შოკოლადის ჩიზქეიქი ალუბლით - Black Forest ამერიკიდან |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ამერიკული > შოკოლადის ჩიზქეიქი ალუბლით – Black Forest ამერიკიდან

შოკოლადის ჩიზქეიქი ალუბლით – Black Forest ამერიკიდან

სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინArt-ში.

კულინარტისთვის“ სტატიის წერაზე რომ ფიქრი დავიწყე, პირველი, რაც გამახსენდა იყო წლების წინ პოპულარული ნამცხვარი „მარადონა“, რომელიც ნათესავებთან სტუმრად მიმავალ ბებიას ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დიდი ენთუზიაზმით გამოვუცხვე. განსაკუთრებულად მოვინდომე, ინგრედიენტები მოვიმარაგე, სული და გული ჩავაქსოვე და… ამ ქვეყნად ყველაზე ხმელი ნამცხვარი გამოვაცხვე. ფირფიტები არც კრემმა დაარბილა და არც ჩემმა სასოწარკვეთამ… რაღა თქმა უნდა ჩვენი „მარადონა“  სტუმრად ვერ წავიდა და ოჯახის წევრებმა ორაზროვანი რეპლიკების თანხლებით თავად ჩავაკნატუნეთ – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დღეს კი, ქართულ ვებ-სივრცეში ყველაზე პოპულარული კულინარიულ ბლოგის გარდა, ჟურნალის ფურცლებიდანაც გიზიარებთ გემრიელი, საკუთარ სამზარეულოში გამოცდილი კერძების რეცეპტებს. ვინ იფიქრებდა :D

სულ რაღაც ერთი წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ცხოვრებაში მეორე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ და ბავშვებთან ერთად „ქვეყნის დასალიერში“, აშშ-ის შტატ კალიფორნიაში გადმოვსახლდით. ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების გამო, ბლოგზე ძველებურად აქტიურობას კარგა ხანს ვეღარ ვახერხებდი. იმ ტრადიციული პრობლემების გარდა, რაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლას მოსდევს, მქონდა სპეციფიური პრობლემაც: არ ვიცნობდი აქაურ პროდუქტებს, „ჩემი“ პროდუქტების პოვნამ კი დრო წაიღო.

დღევანდელი რეცეპტი სწორედ ამერიკას მინდა დავუკავშირო. მის ხსენებაზე, უმრავლესობას ალბათ ბურგერები და კოკა-კოლა გაახსენდება, მე კი როგორც ტკბილეულის მოყვარულს – ბრაუნი, წითელი ხავერდის ტორტი, ნაირ-ნაირი ქაფქეიქები და რა თქმა უნდა ჩიზქეიქი – ნამდვილი ამერიკული, „ფილადელფია“ ქრიმ-ჩიზით მომზადებული!

cheese2

 

Black forest ძალიან ცნობილი შოკოლადის და ალუბლის ტორტია. ეს ჩიზქეიქიც მისი შთაგონებით და გავლენითაა შექმნილი.

 

ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ:

  • შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი (“პეჩენია”) 200 გ ( ან ჩვეულებრივი ნამცხვარი+2 ჩ.კ კაკაო).
  • გამდნარი კარაქი 80 გ

 

კრემისათვის:

  • შავი შოკოლადი 150 გ
  • კრემ-ყველი (cream cheese) 400 გ
  • კვერცხი 2 ც
  • კაკაო 2 ს.კ
  • შაქარი 80 გ
  • ვანილი

 

სოუსისთვის:

  • ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი 400 გ
  • შაქარი 2 ს.კ
  • სახამებელი 1 ს.კ
  • ლიმონის წვენი 1 ჩ.კ

 

ნაღების კრემი:

  • ნაღები 35 % 150 გ
  • შაქრის პუდრი 1 ს.კ
  • ვანილი

 

თუ კაკაოანი ნამცხვრები არ გაქვთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი და დაამატეთ კაკაო. მეც სწორედ ასე მოვიქეცი. შეურიეთ გამდნარი კარაქი და ჩატკეპნეთ 22 სმ დიამეტრის ფორმის ძირში.

მიქსერის თასში მოათავსეთ ქრიმ-ჩიზი, კაკაო, ვანილი, გამდნარი და გაგრილებული შოკოლადი, კვერცხი, შაქარი. ათქვიფეთ სანამ ერთგვაროვანი ფუმფულა მასა მიიღება. გადაიტანეთ ფორმაში და თანაბრად გაანაწილეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30-35  წუთი, სანამ ზედაპირი შეშრება და შესქელდება. გამოიღეთ, გააცივეთ, შემდეგ მაცივარში გადაიტანეთ მთელი ღამით.

მეორე დღეს მოამზადეთ ალუბლის სოუსი. კურკაგამოცლილ ალუბალს გამოსული წვენი ცალკე გადაუწურეთ. ამ წვენში გახსენით სახამებელი. ალუბალს დააყარეთ შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ხშირად ურიეთ. რომ წამოდუღდება, ჩაამატეთ სახამებლიანი წვენი. კარგად აურიეთ. სოუსი მალევე შესქელდება. გადმოდგით და დაამატეთ ლიმონის წვენი. სოუსი გააცივეთ და გამოყენებამდე მაცივარში შეინახეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ალუბალიც.

სერვირების წინ, ჩიზქეიქი ამოიღეთ ფორმიდან. ნაპირები მორთეთ ათქვეფილი ნაღებით, შუაში კი დაასხით ალუბლის სოუსი.

cheesecake1

ნაღების კრემისთვის კარგად გაცივებულ ნაღებს დაამატეთ ვანილი და შაქრის პუდრი, ათქვიფეთ გასქელებამდე და საკონდიტრო შპრიცით მორთეთ დესერტი.

 

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “შოკოლადის ჩიზქეიქი ალუბლით – Black Forest ამერიკიდან

  1. Hey I am so excited I found your web site, I really found you by mistake, while I was looking on Askjeeve
    for something else, Regardless I am here now and would just
    like to say many thanks for a tremendous post and a all
    round thrilling blog (I also love the theme/design),
    I don’t have time to read it all at the moment but I have bookmarked it and also added your RSS feeds,
    so when I have time I will be back to read a lot more,
    Please do keep up the fantastic jo.

  2. Ahaa, its nice conversation regarding this piece of writing here
    at this website, I have read all that, so now me also commenting
    at this place.

Leave a Reply

Top