თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > ფონდიუ

ფონდიუ

ფონდიუ შვეიცარული კულინარიის ერთერთი გამორჩეული კერძია, გამორჩეული ძირითადად ალბათ იმით, რომ დღეს, როცა ევროპული სუფრა სულ უფრო და უფრო ნაკლებად იცნობს არაინდივიდუალურ ანუ საზიარო, საერთო კერძებს, ფონდიუ დღესაც აერთიანებს სუფრის გარშემო მსხდარ ადამიანებს.

ამბობენ, რომ ფონდიუ მწყემსების მოგონილია (სხვათა შორის, ძალიან საინტერესოდ აქვს აღწერილი ამ კერძის ისტორია ირმა იანტბელიძეს) და თავის დროზე გამხმარი და მოძველებული ყველის დასარბილებლად მოიფიქრეს მისი გადნობა და ნიორ-ღვინით შეზავება. დღეს ფონდიუს უამრავი რეცეპტი არსებობს და ის არა მხოლოდ ყველით, არამედ შოკოლადითაც კეთდება.

ჩემი ფავორიტი მაინც ნამდვილი, ყველის ფონდიუა, შოკოლადი და მასში ამოვლებული ხილი თუ მარშმელოუ კი “ფრონცკი” ვერსია მგონია.

ყველის ფონდიუ ძირითადად გრუიერისა და ემენტალის შეზავებით კეთდება, თუმცა პირველ მათგანს მე თბილისში ვერსად წავაწყდი, სხვა ყველის ჩანაცვლებით კი ხან ძალიან თხელი გამოვიდა, ხანაც ზედმეტად წელვადი. ამიტომ გუდვილსა და კარფურში ვყიდულობ მზა დახეხილ ყველს (რამდენიმე კომპანიის წარმოებისაა, 12-15 ლარის ფარგლებშია ფასი, 2 მშიერ ან 4 ნაკლებადმშიერ თავისუფლად ადამიანს დააპურებს :D).

მაშ ასე, რა გვჭირდება:

  • ყველი (მზა, დახეხილი, ან გრუიერი+ემენტალი) – 400 გრამი
  • თეთრი ღვინო – 2/3 ღვინის ჭიქა (ყველში შესარევად) + 1 ბოთლი სუფრასთან მისაყოლებლად
  • ნიორი – ერთი დიდი ან 2 პატარა კბილი
  • შავი პილპილი – გემოვნებით

fondue pot

და მთავარი: ფონდიუს სპეციალური ქვაბი, ქვემოდან სპირტქურითა და სპეციალური ჩანგლებით. სხვათა შორის ჩვენთან უკვე იყიდება: იაფი ვერსია დიღმის გუდვილში, ხოლო უკეთესი – მაღაზია Gipfel-ში რუსთაველზე (ფასები 45 ლარიდან და ზემოთ)

 

 

ვიდრე ყველის მასას სქელძირიან ქვაბში გასადნობად მოათავსებთ, პირველ რიგში ნიორი უნდა აიღოთ, შუაზე გაჭრათ და ტაფის ძირსა და კედლებზე კარგად მოუსვამთ. ზუსტად არ ვიცი ეს რატომ ხდება, მაგრამ “ამის გარეშე არაფერი გამოვა, აუცილებელიაო”, ჩემმა შვეიცარიელმა მასპინძელმა და მეც მჯერა, რომ ასეა საჭირო.

ამის შემდეგ ქვაბში ყველს ათავსებთ, თითქმის 2/3 ჭიქა თეთრ ღვინოს (ჩაის არა, ღვინის ჭიქას) და წვრილად დაჭრილ ნიორს უმატებთ და დაბალ ცეცხლზე დგამთ.

fondue2

 

ყველს ხის კოვზით ხშირად, თითქმის მუდმივად უნდა ურიოთ, რომ მასა თანაბრად შეერიოს ღვინოს და ძირზეც არ მიიწვას. როცა ყველაფერი კარგად გაცხელდება და მასა ერთგვაროვანი გახდება, შავი პილპილით უნდა შეაზავოთ და ფონდიუს სპეციალურ ქვაბში გადაიტანოთ. სპეციალურ ქვაბს, როგორც უკვე გითხარით, ქვემოდან სპირტქურა ახლავს ხოლმე, ან შეგიძლიათ დეკორატიული სანთელი შეუნთოთ, რომ გამდნარმა ყველმა სიმხურვალე შეინარჩუნოს და არ გამაგრდეს.

fondue3

 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სპეციალური მომზადება ჭირდება პურსაც, რომლითაც ფონდიუ უნდა მიირთვათ. ამისთვის საჭიროა ოდნავ გამხმარი, რამდენიმე დღის მაგარი პური, რომელსაც პატარა კუბიკებად დაჭრით და საპურე თეფშზე დააწყობთ. ფონდიუს მირთმევისას სპეციალური ორკაპა ჩანგლით პური ყველში კარგად უნდა ამოავლოთ, ყველის მასას ამოურიოთ (რომ ერთგვაროვნება და ტემპერატურა შეინარჩუნოს – ესეც რიტუალის შემადგენელი ნაწილია) და მიირთვათ.

ფონდიუს ძალიან უხდება თეთრი ღვინო, თბილი მყუდრო გარემო სახლში და თოვლიანი ზამთარი გარეთ :)

გემრიელად მიირთვით!

fondue1

fondue

 

და ბოლოს, საინტერესო ვიდეო ფრანგულ ენაზე, ფონდიუს კეთების პროცესის არაჩვეულებრივი ვიზუალიზაციით:

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top