თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ჩახოხბილი

ჩახოხბილი

კერძის სახელწოდებას თუ დავუჯერებთ, სავარაუდოდ, ჩახოხბილის თავდაპირველ ვერსიას ხოხობი შეეწირა, თუმცა არც ისეთი ძველი მგონია, ამ კერძის პირველწყარო თერმულ წყლებში ჩავარდნილი ხოხობი ყოფილიყო.

რაც შეეხება პომიდორს, როგორც ვიცით, მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა და ქართულ წყაროებში XVIII საუკუნის II ნახევრიდან ვხედავთ. ამგვარად, თუ ეს კერძი უფრო ადრეც არსებობდა, ჩვენი წინაპრები მას პომიდორის გარეშე მიირთმევდნენ.

ბარბარე ჯორჯაძის წიგნში „სრული სამზარეულო“ ვკითხულობთ:  

ხოხობი გაბტყვნილი და გამოშიგნული კარგად გარეცხეთ, ააგეთ შამფურზე და ნაკვერჩხალზედ ატრიალეთ შამფურით და თან ფრთით მარილ-წყალი წაუსვით. როდესაც მარილი საკმაოდ წაუსოთ, შემდეგ ფრთით გამდნარი ერბო წაუსვით, მანამ კარგად დაწითლდეს; მერმე ალყად დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ ტაფაში, ნახევარი გირვანქა ერბო დაასხით და ერთი ჩაის კოვზი მარილი ჩააყარეთ. ისე მოხრაკეთ მანამ ხახვი დაწილთდეს, შემდეგ ზედ დაასხით ორი სტაქანი წყალი; რომ წამოდუღდეს, ის ხოხობი ასო-ასო დასჭერით და იმ ხახვში ჩააწყეთ. თუ გენებოთ მჭავით, ზედ დაასხით ნახევარი სტაქანი ნაშარაბი, კოწახური ანუ ძმარი.

მასალად საჭიროა: ხოხობ – ერთი, ხახვი – ხუთი თავი, ერბო – ნახევარი გირვანქა, მარილი, სიმჟავე“

როგორც ხედავთ, ბარბარეს რეცეპტი უფრო მსუყეა და პომიდორის ნაცვლად ბროწეულის წვენს (ნაშარაბს) ან/და კოწახურს გვთავაზობს.

ჩახოხბილი შეგიძლიათ მოამზადოთ კურდღლის ხორცითაც, თუმცა ფასის და გავრცელების მხრივ ქათამი უფრო ხელმისაწვდომია და ქათმის ჩახოხბილიც ყველაზე პოპულარულია.

 

როგორ მოვამზადოთ:

ქათამი გარეცხეთ და დაჭერით ნაჭრებად, შემდეგ დაჭერით ხახვი და ზეთში მოშუშეთ, ჩააალაგეთ დაჭრილი ქათმის ხორცი, თავსახური დააფარეთ და ნელ ცეცხლზე შუშეთ. ქათამი ზეთში და თავისივე წვენში ჩაიხარშება, ამის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, კიდევ 5 წუთი ნელ ცეცხლზე ადუღეთ. ცალკე ჯამში ათქვიფეთ ერთი კვერცხი, და ათქვეფილ კვერცხს ნელ-ნელა შეურიეთ ის პამიდვრიანი წვენი, რაც უკვე ქვაბში გაქვთ და შემდეგ მთლიანად ჩაუშვით ქვაბში და კარგად ამოურიეთ.

ბოლოს მოაყარეთ მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი, შეგიძლიათ წიწაკაც გემოვნებით.

რა დაგჭირდებათ:

1 ქათამი

1 კვერცხი

5-6 საშუალო ზომის პომიდორი ან პომიდორის კონსერვი 1 ქილა

2 თავი ხახვი

1 კონა ქინძი

მარილი გემოვნებით

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top