თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ღორის ხორცისა და გოგრის წვნიანი

ღორის ხორცისა და გოგრის წვნიანი

ეს ისეთი კერძია, ზამთრის ცივ დღეებს რომ გითბობს, განაყრებს, გაბედნიერებს. გავიწყდება ის წესი, მაგიდიდან ცოტა მშიერი რომ უნდა ადგე. მიირთმევ, სავარძელში მოკალათდები ან  ფეისბუქს “ჩასქროლავ” ან  ჟურნალს გადაფურცლავ, ერთი სიტყვით მოდუნდები…

რადგან კალიფორნიაში ზამთარი, როგორსაც აქამდე ვიცნობდი, არ არსებობს, ასეთი კერძის მოსამზადებლად წვიმიან ამინდებს ვირჩევ ხოლმე. სხვათა შორის, არც წვიმიანი დღეებით ვართ განებივრებული :)  აი ახლაც, ამ პოსტს რომ ვწერ, ჩემს ქუჩაზე გარგრისა და ტყემლის ხეები  ყვავის და  მზე კაშკაშებს. მაგრამ თბილისში ხომ ჯერ ისევ ზამთარია, ამიტომ, ვფიქრობ, ეს რეცეპტი გამოგადგებათ.

ადრეც ვწერდი ამერიკელების სიყვარულზე გოგრის მიმართ. სულ ნაირ-ნაირები იყიდება ბაზარში და მარკეტებში, მეც ხშირად ვყიდულობ. ამჯერად რეცეპტში საკმაოდ გემრიელ Butternut squash-ს ვიყენებ. ასეთები საქართველოშიც მინახავს, მაგრამ სხვა ნებისმიერი ჯიშის გოგრა გამოდგება.

gogris cvniani

  • 500 გ ღორის უცხიმო ხორცი
  • 400 გ გოგრა
  • 3 კარტოფილი
  • 1-2 ს.კ პამიდვრის სოუსი
  • 1 თავი ხახვი
  • დაფნა
  • მარილი, პილპილი
  • ოხრახუში, ქონდარი
  • წიწაკა

 

პატარა კუბებად დაჭრილი ხორცი მოვბრაწოთ ღრმა ქვაბში, ცხელ ზეთში. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კიდევ ვშუშოთ რამდენიმე წუთი. შემდეგ დავამატოთ დაფნა, დაჭრილი გოგრა და კარტოფილი,  დავასხათ წყალი (დაახლოებით 1.5 – 2 ლ, გააჩნია რა სისქის სუპი გვსურს) და მოვხარშოთ. აქვე ორიოდე სიტყვა გოგრაზე: როგორც მიხვდით, გათლილი უნდა იყოს. მაგრამ უმი  გოგრის გათლა არც ისე ადვილია. ამიტომ, თუ არ გსურთ, რომ ჩემსავით შესწიროთ საკუთარი თითის “ჯანმრთელობა” სუპის მომზადებას, გოგრა შედარებით მომცრო ნაჭრებად დაჭერით და შემდეგ ჩამოაჭერით კანი. წყალს ბევრს ნუ დაამატებთ, ცოტა სქელი უფრო გემრიელია, ვიდრე წყალ-წყალა.

მზა სუპს დავამატოთ პომიდვრის პიურე დაკიდევ წამოვადუღოთ. ჩემი ფავორიტია ბარილას მზა სოუსი, რომელიც ნივრისა და ბაზილიკის არომატითაა და ძალიან გემრიელია. ტომტ-პასტას სჯობს.

ბოლოს შევაზავოთ პილპილით, წიწაკით, მარილით და დაჭრილი მწვანილით. მე ქონდრის აქაური ნათესავი thyme  და ოხრახუში გამოვიყენე. თქვენ თქვენი გემოვნებით შეაზავეთ. სუპს უხდება ცოტა სიცხარე, რაც გოგრის გემოსთან კონტრასტში მოდის და აბალანსებს კიდეც.

gogris soup

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top