თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > დესერტი შუშის ნატეხებით | Broken Glass Jello

დესერტი შუშის ნატეხებით | Broken Glass Jello

თავიდანვე უნდა ვაღიარო, რომ ჟელეების განსაკუთრებული ფანი არ ვარ და ნამცხვარზე დეკორაციის სახით, თხელი, ლამაზი ფენის გასინჯვით ვკმაყოფილდები. თუმცა, როცა ერთ-ერთ კულინარიულ ბლოგზე ჟელეს უამრავი ვარიაცია ვნახე სხვადასხვა ფერებსა თუ ფორმებში, Broken Glass Jello -ს გაკეთების სურვილმა ისე შემიპყრო, შუაღამეზე შევიარე სუპერმარკეტში და მასალები მოვიმარაგე.

პირველი ცდა კრახით დასრულდა, იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ “შუშის ნამსხვრევების” გახვევა პუდინგში გადავწყვიტე. პუდინგი კი მოხარშვისთანავე სქელდება და საკმაოდ რთულად განაწილდა ნამსხვრევებს შორის. შედეგი: გემრიელი, მაგრამ არც ისე ლამაზი.

მეორე დღეს დავუჯერე რეცეპტის ავტორის რჩევას და თეთრი მასა პუდინგის ნაცვლად შედედებული რძით გავაკეთე. მგონი გამოვიდა :))

ახლა უფრო დეტალურად გეტყვით, როგორ კეთდება გემრიელი დესერტი შუშის ნამსხვრევებით:

თავდაპირველად მოვიმარაგე 3 სხვადასხვა ფერისა და არომატის ჟელატინი (მზა, ცხელ წყალში სწრაფად ხსნადი): ფორთოხალი, ჟოლო და კივი. ბევრად გემრიელია ხილის წვენში გაკეთებული ჟელატინი, თუმცა ერთი ნაკლი აქვს: ზოგიერთი ხილის წვენი, მაგალითად ფორთოხლის, უფრო ბლანტია და გამჭვირვალობა აკლია, ზოგიერთის კი საერთდ არ მოიპოვება. ამიტომ, მწვანე შუშის მისაღებად სხვა გზა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ მზა ფხვნილი გამომეყენებინა, კივის არომატით. სამაგიეროდ, ჟოლოს არომატიანი ჟელატინი წყლის ნაცვლად თამამად გავხსენი ჟოლოს წვენში და ყველაზე გემრიელი გამოვიდა :)

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მყარი ჟელეს მისაღებად საკმარისი არ არის სტანდარტული დოზირებით ჟელატინისა და სითხის შეზავება. ყველაფერი ორმაგი დოზით უნდა გამოვიყენოთ, ან უბრალოდ ორჯერ ნაკლებ წყალში გავხსნათ. მე პირადად 1 პორცია ხილის ჟელატინს ერთი პორცია სუფთა ჟელატინი დავამატე და ძალიან მყარი, ადვილად ჭრადი და დრეკადი ჟელე გამომივიდა :)

სამივე ფერის ჟელატინი როგორც კი მომზადდა (მომზადების წესი პაკეტზე იხილეთ, სხვადასხვაა, ზოგი უნდა დაალბოთ, ზოგი პირდაპირ წყალში იხსნება), ღრმა თეფშებში გადავანაწილე, რადგან სპეციალური, სწორზედაპირიანი სხვა, ერთნაირი სამი ფორმა ვერ ვიპოვე სახლში :D. მაცივარში შევდგი (მათ შორის ცოტა ხანს საყინულეშიც), რომ მალე გაცივებულიყო და გამაგრებულიყო. სულ რაღაც ერთ საათში ჩემი ჟელატინი იდეალურ ფორმაში იყო, მზა – დასაჭრელად.

გამოვიღე, ბასრი დანით დავსერე ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად, ისე, რომ თანაბარი ზომის კუბიკები გამოსულიყო. კუბიკები თანაბარი ოდენობით გადავანაწილე ტარტის ფორმაში (შეგიძლიათ კექსის სხვადასხვაგვარი ფორმებიც გამოიყენოთ, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რაც უფრო მაღალია ფორმა, მით უფრო მყარი უნდა იყოს ჟელეც) და პარალელურად სწრაფად დავიწყე თეთრი ჟელეს მომზადება.

ამისთვის 2 ჭიქამდე წყალში 3 სუფრის კოვზი სუფთა ჟელატინი გავხსენი, ავადუღე და სწრაფადვე შევურიე თეთრი შედედებული რძე. სწრაფადვე ჩავდგი გასაგრილებლად, თან პერიოდულად ვურევდი, რომ თავი არ გამაგრებოდა. (ცხელ მასას ჟელეებს ვერ დაასხამთ, გააფუჭებს).

როგორც კი გაგრილდა, ტარტის ფორმა შევავსე თეთრი მასით და ფრთხილად შევდგი მაცივარში, დილამდე.

დილას ჩემი მოზაიკური დესერტი, შუშის ნატეხებით, მზად იყო :) მგონი ჩემს თანამშრომლებსაც ძალიან მოეწონათ :)

დამატებითი რჩევები და იდეები:

1). ფორმა, რომელშიც საბოლოოდ უნდა გააკეთოთ დესერტი, უნდა იყოს ძალიან პრიალა ზედაპირიანი. ადვილად რომ გადმოიღოთ გამზადებული ჟელე, ამისთვის შეგიძლიათ საკონდიტრო ცელოფანი ჩაუფინოთ, თუმცა, როგორც ბოლო ფოტოზეც ჩანს, შეიძლება ცოტა ნაოჭები გაუჩინოს

2). მიუხედავად იმისა, რომ ეს დესერტი ლამაზია და გემრიელი, ჩემი აზრით, ყველაფერი ტკბილი ერთად მაინც ცოტა ერთფეროვანია. ამიტომ, შემდეგ ჯერზე, იგივე მეთოდით გავაკეთებ ხაჭოს ცივ ნამცხვარს, და შესქელებული რძის ნაცვლად დაბლენდერებული ხაჭოსა და ჟელატინის მასით შევავსებ შუშის ნატეხებს შორის ცარიელ ადგილებს. მჟავესა და ტკბილის კომბინაცია, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო გემრიელი იქნება :))

და ბოლოს, რა გამოვიყენე:

  • ჟელატინი (მზა, სწრაფად ხსნადი, ხილის) – 3 პაკეტი, თითოეული 2 ჭიქა წყალზე იხსნება.
  • ჟელატინი (სუფთა სახის, უარომატო) – 6 პატარა პაკეტი (3 ხილის ჟელეებში ჩასამატებლად, ხოლო 3 – თეთრ, რძიან ჟელეში)~
  • შესქელებული ტკბილი რძე – 1 ქილა (შეგიძლიათ ოდენობა გაზარდოთ გემოვნებით) + 2 ჭიქა წყალი + მწიკვი მარილი

კომენტარები

კომენტარი

3 thoughts on “დესერტი შუშის ნატეხებით | Broken Glass Jello

  1. ყმუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

  2. ეკა, ძალიან ლამაზია :)

    ისე, როგორც ვიცი,კივისგან და ანანასისგან ჟელე არ გამოდის, ამიტომ,მაინცდამაინც არ დაგწყდეს გული, ნატურალური წვენი თუ ვერ გამოიყენე:)

    1. ჰოო, მართალია :)) მწვანე კიდევ პიტნა შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ ხასხასა მაინც არ იქნება და თან, გადაფარავს ყველა დანარჩენის გემოს. მაინც, ვფიქრობ, შეიძლება ნატურალური წვენების გამოყენება და საკონდიტრო საღებავით შეფერვა, ფხვნილს მაინც აჯობებს.

      ერთი სული მაქვს, როდის გავაკეთებ ჩიზქეიქს ამ ნამტვრევებით :))

Leave a Reply

Top