თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ბლინები შვრიით – შესანიშნავი საუზმე

ბლინები შვრიით – შესანიშნავი საუზმე

შვრია ჩემთვის იდეალური საუზმეა. უკვე 9 წელია, ყოველ დილით მივირთმევ შვრიის ფაფას თაფლით.  ჩემგან განსხვავებით, ჩემს შვილებს ზოგჯერ ბეზრდებათ ასეთი საუზმე და უარს აცხადებენ მის ჭამაზე.  ამიტომ გადავწყვიტე მიწოდების ფორმა შემეცვალა. მათ საყვარელ ბლინებში (აქ ალბათ კიდევ მეტყვის ვინმე, რომ ამას ბლინი კი არა ოლადები ჰქვია ;) ) შვრია და ხაჭო ჩავამატე, ხილით შევნიღბე და შესანიშნავი შედეგი მივიღე.

ხილზეც გეტყვით რამდენიმე სიტყვას: შეგიძლიათ დაამატოთ რაც გიყვართ. ძალიან უხდება კენკრა – მარწყვი, მოცვი, მოცხარი, ჟოლო და ა.შ. მაგრამ ასევე შეიძლება წვრილად დაჭრილი ატამი, გარგარი, ქლიავი, დაჭყლეტილი ან დაჭრილი ბანანი. სულ ერთია როგორ ხილს გამოიყენებთ – გაყინულს თუ ცოცხალს, ორივე მშვენიერი გამოდის.

svriis blin

 

2 კვერცხი

100 გ ხაჭო

50 გ შაქარი

1 ს.კ არაჟანი

60 გ შვრია, სწრაფად მოსამზადებელი

1 ჩ.კ გამაფხვიერებელი

1 ჩ.კ ლიმონის ცედრა

1.5 ს.კ ფქვილი

½ ჭ  კენკრა, გაყინული ან ცოცხალი (აქ: წითელი მოცხარი და მოცვი)

 

კვერცხი, ხაჭო, შაქარი და არაჟანი კარგად ავურიოთ ხელის სათქვეფით. დავამატოთ ცედრა და გამაფხვიერებელი, შემდეგ ფქვილი და ბოლოს შვრია.

მზა ცომს დავამატოთ კენკრა და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან, გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე, დაბალ  ცეცხლზე.

სიმართლე გითხრათ, ამ რეცეპტს ზედმიწევნით არასდროს ვიცავ, ხან მხოლოდ ხაჭოს ვამატებ, ხან მხოლოდ არაჟანს, ხან მაწვნით ვამზადებ. შვრიასაც ზოგჯერ მეტს ვამატებ, ზოგჯერ ნაკლებს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მოიპოვება ჩემს მაცივარში იმ დილით :)  თქვენც ნუ შეიზღუდავთ თავს, ინტერპრეტაციები დასაშვებიცაა და საჭიროც :)

svriis blini2

 

გემრიელად მიირთვით :)

 

პ.ს. თუტაფის ზედაპირი ამის საშუალებას იძლევა, ცხიმის გარეშეც არაჩვეულებრივად ცხვება. მხოლოდ პირველ ჯერზე მოუსვამთ ცოტა ზეთს, დანარჩენი უცხიმოდ.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top