თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > Deviled eggs – უგემრიელესი ფარშირებული კვერცხი

Deviled eggs – უგემრიელესი ფარშირებული კვერცხი

ფურშეტებისთვის, სადღესასწაულო სუფრებისთვის ან წვეულებისთვის ეს კერძი უბრალოდ შესანიშნავია. გარდა იმისა რომ იაფია, ძალიან გემრიელია და კარგადაც გამოიყურება. შეგიძლიათ მიმართოთ იმპროვიზაციას და კვერცხის გულში დაამატოთ ნებისმიერი არომატი, რაც მოგწონთ ან კერძს უხდება.

deviled eggs

კონკრეტულად ამ რეცეპტში მე გამოვიყენე:

  • 15 კვერცხი
  • 1/3 ჭიქა სახლში მომზადებული მაიონეზი
  • 1-2 კოვზი არაჟანი
  • მარილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • მდოგვი გემოვნებით
  • კამა, მწვანე ხახვი
  • 1 პატარა კიტრის მწნილი (ან ნაკლები)

პირველ რიგში მოამზადეთ მაიონეზი ამ რეცეპტის მიხედვით. შეგიძლიათ მზა მაიონეზი გამოიყენოთ, თუმცა სახლში მომზადებული უკეთესია.

მოხარშეთ კვერცხი, გააცივეთ და გაფცქვენით. გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ გულები და ჩანგლით დასრისეთ. დაამატეთ მარილი, წიწაკა, არაჟანი, მდოგვი, მაიონეზი და ძალიან წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი.  წვრილად დაჭრილი მწნილი მთლიანად ერთ ადგილას ჩაამატეთ, შემდეგ დაადეთ ამ ადგილას ბლენდერის ფეხი და კარგად დაამუშავეთ, ისე რომ მწნილი ერთგვაროვან კონსისტენციად იქცეს. შემდეგ მთლიანი მასა ათქვიფეთ. საბოლოოდ არავითარი ხორკლები არ უნდა დარჩეს, მხოლოდ კრემისებური ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. მდოგვი და არაჟანი შეგიძლიათ ეტაპობრივად ჩაამატოთ სასურველი გემოს/კონსისტენციის მიღებამდე. გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და შეინახეთ მაცივარში. ახალმომზადებული “ფარში” შედარებით თბილია და თხელი, გაცივების შემდეგ უფრო გასქელდება, ტომრიდანაც ლამაზად გადმოვა და ფორმას შეინარჩუნებს.

კვერცხის ცილები ამოავსეთ მიღებული კრემით, მოაფრქვიეთ ცოტა წითელი წიწაკა, მოაყარეთ მწვანე ხახვი და კამა. ვუალა – უგემრიელესი deviled eggs მზადაა!

იდეები შიგთავსისთვის:

კვერცხის გულის შესაზავებლად ძირითადი ინგრედიენტები გახლავთ მაიონეზი, მდოგვი, მარილი და წიწაკა. დანარჩენი თქვენი გემოვნების საქმეა. შეგიძლიათ მოაკლოთ მწნილი და დაამატოთ კაპერსი, ან ნიორი, ან შემწვარი ბეკონი (იგივე მეთოდით დააბლენდერეთ, როგორც მწნილი), ან შებოლილი ორაგული. მოკლედ, რაც გესიამოვნებათ ან აღმოგაჩნდებათ მაცივარში.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top