თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ბრუსკეტები ქართულ-იტალიურად

ბრუსკეტები ქართულ-იტალიურად

რატატუი და ლუდი კაიზერი დღეს უგემრიელესი, თბილი ბუტერბროდის რეცეპტს გთავაზობთ. იდეალურია დილას, საუზმეზე თუ საღამოს, ლუდთან მისაყოლებლად.

Kaizer Bruschette

მომზადება ძალიან მარტივია, სულ 20 წუთი დაგჭირდებათ და თქვენს მენიუს ნოყიერი და ჯანსაღი ბრუსკეტები დაამშვენებს, ქართულ-იტალიური არომატით.

ამისთვის პური, პომიდორი ჩერი (ანუ პატარა პომიდორები), სოკო, ბეკონი, ყველი და ერთიც ჩვეულებრივი პომიდორა საჭირო, ანუ ფაქტიურად – ბევრი არაფერი :). გამოაღეთ მაცივარი და რასაც საინტერესოს იპოვით, გამოალაგეთ ;)

მასალა 6 პორციაზე:

6 ნაჭერი პური; 6 ნაჭერი სულგუნი ან მოცარელა; 3 მოზრდილი ქამა სოკო ან პორტაბელა; 6 ჩერი პამიდორი ან 1-2 ჩვეულებრივი; 4-5 ფირფიტა ბეკონი; პომიდვრის სოუსი; შავი პილპილი; ბაზილიკი/რეჰანი; პიცის სუნელი (იყიდება მზა, შეიძლება შეიცვალოს ხმელი ორეგანოთი), ზეთი, მარილი, ნიორი.

მომზადება:

ბეკონი დაჭერით დიდ ნაჭრებად, პომიდვრები ორად, სოკო კი თხელ ფირფიტებად.

ჩვეულებრივი პომიდვრისგან მოამზადეთ სოუსი: დასრესილი პომიდვრის სოუსი 1 კოვზ ზეთთან და ერთ კბილ ნიორთან ერთად სულ ცოტა ხნით მოშუშეთ ტაფაზე და ღუმელის ფირფიტაზე დალაგებულ პურებზე გადაანაწილეთ, დააწყვეთ  ყველი, სოკო, პომიდორი და ბეკონის ნაჭრები.

მოაყარეთ შავი პილპილი გემოვნებით,  სუნელი (პიცის სუნელების ნაკრები, ორეგანო, ბაზილიკი ან როზმარინი) და შედგით 200 -220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი. ყველი უნდა დადნეს და ბეკონი მოიბრაწოს.

შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი შეგვიძლია ღუმელში შებრაწვამდე, ან შებრაწვის მერე დავალაგოთ. სულ ბოლოს კი ვაფორმებთ ცოცხალი ბაზილიკის ფოთლებით.

 

რამდენიმე რჩევა: ეს რეცეპტი იძლევა თვითშემოქმედებისა და ინტერპრეტაციის საშუალებას. მაგალითად, პომიდვრის სოუსის ნაცვლად უბრალოდ ნივრიანი ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ იხმაროთ, ყველი მოცარელა კი ნაკლებმარილიანი სულგუნით ჩაანაცვლოთ. ასევე თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ სუნელები ორეგანოდან როზმარინამდე, ხოლო ევროპული მწვანე ბაზილიკის ნაცვლად მისი ჩვენებური ნათესავი – ლურჯი რეჰანი გამოიყენოთ.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top