თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ცომეული > კრუტონები

კრუტონები

არის ვინმე, ვისაც არ უყვარს ეს არომატული, ხრაშუნა კრუტონები? ალბათ არა:)  მაღაზიებში ბევრნაირი იყიდება, მაგრამ ვერცერთი ახლოსაც ვერ მივა სახლში მომზადებულთან! არადა რომ იცოდეთ, რა მარტივად და სწრაფად მზადდება, აღარც იყიდდით აღარასოდეს, მით უფრო, რომ თქვენი მომზადებული არც ემულგატორებით იქნება გაძეძგილი და არც გემოს მიმცემი დანამატებით…

ეს კრუტონები  ძალიან გემრიელია წვნიანებთან, სალათებში (არა მაიონეზიანში), ლუდთან საკნატუნოდ ან ისე, ცალკე, ყველაფრის გარეშე :)

სანელებლები და არომატული ბალახები, შეგიძლიათ ცვალოთ იმის მიხედვით, თუ რა კერძის თანმხლებად გინდათ მათი გამოყენება. მაგალითად პამიდვრის სუპს ბაზილიკიანი მოუხდება და ა.შ. მიენდეთ თქვენს გემოვნებას.

მაშ ასე, მოიმარაგეთ:

  • თეთრი, რუხი ან შავი პური (რომელიც გიყვართ)
  • ზეთი (სასურველია ზეითუნის, ან მზესუმზირის ზეთთან შერეული)
  • ორეგანო
  • მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა
  • ნიორი

პური უნდა იყოს, როგორც მეღვინეები ამბობენ,  1-2 დღის დაძველებით, ის უფრო გამომშრალია და უკეთესი კრუტონები მომზადდება.

პურს ააჭერით ქერქი,  დაჭერით ნაჭრებად, შემდეგ კი სასურველი ზომის კუბებად.

თასში ჩაასხით ცოტა ზეთი, შეურიეთ სანელებლები, ნიორი. პურის ნაჭრები ჩაყარეთ ამ თასში და ხელით სწრაფად ამოურიეთ რომ ყველა ნაჭერი ამოისვაროს სურნელოვან ზეთში.

პარალელურად გახურებული უნდა გქონდეთ ღუმელის  გრილი.  პურები გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, თუ ზეთი მოგრჩებათ თასში, ზედ მოასხით, კარგად გაანაწილეთ და შედგით გრილის ქვეშ, ახლოს. მზადდება სწრაფად, ამიტომ მუდმივად აკონტროლეთ, როგორც კი მოიბრაწება ზემოდან, ამოურიეთ . მე ყველა კრუტონი,რომელიც მორევით არ ამოტრიალდა, ხელით ამოვაბრუნე რომ ყველა მხრიდან დაბრაწულიყო.

თუ თქვენს ღუმელს გრილი არ აქვს, მაშინ ჩვეულებრივად გაახურეთ ქვემოდან და ისე დაბრაწეთ, ხოლო თუ არც ღუმელი გაქვთ, ტაფაზეც მშვენივრად შეიძლება ამის გაკეთება, დაბალ ცეცხლზე.

შეგიძლიათ დაამატოთ ქონდარი, ბაზილიკი, შავი პილპილი ან სხვა სასურველი სანელებელი.

ვაკეთებ მეორენაირადაც: ტაფაზე ზეთში ვწვავ ნივრის კბილებს, რომელსაც შემდეგ ვაგდებ და ამ ნივრიან ზეთში ვბრაწავ პურის ნაჭრებს. ესეც გემრიელია.

პ.ს. და რომელი ქართული სიტყვა შეესაბამება კრუტონებს, თქვენი აზრით?  ვერაფრით გავიხსენე…

კომენტარები

კომენტარი

15 thoughts on “კრუტონები

    1. კარგი აზრია :) გმადლობ მარი :)

    1. ორეგანო სუნელია, არომატული ბალახი, ჩვენთან იყიდება ხმელი სახით, სადაც სუნელებს ყიდიან, იქ მოიკითხეთ. თუ არ გაქვთ არაა პრობლემა, სხვა სუნელით შეცვალეთ, თუნდაც ხმელი ქონდრით :)

    1. იმდენი ვიფიქრე და არაფერი მომაფიქრდა :) მერე ისევ კრუტონი დავწერე :)))

  1. აუ მე მიყვარს ესენი და დედაჩემი სულ აკეთებს ხოლმე , მაგრამ აარასოდეს აქამდე ისეთი არ გამოდიოდა რა , აი “თითებ ჩასაკვნეტი” ხოდა ახლა ამ რეცეპტით უნდა ვცადოთ <3

    1. რატომ არ გამოდიოდა? ნიორი აუცილებლად უქენი, ძალიან უხდება, ორეგანო თუ ვერ იყიდე, შეცვალე თუნდაც ქონდრით, მაგრამ ორეგანოც უხდება :) და რაც მთავარია, კარგად გამოაშრე , ისე რომ არ დაიწვას, კარგი ხრაშუნა რომ იყოს

  2. კრატუნები მოუხდება თან გავს დასახელებას:0

Leave a Reply

Top