თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > ჯანჯაფილის თაფლაკვერები

ჯანჯაფილის თაფლაკვერები

წლების წინ, რუსთავი 2-ზე ”საიდუმლო მასალები” გადიოდა. ალბათ გახსოვთ ეს სერიალი, აგენტი მალდერი და აგენტი სქალი, უხცოპლანეტელები, აუხსნელი მოვლენები და ასე შემდეგ :D  მაშინ მოზარდი ვიყავი,  აქტიურად ვადევნებდი თვალს და ძალიან მომწონდა.  სწორედ იქიდან დამამახსოვრდა ”ზარდანჩოს თაფლაკვერის კაცები”, რომელიც ერთ-ერთ სერიაში მთავარი მტკიცებულება თუ დატოვებული კვალი იყო.  საოცრად მომწონდა ეს სახელი: ზარდანჩოს თაფლაკვერის კაცები :D  მერე დავადგინე, რომ ზარდანჩო თურმე ჯანჯაფილი, იგივე კოჭა , ( მაგრამ მაშინ არც ჯანჯაფილი ვიცოდი რა იყო) ხოლო  ეს კაცუნები კი Gingerbread man ყოფილა!  ეს  ზარდანჩო და ლინდგრენის მურაბიანი მაჭკატები ჩემი  ბავშვობის აკვიატება იყო და დღემდე ძალიან მომწონს სწორედ ასეთი წარმოთქმა :D

gingerbread

თაფლაკვერის რეცეპტი მრავალნაირი არსებობს, მეც ათასნაირი მიცდია. განსაკუთრებით სახალისოა, თუ ბავშვებს დაიხმართ, ისინი გიჟდებიან ამ პროცესზე!

150 გ კარაქი ან მარგარინი

100 გ შაქარი

1 მთლიანი კვერცხი+ 1 კვერცხის გული (ცილა შეინახეთ მოსახატად, აისინგისთვის)

3-4 ს.კ თაფლი

1/2 ჩ.კ სოდა

375 გ ფქვილი

1.5 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი (2 კოვზიც შეიძლება, მეტი არომატისთვის)

2/3 ჩ.კ დარიჩინი, დაფქული

1/4  ჩ.კ. მიხაკი, დაფქული

1/4 ჩ.კ კარდამონი (ილი), დაფქული

1/5 ჩ.კ. დაფქული მუსკატი, ამდენივე შავი პილპილი

გავადნოთ კარაქი და თბილშივე ჩავყაროთ შაქარი. შიგ უნდა ჩადნეს, რათა ცომში უშნოდ არ გამოჩნდეს მისი კრისტალები (შევამჩნიე რომ ძალიან უხეშია და ვერ ასწრებს დადნობას ცხობისას, ამიტომ ან უნდა დაფქვათ, ან ასე უნდა ჩაადნოთ) ჩავამატოთ თაფლი, ყველა სანელებელი და კვერცხი (1 ცილა გადაინახეთ)

ბოლოს ვამატებთ ფქვილსა და სოდას. მოვზილოთ ცომი: ის იქნება რბილი, მაგრამ ხელებზე არ ეწებება. გავაჩეროთ მაცივარში, ცელოფანში გახვეული, დაახლოებით 30 წუთი. თუ მეტი ხნით მოგიწევთ გაჩერება, მაშინ გამოცხობამდე გამოიღეთ რომ მორბილდეს.

გააბრტყელეთ (სასურველია ფქვილის გარეშე, არამწებავ ზედაპირზე ან კულინარიულ ცელოფანზე) დაახლოებით 0.5 სანტიმეტრზე და გამოჭერით სასურველი ფორმები,  დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდიან ტაფაზე და 180 გრადუსზე, დაახლოებით 10-15 წუთი აცხვეთ.

ginger cookie

დარჩენილ ცომს ხელახლა აბრტყელებთ და ჭრით, სანამ არ გათავდება

თუ მუქი ფერის თაფლაკვერები მოგწონთ, ან ცომში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი კაკაო, ან ცხობის ბოლოს გრილი ჩაურთეთ რომ დაიბრაწოს ზემოდან.

როცა მთლიანად გაცივდება, შეგიძლიათ მოხატოთ.

მოსახატად, დაგჭირდებათ აისინგი, რომელიც ასე მზადდება: 1 კვერცხის ცილა, ოთახის ტემპერატურის, ათქვიფეთ თეთრი ქაფის მიღებამდე (ბეზე არ გააკეთოთ, უბრალოდ მსუბუქი თეთრი ქაფი)  შეურიეთ გაცრილი  1 ჭიქა (დაახლ. 200 გ) შაქრის პუდრა. ზოგჯერ ლიმონის რამდენიმე წვეთსაც ამატებენ, თუმცა მე არ დამიმატებია. თუ ფერადი გნებავთ, გაანაწილეთ სხვადასხვა ჭურჭელში და შეურიეთ სასურველი საღებავი ან ხილის  ნატურალური წვენი, რამდენიმე წვეთი. შეგიძლიათ თაფლაკვერები პირდაპირ ამოავლოთ ზედაპირით ამ გლაზურში, ან ჩაასხათ სპეციალურ ბოთლში და ისე მოხატოთ. თუ ასეთი ბოთლი არ გაქვთ, მოამზადეთ პერგამენტის ქაღალდისგან პატარა კორნეტები და იქ გაანაწილეთ გლაზური.

მოხატული თაფლაკვერები ცოტა ხნით დატოვეთ მაგიდაზე, მალევე გაშრება და შემდეგ გადაიტანთ კოლოფში

janjafil kacuna

და კიდევ ერთიც: თუ გსურთ თქვენი ნახელავი ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ, გამოცხობამდე გაუკეთეთ პატარა ნახვრეტი :)   ინახება დიდხანს და კარგად, თუ არ შემოგეჭმევათ, რა თქმა უნდა :)

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ :)

jinjer men

პ.ს.  მარხულთათვის ძალიან კარგი და გემრიელი რეცეპტი დევს  აქ , მხოლოდ კარაქი ჩაანაცვლეთ მცენარეული მარგარინით.  მე შარშან სწორედ ამ რეცეპტით ვისარგებლე და რეკომენდაციას ვუწევ :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

12 thoughts on “ჯანჯაფილის თაფლაკვერები

  1. ნინო, პირველ რიგში მადლობა ამ გამოცდილი რეცეპტისათვის :)
    ახლა კითხვა: თბილისში სადმე ხომ არ გეგულება კონკრეტულად ამ კაცუნას საჭრელი ფორმები?
    გემრიელია? ტრადიციულად რომ ითვლება ევროპა-ამერიკაში, ვიცი :)
    და ბოლოს – ალბათ 0.5 სმ-ს, ან 5 მმ-ს გულისხმობ, და არა 0.5 მმ-ს, ხომ? :)

    1. ის მწვანე ფორმა რაც ფოტოზე ჩანს სწორედ თბილისში ვიყიდე 2 ლარად :) შირნჰოფერის გვერდით საკონდიტრო მასალების მაღაზიაა წერეთელზე , იქ შევიძინე შარშან.

      გემო მე ძალიან მომწონს, აქ 1.5 კოვზი ჯანჯაფილი მაქვს, მაგრამ შემდეგში 2-ს დავამატებ, მიყვარს მისი არომატი :) თუ საერთოდ გიყვართ სანელებლები, მაშინ მოგეწონებათ :)
      ნახევარი სანტიმეტრი უნდა იყოს, ჩავასწორებ აუცილებლად :)

      1. ნინო, დიდი მადლობა :) გავაკეთებ საახალწლოდ და კიდევ ერთხელ გეტყვით მადლობას :)

        1. გააკეთეთ და გემრიელად მიირთვით :) ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ :)

          1. ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ :) ადრე აღმოვაჩინე და მერე ვეძებდი, სახელი მახსოვდა არა სწორად. ამ გაზაფხულზე რემონტს ვაპირებთ და ხშირად გესტუმრებით ინტერიერის დიზაინისთვის რჩევების მისაღებად :) სპეციალიზირებული ბლოგების კითხვა მიყვარს :)

          2. დიდი მადლობა, ნინო :)
            თუ რამით შევძლებ, სიამოვნებით დაგეხმარებით :)
            პ.ს. მეც ნინო მქვია

  2. ზარდანჩო არ ვიცი, მაგრამ მერი პოპინსი ყიდულობდა ბავშვებთან ერთად ჯანჯაფილის თაფლაკვერებს <3
    :)

  3. რაც რატატუიმ და ნინომ ეს შესანიშნავი ფორმები მაჩუქა უკვე 2–ჯერ დავაცხვე თაფლაკვერები. ყველას ძალიან მოგვეწონა–ბავშვებს განსაკუთრებით, ყველას სათითაოდ კიდებდნენ ხელს და მერე ზოგს ფეხი მოაჭამეს, ზოგს ყური და ასე იხალისეს :) აქვე, თქვენი ნებართვით ჩემს მოკრძლებულ გამოცდილებას გაგიზიარებთ : ფორმების დაჭრის შემდეგ ხელით ვცადე ისინი გადამეტანა საცხობ ფორმაზე, მაგრამ ზოგ ირემს ხან რქა დაუგრძელდა და ხან ფეხი :))) მერე შპატელი (ან რამე მსგავსი ბრტყელი დანისმაგვარი საგანი) გამოვიყენე და ისე გადავაბრძანე უმტკივნეულოდ. რაც შეეხება მორთვას – მე სპეციალური ბოთლი არ მქონდა, ქაღალდის კორნეტების ნერვი არ მეყო სამწუხაროდ – ამიტომ ასეთი რამე მოვიფიქრე: ჩვ. 10 გრამიანი შპრიცით (ნემსის გარეშე რათქმაუნდა :)) მოვხატე, ძალიან გამომადგა მე პირადად.
    დიდი მადლობა ხალხო, რატატუი ჩემი ბოლო დროის სერიოზული გატაცებაა, გულწრფელად მიყვარს ეს ბლოგი და მისი ავტორები დაუსწრებლად :*!!!

    1. პირველ რიგში უდიდესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის :) ეს იმხელა სტიმულია ჩემთვის :) მეორე მადლობა კი ამ ჭკვიანური რჩევისთვის, შპრიცი ნამდვილად არ მომფიქრებია, კარგი იდეაა.

  4. წელს უნდა გავაკეთო საშობაოდ, დიდი მადლობა რეცეპტისათვის. დარიჩინის გარეშე გიცდიათ? მეუღლე ვერ იტანს დარიჩიმ და მე ძალიან მიყვარს.. და პილპილიც მეუცნაურა ცოტა : ))

Leave a Reply

Top