თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სადღესასწაულო > ჩაქაფული

ჩაქაფული

ჩაქაფული ქართული სააღდგომო სუფრის ერთგვარი სიმბოლოა პასკასთან და წითელ კვერცხებთან ერთად. ეს   ძალიან არომატული, განსხვავებული და გემრიელი კერძია, მაგრამ ჩემი აზრით, მეტისმეტად ულამაზო :)  მისი  უამრავი რეცეპტი შეგიძლიათ მოიძიოთ, ყველა თავისებურად ამზადებს და მეც გადავწყვიტე მოგიყვეთ ჩემი ვერსია. რა მომწონს სწორედ ამ რეცეპტში? ის რომ არ არის ტყემლისაგან ზედმეტად მჟავე და არც ღვინო ფარავს დანარჩენ არომატებს. ყველაფერი იგრძნობა ზომიერად, მთავარ როლს კი , რა თქმა უნდა, ტარხუნა თამაშობს.

მე ცხვრის ხორცი არ მიყვარს, მისი სუნის ატანა მომზადების დროს ჩემს ძალებს აღემატება. შესაბამისად არც ბატკნის ხორცს ვიყენებ ხოლმე. ამიტომ ჩემი ვერსია ხბოს ხორცით მოვამზადე. თქვენ შეგიძლიათ ბატკნით მოამზადოთ, რასაკვირველია :)

1.5 კგ რბილი ხორცი

100 გ ტყემალი

1 დიდი კონა მწვანე ხახვი (დაახლ. 70-100 გ)

3 კონა ტარხუნა (დაახლ. 180-200 გ)

2  საშუალო კონა ქინძი

1 საშუალო კონა ოხრახუში

1 თავი ხახვი

250 მლ ღვინო

მარილი

წითელი წიწაკის ფანტელები

chaqafuli

ხორცი საშუალო ნაჭრებად დავჭერი და სქელძირიან ქვაბში ჩავალაგე. რადგან ძალიან ცხიმიანი არ იყო, ცოტა კარაქი ჩავამატე და ძალიან ნელ, თითქმის მბჟუტავ ცეცხლზე დავდგი. წყალი არ დამისხამს.

ყველანაირი მწვანილი და ტყემალი კარგად გავრეცხე და პირსახოცზე შევაშრე. bosch1

ხორცი თავისივე წვენში იხარშებოდა და წყალი არ დამიმატებია.  შუა მზადების დროს წვრილად დაჭრილი ხახვი დავაყარე.  დაახლოებით 1 საათში თუ საათნახევარში, ხორცის წვენმა რომ იკლო, ღვინო დავასხი და ისევ დაბალ ცეცხლზე გავაგრძელე. ერთი სიტყვით, ცეცხლი არ მომიმატებია არც ერთ ეტაპზე.  ხორცი ამ დროს უკვე საკმაოდ რბილი იყო.

ვხარშე კიდევ ცოტა ხანი. ამასობაში მე მწვანილებს მივხედე: ტარხუნის გარდა ყველანაირი მწანილი დავჭერი. ტარხუნას უხეში ღეროდან ფოთლები შემოვაცალე და მსხვილად დავჭერი ( თუმცა შეგიძლიათ არც დაჭრათ).

ღვინის დასხმიდან დაახლოებით 20 წუთში დავამატე ტყემალი და ყველანაირი მწვანილიც ჩავყარე ქვაბში, ისე რომ ხორცი მთლიანად დაფარა. დავახურე თავზე და დაველოდე სანამ ყველაფერი ჩაითუთქებოდა. ბოლოს კარგად ამოვურიე, მარილი და წიწაკაც დავამატე.

ამ რეცეპტით მომზადებულ ჩაქაფულს ბევრი წვენი არ აქვს, თუ უფრო წვნიანი გინდათ, მაშინ ცოტა წყალი უნდა დაამატოთ.

chaqafuli

მიუხედავად იმისა რომ ჩაქაფულის ფან-კლუბის წევრი არ ვარ, სიამოვნებით მივირთვი :) მართლა ძალიან გემრიელია :)

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top