტა ხნით, პერიოდულად ურიეთ.  შემდეგ ცეცხლს ცოტა აუწიეთ, განაგრძეთ მორევა. ნიგოზი რომ ოქროსფერს მიიღებს, უკვე მზადაა. მართალია ეს ცოტა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ სამაგიეროდ, ნიგოზი კარგად იჟღინთება თაფლით.

ხის დაფას, ცომის საბრტყელებელს და ხელებს ცივი წყლით დაასველებთ. დაფაზე გადმოიტანეთ მზა გოზინაყი, სველი ხელებით ან სველი კოვზით სწრაფად გაანაწილეთ და მოასწორეთ, შემდეგ კი გაბრტყელეთ .  გაცივების შემდეგ მაშინვე შეგიძლიათ დაჭრათ, ან მერე, მოგვიანებით.

მე ნიგოზს არ ვხალავ წინასწარ. მოხალული ნიგოზი შრება და გოზინაყიუფრო კნატუნა გამოდის. მე კი ზემოთ აღწერილი მეთოდით უფრო მეგემრიელება: ასე ნიგოზი თაფლში იხარშება, იჟღინთება, არის ხრაშუნა გარედან და ამავდროულად რბილიც რჩება გულში.  თაფლის კარამელიზების გამო იდეალურად ეწებება და ინარჩუნებს ფორმას.

პ.ს. მზადების ბოლო წამებში შეგიძლიათ დაამატოთ ვანილი, მე მიცდია და მომეწონა ძალიან, კარადაში, სანად ვინახავდი გოზინაყს ისეთი სურნელი იდგდა! :)  ერთხელ ცოტა მუსკატის კაკალიც ვცადე, არა უშავდა მაგასაც. ლიმონის ცედრას და ასეთ რამეებს არ გირჩევთ, არ ღირს.

ვიმედოვნებ წარმატებული გამოგივათ ამ რეცეპტით თქვენი გოზინაყი:)

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ყველას!!!

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “გოზინაყი

  1. ნინო გამარჯობა! მოგვიანებით გილოცავ დაბადების დღეს და ბედნიერ შობა– ახალ წელს გისურვებ! კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა სიურპრიზისათვის:*! უზომოდ გახარებული ვარ თქვენგან ასეთი ყურადღებით და ფორმებით რათქმაუნდა:)))!
    მე როგორც ყოველთვის კითხვა მაქვს :) თითქმის ასე ვამზადებ გოზინაყს მეც – ოღონდ სულ ცოტას ვხალავ მსუბუქად და სულ ცოტა შაქარსაც ვუმატებ. წელს მწიკვით ჯინჯერი დაუმატე და ძალინ მოუხდა. ერთი პრობლემა მაქვს მუდმივად: დაჭრილი გოზინაყი თეფშე ეკვრება და გადმოღება ჭირს ხოლმე, მიზეზი ვერ დავადგინე ვერანაირად – თაფლი ყოველთვის ნატურალური გვაქვს, ნიგოზიც კარგია, დუღილს არ ვაკლებ არასოდეს – დაბალ ცეცხლზე მინიმუმ სამჯერ მაინც და მაინც ორთქლზე თუ არ შევათბე ისე თეფშიდან ვერ გადმომაქვს :( ვოცნებობ ისეთ ,,უმტკივნეულო” გოზინაყზე უბრალოდ ნამცხვარივით რომ ავიღებ ხელში და ისე ჩავაკნატუნებთ :) ერთს დავაკვირდი ამ რეცეპტში: პროპორცია თითქმის ასეა 4:1 ჩემი ყიველთვის 2:1–ზეა შეიძლება ესაა მიზეზი? ანუ შევამცირო თაფლის და გავზარდო ნიგვზის რაოდენობა და ეგებ გასქელდეს?

    1. ირმა, უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის :) მეც ასევე ბედნიერ 2013 წელს გისურვებთ :) გოზინაყს რაც შეეხება, მგონი ყველანაირი ეკრობა თეფშზე ცოტათი, თუმცა ორთქლზე შეთბობა არასდროს დამჭირვებია. შეიძლება მართლაც ბევრი თაფლია? სხვანაირადაც სცადეთ, იქნებ უფრო მოგეწონოთ, მე ყოველთვის თვალის ზომით ვაკეთებდი ხოლმე, ეხლა გავზომე სპეციალურად, აქ დასაწერად :)

Leave a Reply

Top