ფენოვანი კალათები ხილით - უგემრიელესი საუზმე შაბათ-კვირისთვის მინიმალური ინგრედიენტებით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ფენოვანი კალათები ხილით – უგემრიელესი საუზმე შაბათ-კვირისთვის მინიმალური ინგრედიენტებით

ფენოვანი კალათები ხილით – უგემრიელესი საუზმე შაბათ-კვირისთვის მინიმალური ინგრედიენტებით

და აი, საუკუნოვანი დუმილის შემდეგ, როგორც იქნა მოვიტანე თითები კლავიატურასთან და უგემრიელესი, უმარტივესი რეცეპტის წერას შევუდეგი!  იდეას ვუმადლი ფეისბუქის სქროლვისას “შემოფეთებულ” ერთ-ერთი კულინარიული გვერდის ვიდეოს. მაგრამ არ მკითხოთ რომელს – აღარ მახსოვს, ასეთი გვერდი მილიონი მაქვს :)) გულწრფელად რომ გითხრათ, მინდა უფრო აქტიური გავხდე, ყოველდღიურად უამრავ გემრიელ რეცეპტს ვათვალიერებ და ვინიშნავ, ვგეგმავ გავაკეთო და ბლოგზე გაგიზიაროთ. საბოლოოდ კი ამდენ რეცეპტებში ვიბნევი, უფრო ხშირად კი უბრალოდ ვიღლები და ვეღარაფერს ვაკეთებ. ფუდ-ბლოგერობა მხოლოდ მოამზადე-ჩააჩხაკუნე-მიპოსტე ხომ არ არის! კიდევ ბევრი დეტალია, სადაც ფრანგების თქმისა არ იყოს, ეშმაკები იმალებიან :)

რითია ეს რეცეპტი განსაკუთრებული? პირველ რიგში – ძალიან გემრიელია! მეორე-მესამე რიგში – მარტივია და ამერიკული რეალობისთვის იაფიც. ქართულ რეალობაში, ვიცი, ქრიმ-ჩიზის ფასი იკბინება :D

შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც საუზმე, ან როგორც  დესერტი. ვფიქრობ, ქრიმ-ჩიზის შეცვლა ხაჭო-არაჟნის ნარევით შესაძლებელია (ქართული კაფეების უმეტესობის ჩიზქეიქებიც მეტი კი არაფერია :D შაქრიანი და ჟელატინიანი არაჟანია).

მოკლედ, ასე დაიწყო ეს ამბავი

და ასე დამთავრდა :)

pastry2

  • 400-450 გ მზა ფენოვანი ცომი
  • 250 გ ოთახის ტემპერატურის ქრიმ-ჩიზი
  • გაყინული (ან ცოცხალი, სეზონზე) ხილი, უმჯობესია კენკრა
  • 2 ს.კ შაქარი
  • ვანილი
  • 2 ს.კ ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ ლიმონის ცედრა
  • ათქვეფილი კვერცხის გული

მიქსერით, ან სულაც ხელით, გათქვიფეთ დარბილებული ქრიმ-ჩიზი. დაამატეთ შაქარი, 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (არ შეგეშალოთ ვანილინის კრისტალებში, რომელიც გავრცელებულია საქართველოში, ექსტრაქტი შავი ფერის სითხეა, რადგან თავად ნამდვილი ვანილიც შავია, კრისტალები კი სხვაა და უფრო ცოტა გამოიყენება). ასევე დაამატეთ ლიმონის ცედრა და წვენი.

ფენოვანი ცომი (ცივი, მაგრამ არა გაყინული), დაჭერით სასურველ ზომაზე, კვადრატებად ან რგოლებად, ზემოდან, ცენტრში დაადეთ 1-2 კოვზი ქრიმ-ჩიზი და ხილი (მე გაყინული კენკრა გამოვიყენე: მოცვი, ჟოლო, მაყვალი…)  ცომს ნაპირებზე ფუნჯით გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი

pastry3

შედგით გამოსაცხობად დაახლოებით 15 (+/-) წუთი 180 გრადუსზე. კრემი ცხობისას ძალიან ფუვდება, თუმცა შემდეგ დაიწევს.

pastry1

მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში :)

გემრიელად მიირთვით!

თუ ვარჯიში არ გეზარებათ, თამამადაც :D

 

Edited:  ბევრი შეკითხვა მივიღე ქრიმ ჩიზთან (კრემ-ყველთან) დაკავშირებით. როგორც ჩანს, საქართველოს მაღაზიების დახლებზე ჯერ კიდევ “უცხო ხილია”, არა და მშვენიერი პროდუქტია და მისი გამოყენებაც ბევრ რამეშე შეიძლება. ქრიმ-ჩიზი გახლავთ კრემისებური , უმარილო, თეთრი ფერის პროდუქტი. კონსისტენციით წააგავს მდნარ ყველას, თუმცა მისგან აბსოლუტურად განსხვავებული გემო აქვს. ამერიკაში, როცა ამბობენ ქრიმ ჩიზს, როგორც წესი, გულისხმობენ ქრიმ ჩიზ “ფილადელფიას”.  მისი გამოყენება უამრავ რამეში შეიძლება. ძალიან კარგი ტორტის, ნამცხვრის კრემებში, თევზიან ან ბოსტნეულიან სენდვიჩებსა და ბუტერბროდებში, შეიძლება მომზადდეს სხვადასხვანაირი ე.წ. დიპი “dip”.

პროდუქტი გამოიყურება ასე:

NCI_cream_cheese_bagel  Philadelphia-Cream-Cheese-Coupons1-1024x1024 8-ounce-cream-cheese-18

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top