თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ბადრიჯანი შინაური მაიონეზით

ბადრიჯანი შინაური მაიონეზით

გემრიელია, მაგრამ კალორიული. თუ ნაყიდი მაიონეზით მოამზადებთ, არც მაინცდამაინც სასარგებლო იქნება. მე ამ კერძს ხშირად არ ვამზადებ, მაგრამ როცა ვამზადებ, მხოლოდ და მხოლოდ სახლში გაკეთებული ნატურალური მაიონეზით.  მაიონეზის რეცეპტი ბლოგზე უკვე გვაქვს, ასე  რომ, შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ და სადილისთვის ეს გემრიელი კერძი მოამზადოთ :)

fgsfhs

  • 2-3 ბადრიჯანი
  • ზეთი შესაწვავად
  • 100 გ მაიონეზი (სახლში მომზადებული უკეთესია)
  • 100 მლ გადადუღებული წყალი  (შეიძლება ცოტა ნაკლებიც)
  • 2-3 კბ ნიორი
  • წითელი წიწაკა
  • ½ ჩ.კ ყვითელი ყვავილი
  • 2/3 ჩ.კ უცხო სუნელი
  • ½ კონა ნედლი ქინძი
  • მარილი

ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრათ და დავაყაროთ მარილი. 30 წუთის შემდეგ გავავლოთ წყალში და გავწუროთ კარგად. შევწვათ ცხელ, ზეთიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, ორივე მხრიდან.

მაიონეზი გავათხელოთ გადადუღებული და გაციებული წყლით, დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, სუნელები, დაჭრილი ქინძი, მარილი და წიწაკა.

მოვასხათ გაციებულ შემწვარ ბადრიჯანს და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით.

*თუ გინდათ, რომ სოუსი მეტი იყოს, ბუნებრივია მეტი მაიონეზის დამატება მოგიწევთ.

** კიდევ ერთ პატარა ხრიკს გაგიზიარებთ: როდესაც სიცხის, უდროობის ან სხვა მიზეზით,  ბადრიჯნის სათითაოდ შეწვა მეზარება (როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე :D ) , ვწვავ ღუმელში. დაჭრილ ბადრიჯანს ცოტა ზეთს ვასხამ, კარგად ავურევ და გადამაქვს ფოლგაჩაფენილ ტაფაზე. ვწვავ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე ან გრილის ქვეშ, დარბილებამდე. ერთხელ გადაბრუნება სჭირდება.  ამ გზით, უფრო ბევრი მზადდება და იქ ტრიალიც არაა საჭირო. მართალია, ბადრიჯანი უფრო მშრალად იწვება, მაგრამ მაიონეზი ისედაც საკმაოდ ცხიმიანია.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top