თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > ღორის ხორცი ანანასით

ღორის ხორცი ანანასით

ხორცთან ხილი ერთ-ერთ საუკეთესო შეხამებად მიმაჩნია. ექსპერიმენტებს არ ვერიდები და ხშირად ვამზადებ სხვადასხვა სახის ხორცეულს ფორთოხლით, ქლიავით, ვაშლით, კომშით, ალუბლით, ყურძნით, ლიმონით…  ცალკე თემაა საწებლები – ცოტა ხნის წინ მოცხარის საწებელი გავაკეთე, რომელიც შემწვარ ხორცთან და კარტოფილთან სრულ ჰარმონიაში მოვიდა.

მიხვდით ალბათ, დღესაც ხილისა და ხორცის დუეტს გთავაზობთ, ძალიან წარმატებულს, მრვალგზის მოწონებულს და ორიგინალურს. უკვე რამდენიმე სტუმარს გავუმასპინძლდი ამ კერძით და ალბათ, თავხედობაში არ ჩამომართმევთ,თუ ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონთ, რამდენჯერმე იმატებენ და კომპლიმენტებს არ იშურებენ :)

500 გ ღორის რბილი ხორციმდენიმე სტუმარს

5 ფირფიტა ანანასი

1 ხახვი

1 კბილი ნიორი

1-2 ს.კ სოიოს სოუსი (მეტიც შეიძლება, უხდება)

100 მლ ანანასის წვენი (სიროფი)

მარილი

წითელი წიწაკა გემოვნებით

ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ზედმეტი სისველე ქაღალდის ხელსახოცით შევუშროთ და შევწვათ საშუალო ცეცხლზე.  თუ ერთბაშად ჩავყრით ხორცს ქვაბში, შეწვის ნაცვლად ჩაიშუშება, ამიტომ სჯობს ორ ნაწილად გავყოთ.

შემწვარი ხორცი ამოვიღოთ და იმავე ცხიმში შევბრაწოთ დაჭრილი ანანასი, ისე რომ დაკარემელიზდეს.

შემდეგ ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, ჩავაბრუნოთ სანახევროდ შემწვარი ხორციც. ჩავამატოთ ანანასის სეროფი და სოიოს სოუსი,ამოვურიოთ და დაბალ ცეცხლზე დავასრულოთ მომზადება ხორცის მზაობამდე. თუ სითხე დაიშრო, ხორცი კი ჯერ ისევ მაგარია, დაამატეთ ანანასის წვენი ან წყალი.

მარილი და წიწაკა გემოვნებით.

გარნირად უხდება მოხარშული, გრძელი ბრინჯი.

p.s. ამ კერძის მომზადება ცოცხალი ანანასითაც შეიძლება.   გაფცქვენით ანანასი, დაჭერით, გული ამოაცალეთ. მოაგროვეთ დაჭრის შემდეგ გაშვებული წვენი, შეავსეთ ბულიონით ან წყლით და მასში მოშუშეთ ხორცი.

p.p.s. სხვადასხვა მომზადების დროს მცირე ცვლილებები შევიტანე: ვცადე მთლიანად ანანასის წვენში ჩათუშვა და სოიოს სოუსის რაოდენობაც გავზარდე, შედეგი – ღვთაებრივი! მოტკბო-ცხარე არომატით ანანასისა და წიწაკის წყალობით. ნაკლებად მოტკბო,  მაგრამ მაინც საოცრად გემრიელი იყო, როდესაც ანანასის წვენთან ერთად ცოტა წყალიც გავურიე. ასევე ვცადე და ხორცს, სითხის დასხმამდე  1 კოვზი ფქვილი მოვაფრქვიე, ამოვურიე და შემდეგ დავასხი წვენი. შედეგად, კერძი, უფრო სწორად მისი წვენი უფრო ბლანტი იყო, თუმცა ფქვილს მისი გემო არ შეუცვლია.

კომენტარები

კომენტარი

One thought on “ღორის ხორცი ანანასით

Leave a Reply

Top