თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > ეკლერი და შუ

ეკლერი და შუ

ამ გემრიელი დესერტის რეცეპტს ბლოგის მკითხველები ხშირად თხოულობენ, ამიტომ, გადავწყვიტე, ერთი პოსტი მათაც მივუძღვნა, ნამდვილად იმსახურებენ!  ეკლერი და შუ ერთმანეთისგან მხოლოდ ვიზუალით განსხვავდება,ამიტომაც გავაერთიანე.

ეს ნამცხვარი უშაქრო, მოხარშული ცომით და კვერცხით მზადდება, ძალიან მარტივია და თუ რეცეპტს მიჰყვებით, აუცილებლად გამოგივათ.

რადგან ცომი უშაქროა, გამოცხობის შემდეგ შეიძლება როგორც ტკბილი კრემით,ასევე  არა ტკბილი შიგთავსით ამოვსება, შედეგად, დესერტის ნაცვლად გემრიელ აპეტაიზერს მიიღებთ. ამ ვარიაციებზე მოგვიანებით, სხვა პოსტში მოგიყვებით, ახლა კი გთავაზობთ ეკლერსა და შუს მოხარშული კრემით.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 ჭ (250მლ) წყალი (ან რძე და წყალი 50/50)
100გ კარაქი (ან მარგარინი)
1 ჩ.კ. შაქარი
0.5 ჩ.კ მარილი
1 ჭ ფქვილი (იგივე ზომის ჭიქით რითაც წყალი)
5 მსხვილი კვერცხი

მოხარშული კრემისთვის:

3 კვ. გული
300მლ რძე
80 გ ყავისფერი  შაქარი (თეთრიც შეიძლება)
40 გ სიმინდის სახამებელი (პურის ფქვილითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ)
100 გ კარაქი
ვანილი

ცომისა და კრემის მომზადების წესს ამ ბმულზე იხილავთ

ცომის ნაწილით ეკლერები გავაკეთე (1-ლი ფოტო), რომელსაც გამოცხობამდე თავზე ნუშის ფირფიტები მოვაყარე, შესაბამისად, უკვე მზა მხოლოდ შაქრის პუდრით გავალამაზე.

ნაწილით შუ გამოვაცხე

გაციების შემდეგ, თავი მოაჭერით, კრემით ამოავსეთ და ისევ დაახურეთ ქუდი, ან წვრილთავიანი საკონდიტრო შპრიცით შეუყვანეთ კრემი.

გეთანხმებით, რომ შოკოლადის დასხმა უფრო აკურატულადაც შეიძლებოდა ;) თუმცა გემოზე ეს არ ასახულა…

ამ კონკრეტულ შემთხვევაში,კრემში პატარა ცვლილება შევიტანე: დავამატე ფორთოხლის ცედრა და ზეთი – კრემებს და ცომეულს არაჩვეულებრივ არომატს ანიჭებს და ხშირად ვიყენებ. მისი მომზადება მარტივად შეიძლება, სულ რამდენიმე წუთში. ფორთოხლებს ააცალეთ ბოსტნეულის სათლელით კანის თხელი ფენა, თეთრი ნაწილი მინიმუმამდე რომ იყოს, დაამატეთ იგივე რაოდენობის შაქარი,  დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპში გაატარეთ 2-ჯერ. გადაიტანეთ მინის ქილაში და მაცივარში შეინახეთ. რაღაც დროის შემდეგ,ცედრა ზეთს გამოყოფს და შაქარიც დადნება.

ამ ცედრისა და თხილის პრალინეს დახმარებით (რომლებიც ერთმანეთს ძალიან მოუხდნენ ) მოხარშულ კრემში რძის გემო შევნიღბე, მე ხომ  რძის გემო და სუნი შავ სიაში მაქვს შეტანილი :) ასეთი წესით მომზადებული კრემი კი მეც დავაგემოვნე :)

თუ გინდათ, რომ  მოხარშულ კრემს მეტი სიმსუბუქე შესძინოთ, გირჩევთ ათქვეფილი ნაღები შეურიოთ.

კომენტარები

კომენტარი

13 thoughts on “ეკლერი და შუ

  1. დედაჩემი მანებივებრდა ხოლმე შუებით :D დიიდი ფუმფულა შუ გამოსდიოდა ხოლმე :)
    ახლა აღარ სცალია :(

  2. ვაიმე, თამუ, როგორ გამოსდიოდა მერე მასეთი ფუმფულა შუები დედას, ჰკითხე რა!!! :(
    ნინო, 2 დღის წინ ვცადე თქვენი რეცეპტის მიხედვით მეც გამეკეთებინა!
    კრემი კარგი გამოვიდა, მომეწონა. მაგრამ თავად შუები – total fail! :(
    ანუ მძაფრი კვერცხის გემო დარჩა შუს, და ძირი საერთოდ არ გაუკეთდა, ყველაფერი ზემოთ ამოფუვდა, ხოლო რაც დარჩა საცხობ ფორმას მიეკრა და ვერაფრით ვერ ავიღე ზემოთ, თანაც ძალიან მყიფე იყო და იფშვნებოდა :(
    არ ვიცი რა შემეშალა, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც გეწერათ! :(

    1. ვერ ვხვდები რისი ბრალი შეიძლება იყოს :( კვერცხის გემო არ უნდა დარჩენოდა, მე საცხობ ფორმასაც არ ვუსვამ ცხიმს,პირდაპირ ვალაგებ და 170-180 გრადუსზე ვაცხობ, ბურთებივით ხდებიან… თუმცა ერთი საცხობი ფორმა მაქვს, არასდროს ვიყენებ, რადგან ყველაფერი ეკრობა და ძირი ეწვება, ზემოთ კი უმი რჩება :( იქნებ აქაც საცხობი ფორმაა დამნაშავე? თუ ქვემოთ დაწვა და ზემოთ ვერ გამოაცხო, შეიძლება იმიტომ დარჩა კვერცხის გემო…. ძალიან მიჭირს ასე ზეპირად რჩევის მიცემა

      1. ნინო, ანუ თავიდანვე 170-180 გრადუსზე აცხობთ?
        მე 15 წუთი 200 გრადუსზე ვაცხვე და მერე კიდევ 15 წუთით 160-150 გრადუსზე, და ასეთი გამოვიდა, ცოტა ზედმეტად მუქიც. :(

    2. ანალოგიური დამემართა მეც .. ფორმაზე მიეკრა და ზემოდან წებვანი დარჩა და საშინელი კვერცხის სუნი ქონდა.. მაგრამ ჩემი ბრალია ალბათ დიდი მცხობელი არ ვარ ეხლა ვსწავლობ ყველაფერს :(( არადა დედაჩემი აცხობდა ხოლმე ადრე ძალიან კარგები გამოსდიოდა :((

      1. მარიკო, წესით არ უნდა იკრავდეს, რადგან საკმაო ცხიმს შეიცავს, ფაქტია რომ რასაც ფოტოზე ხედავთ, ამ რეცეპტითაა მომზადებული თან არა ერთხელ. ეხლა რაშია საქმე: მე რამდენგანმე წავიკითხე რომ ჯერ 200 გრადუსზე ცხვება, შემდეგ აკლებ ტემპერატურას, მაგრამ ჩემს ღუმელში ასე არ გამოდის კარგი, 1-2-ჯერ მეც არ გამომივიდა ტავიდან, გარედან კარგად ფუვდებოდა, შიგნით სველი იყო. მე ჩემი ღუმელი უკვე კარგად შევისწავლე და ასე ვთვათ ”დავამუღამე ” :D ანუ ჩემთან კარგი შედეგისთვის საჭიროა მთლიანად 180-ზე ვაცხო, შენი ღუმელი როგორია ამ მხრივ? საბოლოოდ ყველაფერი პრაქტიკის საქმეა, გგონია მე არ გამფუჭებია? მაგრამ არ ვეშვები ხოლმე. სხვა რა გირჩიო ასე შორიდან, არ ვიცი :(

      2. ალბათ არ მოვინდომე საკმარისად :)) ჩემი პრობლემა ისაა რომ საერთოდ არ ვარ ტკბილეულის მოყვარული (ერთადერთი ადამიანი ვარ ალბათ ამ მხრივ) მაგრამ ჩემი მეუღლე პირიქით გიჟდება ტკბილეულზე .. ამიტომ იძულებული ვარ ვისწავლო ნელ ნელა :))

  3. საცხობი ფორმის რისკები რომ აიცილოთ თავიდან, საცხობი ქაღალდი (გასანთლული კალკა, იყიდება ყველგან, სადაც საკონდიტრო ცელოფანი და ვერცხლის ქაღალდი იყიდება) გამოიყენეთ და მიკვრა გამორიცხული იქნება.

    1. მე რაზეხ ვაცხობ, იმას ქაღალდი არ ჭირდება ხოლმე, იდეალურაც აცხობს :) მაგრამ თუ ეჭვი მეპარება, მაშინ ვიყენებ ქაღალდს. იმ ცუდ ფორმას კი ვერც ქაღალდი შველის, უბრალოდ არ ვხმარობ და ეგაა :(

      1. ჰო მე მაქვს ეგეთი საეჭვო საცხობებიც და ქაღალდი მისწრებაა :)) თან, მერე გასარეცხადაც ადვილია და ახალი პორციის დაწყობის წინ არ მიწევს გარეცხვა ან თუნდაც გაწმედა, ქაღალდს ვცვლი და უკვე გამომცხვარიც სწრაფად გადმომაქვს ტაფიდან.

  4. ნინო, თქვენი რეცეპტები ძალიან მომწონს და ხშირად ვიყენებ. მაინტერესებს: შუს ცომს რომ მოვამზადებთ მაშინვე უნდა გამოვაცხოთ თუ ვაცადოთ ცოტა ხანს ? :)

    1. ნატალია, პირველ რიგში გმადლობთ :) შეკითხვას რაც შეეხება, ძირითადად მაშინვე ვაცხობ, თუმცა რამდენჯერმე ვერ ვასწრებდი და საკონდიტრო ტომარაში ჩასხმული მაცივარში გავაჩერე და მერე გამოვაცხე. ორივე შემთხვევაში კარგად გამოცხვა

Leave a Reply

Top