
სხვადასხვა არომატით გაჯერებული ზეთი და ძმარი ძალიან ადვილად მზადდება და არაჩვეულებრივ სურნელსა და გემოს სძენს სალათებს. მინის პატარა ჭურჭელში უამრავი სახეობა შეგვიძლია დავამზადოთ, იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებით გვსურს მათი გამოყენება. ზეთისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე ინგრედიენტი: ნიორი, წიწაკა, პილპილის მარცვლები, როზმარინის ტოტი, ბაზილიკის ან შაშკვლავის ფოთლები, ხმელი ორეგანო, ქონდარი და ა.შ.
თუ ზეთი სალათებისთვის გვინდა, სჯობს მაღალი ხარისხის ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ან სხვა ზეთი გამოვიყენოთ.
250 მლ კარგი ხარისხის ზეითუნის ზეთი
1 სუფრის კოვზი პილპილის მარცვლები (შავი ან ფერადი)
2-3 კბილი ნიორი
5-6 ფოთოლი ბაზილიკი (შეიძლება შეიცვალოს ხმელით, 1 ს.კ)
მინის ჭურჭელში ჩავყაროთ პილპილი, ნიორი და ბაზილიკის ფოთლები, დავასხათ ზეთი და თავზე დავახუროთ. 3 კვირით შევდგათ მზისგან დაცულ მშრალ ადგილას, კარადაში. ამ დროის გასვლის შემდეგ არომატული ზეთი მზადაა.
ძმარი.
არომატული ძმარიც იგივე პრინციპით მზადდება, როგორც ზეთი. არომატიზატორად მწვანილეულთან ერთად შეგვიძლია სხვადასხვა ხილი გამოვიყენოთ. ასე დაყენებული ძმარი სალათებს ახალ, პიკანტურ არომატს შესძენს. გთავაზობთ ტარხუნიანი ძმრის დაყენების წესს. ზუსტად იგივე მეთოდით, ტარხუნის ნაცვლად შეგიძლიათ არომატიზატორად გამოიყენოთ ალუბალი, ჟოლო, მოცხარი, ნიორი ან სხვა თქვენთვის სასურველი შეხამება.
250 მლ კარგი ხარისხის თეთრი ღვინის ძმარი
2-3 ტოტი ტარხუნა
მინის ჭურჭელში ჩავდოთ ტარხუნა და დავასხათ ძმარი. შევინახოთ მშრალ უმზეო ადგილას 3 კვირა. ამ დროის გასვლის შემდეგ ძმარი მზადაა გამოსაყენებლად.