თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > კროსტინი, საუზმე იტალიურად

კროსტინი, საუზმე იტალიურად

იტალიელებს, ფრანგებისა არ იყოს, საოცარი სამზარეულო აქვთ! განსაკუთრებით სიმარტივე მომწონს მასში,  მცირე ინგრედიენტებისგან შექმნილი სრულყოფილი გემო, გამოკვეთილი არომატები, ზეითუნის ზეთი, ბაზილიკი, პასტა ღვინისარომატიანი სოუსით, ყველი ნაირნაირი…   მგონი თქვენც მოგშივდათ, არა? :)  შეგიძლიათ კროსტინი მოიმზადოთ, ხრაშუნა არომატული პური, ადვილიცაა და გემრიელიც.

კროსტინი და ბრუსკეტა ჰგავს ერთმანეთს, მომზადების პრინციპი თითქმის ერთნაირი აქვს. ძირითად განსხვავებად მიიჩნევა მათი ზომა, ბრუსკეტა დიდი ზომის პურის ნაჭრებისგან მზადდება,კროსტინი კი პატარაა,  ხშირად ბაგეტით ამზადებენ. შეიძლება მიირთვათ როგორც ცოცხალი, ისე მოთუშული ბოსტნეულით და ყველით

ორივე  ძალიან გემრიელია და მოსამზადებლადაც ადვილი.

2 ცალი კროსტინისთვის საჭიროა:

2 ნაჭერი პური

1 კბილი ნიორი

1 პამიდორი

ბაზილიკის რამდენიმე ფოთოლი

2-3 ს.კ  ზეითუნის ზეთი

1 ს.კ ლიმონის წვენი

მარილი და პილპილი

შეგიძლიათ ყველიც დაამატოთ

დაჭყლეტილი ნიორი და ზეთის ნაწილი ერთმანეთს შეურიეთ, გადაუსვით პურის ნაჭრებს და  შედგით ღუმელში 200 გრადუსზე ან გრილის ქვეშ. პპურები უნდა შეოქროსფრდეს და ხრაშუნა გახდეს.

თუ ღუმელის ანთებას ერიდებით, პურის მომზადების მეორე გზაც არსებობს: ტოსტერში ან  სენდვიჩის აპარატში გახუხეთ, შემდეგ წაუსვით ნივრიანი ზეთის ნარევი ან ტაფაზე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში შებრაწეთ და შუაზე გაჭრილი ნიორი ცხელსვე გადაუსვით.

პამიდორი დაჭერით კუბებად, ზედმეტ სითხეს და თესლებს ნუ მიაყოლებთ. მოასხით დარჩენილი ზეთისა და ლიმონის წვენის ნაზავი, მარილი, პილპილი და დაჭრილი ბაზილიკიც მოაყარეთ. დაადეთ პურის ნაჭრებს და მიირთვით.

ბაზილიკი ძალიან უხდება, საოცარ არომატს სძენს პამიდვრიან კერძებს, მაგრამ თუ არ გაქვთ რეჰანი ან შაშკვლავი გამოიყენეთ

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

5 thoughts on “კროსტინი, საუზმე იტალიურად

  1. ყველაფერი გენიალური მართლაც მარტივია რა! მადლობა ნინო! აგანსაკუთრებული რეცეპტების ავტორი ხართ. მართალია სულ ახლახანს აღმოვაჩინე რატატუი, მაგრამ მისი შეყვარება უკვე მოვასწარი!

    1. მია,პირველი წინადადება ამართლებს 100%, კულინარიაში განსაკუთრებით :) და რომ იცოდეთ რამხელა სტიმულია ჩემთვის ასეთი კომენტარები :) უღრმესი მადლობა, რომ მოგწონთ და კითხულობთ ჩვენს ბლოგს :) ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველა მკითხველის აზრი :)

      1. რას ამბობთ, ასეთი კარგი ავტორები ამ ბლოგს რომ ჰყოლია დღეს ნამდვილად იშვიათობაა – ძალიად დიდი მადლობა რომ ყველაფერ ამას უანგაროდ აკეთებთ. აქ ყველაფერი დახვეწილია, თვით ფოტოებიც კი. ვაპირებ სპეციალურად შევიძინო ბლოკნოტი სადაც მხოლოდ რატატუის რეცეპტებს ჩავწერ!
        პს – სპეციალური მადლობა ,,შუა დღეს” – მისი საშუალებით აღმოგაჩინეთ! :)))

Leave a Reply

Top