თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ბარდის სუპი კრევეტებით

ბარდის სუპი კრევეტებით

ეს მსუბუქი და ხასხასა კრემ-სუპი ძალიან სწრაფად მზადდება გაყინული ბარდით. შეგიძლიათ კრევეტების გარეშეც სცადოთ, ორივენაირად გემრიელია.

_DSC0026

250 გ გაყინული მწვანე ბარდა

12 ცალი კრევეტი, უმი

2 საშუალო კარტოფილი

ნედლი პიტნის რამდენიმე ფოთოლი

100 მლ ნაღები, 10-20%

1 ხახვი

2 ნივრის კბილი

 

გავარჩიოთ კრევეტები, დავუტოვოთ მხოლოდ კუდი. ჯამში მოვათავსოთ 1 კბილი დაჭრილი  ნიორი, 1 ს.კ ზეითუნის ზეთი და ამოვსვაროთ ამ მარინადში კრევეტები.

_DSC0005

სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ -3 კოვზი ზეითუნის ზეთი, ჩავაგდოთ გაჭრილი ნივრის კბილი და კრევეტების ქერცლები. ვშუშოთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი დავასხათ 600-700 მლ წყალი და ვადუღოთ დაახლოებით 15 წთ, რათა მოვამზადოთ ბულიონი.

ქაფქირით ამოვიღოთ კრევეტების ქერცლები, ბულიონში კი ჩავამატოთ დაჭრილი ხახვი და კარტოფილი. 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ გაყინული ბარდაც, გალღვობის გარეშე.

10-15 წუთიანი დუღილის შემდეგ ბოსტნეული უკვე დარბილებული იქნება, ბლენდერის საშუალებით ვაქციოთ კრემოვან მასად,თან ჩავაყოლოთ რამდენიმე ფოთოლი პიტნა. ჩავამატოთ მარილი და შავი პილპილიც.

ტაფა გავაცხელოთ მშრალად და ზედ დავყაროთ კრევეტები თავის მარინადიანად. ტაფა სწრაფად შევანჯღრიოთ და კრევეტების ორივე მხრიდან შევწვათ. ზუსტად ერთ წუთში ისინი გავარდისფერდება, რაც ნიშნავს რომ უკვე მზადაა.

კრემ სუპის გადმოღების შემდეგ დავასხათ ცოტა ნაღები და დავადოთ შემწვარი კრევეტები.

პ.ს. კიდევ ერთი ვარიანტი, თუ კრევეტები არ გაქვთ: შეგიძიათ ბეკონითაც მოამზადოთ. ქვაბში ჯერ ბეკონის ფირფიტების პატარა ნაჭრები შეწვით, ამოიღეთ და იმავე ქვაბში მოამზადეთ წვნიანი. ბოლოს მზას დაამატეთ ბეკონის ჩიპსები

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top