ცოტა რამ ნაღებზე |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სხვადასხვა > ცოტა რამ ნაღებზე

ცოტა რამ ნაღებზე

whipped-creamბლოგზე განთავსებულ ტკბილეულის რეცეპტებში ხშირად შეხვდებით ნაღებს. ბევრმა ახალბედა, მოყვარულმა კულინარმა არ იცის რა პროდუქტია და როგორ შეიძლება გამოიყენოს. ნაღების შესახებ კითხვა ბევრჯერ დაუსვამთ, ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტში ვუპასუხო ყველა შეკითხვას.
ნაღებისგან მომზადებული კრემი უფრო მსუბუქი და ნაზია ვიდრე კარაქიანი, თან ძალიან მარტივად კეთდება, ამიტომ ხშირად ვიყენებ.
იყიდება ორი სახის ნაღები: თხევადი, მუყაოს კოლოფებით და ფხვნილი.  ნამდვილი ნაღები სწორედ თხევადი ნაღებია, აქვს ოდნავ მოყვითალო ფერი და მოტკბო გემო. განსხვავდება პროცენტულობის მიხედვით. დაბალ პროცენტიანი ნაღები (10%, 20%, 23%)  განკუთვნილია სოუსების მოსამზადებლად  და მისგან კრემი არ ითქვიფება. ასათქვეფად გამოდგება მინიმუმ 32%-იანი ნაღები, ხოლო 36 და 38%-იანი კიდევ უკეთესია.
კრემის მომზადებამდე ნაღები კარგად უნდა გაცივდეს მაცივარში, სასურველია რომ ის ჭურჭელიც გააციოთ, რომელშიც აპირებთ მის გათქვეფას. ფრანგი კონდიტერების რჩევაა, ნაღებიანი თასი ყინულიან ჯამში მოვათავსოთ და ისე ავთქვიფოთ, თუმცა პირადად მე ეს მეთოდი არ მიცდია, უბრალოდ დამეზარა…
ერთი რჩევაც: ნაღები გათქვიფეთ მაღალ გვერდებიან თასში, თორემ, შეიძლება მთელი სამზარეულო გაწუწოთ. თქვეფა დაიწყეთ დაბალი სიჩქარით და როცა ოდნავ შესქელდება, სიჩქარეს მოუმატეთ. როცა კრემი საკმარისად გასქელდება და ფორმას დაიჭერს, შეწყვიტეთ თქვეფა.  თუ ნაღების სიტკბო არ გაკმაყოფილებთ, შაქრის პუდრა დაამატეთ, შაქარს არ გირჩევთ, ძნელად დნება, ზედმეტი თქვეფისგან კი კრემის ნაცვლად კარაქს მიიღებთ. გამოყენების წინ კრემი ცოტა ხნით კიდევ შედგით მაცივარში.

რამდენიმე სიტყვას ნაღების ფხვნილზეც გეტყვით. ის, რა თქმა უნდა ,ახლოსაც ვერ მივა თხევადი ნაღებისგან დამზადებულ კრემთან. თუმცა უფრო იაფი ღირს და ეკონომიურია. ინსტრუქციის მიხედვით რძესთან ერთად ითქვიფება და არც შაქრის დამატება სჭირდება. მე უფრო გემრიელ ვარიანტს შემოგთავაზებთ: უკეთეს შედეგს მიიღებთ თუ ფხვნილს დაბალპროცენტიან ნაღებთან გათქვეფთ, ეს ნაღები უფრო იაფიც ღირს და გემოთიც უკეთესია რძიანზე, შეიძლება მეორენაირადაც-კარგი ხარისხის არაჟნთან და ცოტა შედედებულ რძესთან ერთად გათქვიფეთ, ვანილი კი ყველა შემთხვევაში დაამატეთ.

8ba5d-vanilla-cupcakes-with-sweetened-whipped-cream-frosting

კომენტარები

კომენტარი

3 thoughts on “ცოტა რამ ნაღებზე

  1. მადლობა ნინო, ფხვნილზე რჩევები გამომადგება, 1-2ჯერ უშედეგო მცდელობა მქონდა ფხვნილისგან კრემის გაკეთების და მას მერე არ გავკარებივარ :D

  2. ვაიმე, როგორ მიყვარს კრემიანი ნამცხვრები, იმიტომ რომ ში კრემია :))) ხოოოდა ხომ არ მეცადა მე თვითონ მომეხლაფორთებინა :))) რაღაც ისე ადვილად არის აქ აღწერილი, მგონი ღირს ცდად ;)

  3. პოსტში დამავიწყდა დაწერა და აქ დავამატებ: თუ თხევად გასათქვეფ ნაღებს აწერია მცენარეული ან სამარხვო, არ გირჩევთ ყიდვას, რადგან ძალიან, ძალიან უგემურია :( ერთხელ შევცდი და ვიყიდე, ქაფივით იყო და ცელოფნის გემო ჰქონდა (დარწმუნებული ვარ ცელოფანს სწორედ ასეთი გემო აქვს).მზადდება სოიოსგან და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ნაღებთან

Leave a Reply

Top