თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > არომატული ქათამი- ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი

არომატული ქათამი- ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი

“მსურს, რომ ჩემს სამეფოში არ იყოს არც ერთი იმდენად ღარიბი ადამიანი,

რომელიც ვერ მისცემდა თავს უფლებას , ყოველ კვირას ეჭამა ქათამი”

ანრი  IV

 

 

ქათმის შეწვის სხვადასხვა რეცეპტებს ვტესტავ, მინდა რაიმე ახალი, გემრიელი და თან ადვილი შევარჩიო საახალწლოდ. ბევრი დრო აღარ დარჩა :)  ტრადიციული საცივი ჩემს სუფრას ნამდვილად დააკლდება. ასეთ გადაწყვეტილებას გოზინაყისა და კუჭმაჭის სასარგებლოდ ვიღებ ხოლმე,  ამდენი ნიგვზიანის ჭამა უბრალოდ აღემატება ჩვენს ძალებს.  ეს ქათამი უგემრიელესი იყო, ისეთი არომატული და წვნიანი,  მმმმმ! კიდევ ერთი საიდუმლო წვის ტემპერატურაა – რაც უფრო დაბალზე შევწვავთ, მით  უფრო წვნიანი გამოვა ხორცი. ეს ჰესტონ ბლუმენტალის მეთოდია, თუმცა ის კიდევ უფრო დაბალ ტემპერატურაზე და ხანგრძლივად წვავს, ათასგვარი მანიპულაციების თანხლებით. ვაღიარებ, ამდენის ნერვები და დრო მე ნამდვილად არ მაქვს… თუმცა თუ ადრე 200-220 გრადუსზე ვწვავდი ქათამს, ახლა 170-180-ზე ჩამოვედი :) ასე ხორცი ნელ-ნელა ცხელდება და მთლიანად ინარჩუნებს მის შიგნით არსებულ სითხეს, წვენს. ასე გვასწავლის პატივცემული ჰესტონი და მას ნამდვილად დაეჯერება. თავის შოუში  In Search Of Perfection  BBC-ზე , ერთ-ერთ ეპიზოდში მან ბევრი ისაუბრა ქათმის შეწვის მეთოდებზე, დაბალ ტემპერატურაზე და მოამზადა კიდეც თავისი საყვარელი ბრესული ქათამი, რომელსაც საუკეთესოდ თვლის. ბრესული არა მაგრამ ე.წ. მუხრანის ქათამი ძალიან გემრიელი მომეჩვენა და მთელმა ოჯახმა სიამოვნებით მივირთვით.

თუ მომზადებას დააპირებთ, მიჰყევით რეცეპტს:

 

1.5-2 კგ ქათამი

2-3 ტოტი როზმარინი (7-8 სმ ტოტი)

1 ლიმონი

1 ჩ.კ პილპილის მარცვლები

1 ჩ.კ მსხვილი მარილი

2 კბილი ნიორი+ 1 პატარა თავი

20-30 გრ კარაქი

 

ქათამი კარგად გავრეცხოთ და გავამშრალოთ.

_DSC0024 (Copy)

ლიმონს გავაცალოთ ცედრა.

სანაყში ჩავყაროთ პილპილი, მარილი, როზმარინის ფოთლები (2 ტოტის), ნიორი და ჩავნაყოთ, შევურიოთ  ცედრა და ნახევარი ლიმონის წვენი, ასევე  დარბილებული კარაქი. კარგად ავურიოთ

ქათამი დავდოთ ზურგზე, მკერდზე, კანქვეშ ფრთხილად შევუცუროთ თითები და შევეცადოთ რომ კანი ხორციდან ავაძროთ, ისე რომ არ გავხიოთ და დავაზიანოთ. ასევე გავაკეთოთ ბარკლებთან და ზურგზეც, რამდენადაც მოვახერხებთ. შემდეგ არომატული კარაქი კანქვეშ შევაზილოთ მკერდთან, ბარკლებთან, ფრთების ქვეშ. ზემოდან თითებით კარგად გადავანაწილოთ.  დარჩენილი კარაქი ზემოდანაც გადავუსვათ. ქათამს შიგნით მარილი და პილპილი წავუსვათ, ნახევარი წვენგამოწურული ლიმონი და როზმარინის ტოტი ჩავუდოთ. 1 თავი ნიორი კარგად გავრეცხოთ, გაუფცქვნელად  შუაზე გადავჭრათ, 1 გადანაჭერი ქათამს მუცელში ჩავუდოთ, მეორე გადანაჭერი ტაფაში გვერდიტ მივუდოთ, დაჭრილ ლიმონთან ერთად.

_DSC0026 (Copy)

შევწვათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებიტ 2-2.5 საათი, სანამ ზემოდან კარგად არ დაიბრაწება. დრო და დრო ფუნჯით თავისივე გამოშვებული ცხიმიანი წვენი გადავუსვათ ყველგან.

 

_DSC0030 (Copy)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top