ბატკნის ხაზანი - სომხური კერძი ღვინითა და ბროწეულით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ბატკნის ხაზანი – სომხური კერძი ღვინითა და ბროწეულით

ბატკნის ხაზანი – სომხური კერძი ღვინითა და ბროწეულით

დაახლოებით ერთი წლის წინ აქ კალიფორნიაში არაჩვეულებრივი სომეხი გოგო გავიცანი, ლაურა, თბილისიდან. როგორც აღმოჩნდა, თურმე, რატატუის კითხულობს ხოლმე :) ლაურა მთიულების რძალია და ხინკლის მომზადების რამდენიმე საიდუმლოც გამიზიარა, დედამთილისგან ნასწავლი. მაგალითად ის, რომ ხინკალს ქონდარს ამატებენ და ღმერთო, რომ იცოდეთ როგორ უხდება! ვაღიარებ, ქონდრის დამატება არ მომფიქრებია და არც ვიცოდი, ნამდვილად არ მახსოვს დედაჩემი ან ვინმე ჩემს გარშემო ამატებს თუ არა. ამას გარდა, ხინკლის ლამაზად მოხვევის მასტერ-კლასი ჩამიტარა და სომეხი იუთუბ-ბლოგერის არხიც გამიზიარა გემრიელ-გემრიელი ნაციონალური რეცეპტებით.  აი, ასეთი კარგი გოგოა ლაურა <3

რატომ დავიწყე ასეთი შესავლით? რომ დავფიქრდი, ჩვენს გემრიელ ბლოგზე სომხური კერძის არცერთი რეცეპტი არ გვაქვს. სწორედ ლაურამ შთამაგონა რამე მომემზადებინა და იმედია , თუ ამ რეცეპტს წაიკითხავს და რაიმეს არასწორს აღმოაჩენს, არ დაიზარებს და შემისწორებს :)

ბატკანს იშვიათად (უფრო სწორად, თითქმის არასოდეს) ვამზადებ, რადგან, პირადად, მისი მოყვარული არ ვარ. მაგრამ ჩემი ქმარი სიამოვნებით მიირთმევს და ხანდახან ვანებივრებ :D

12924398_1113883365299731_3871830524084190826_n

ხაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 კგ ბატკნის ხორცი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 1/2 ჭიქა წითელი ღვინო
  • 1/2 ჭიქა ბროწეულის წვენი+ მარცვლები
  • მარილი, შავი პილპილი, ცოტაოდენი ქონდარი (მე ხმელი მქონდა)
  • ცოტაოდენი კარაქი შესაწვავად.

ხორცი გარეცხეთ, გაამშრალეთ და დაჭერით საშუალო ზომის კუბებად. ხახვი ალყა-ალყად.

სქელძირიანი ქვაბი საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ, გაადნეთ კარაქი და შებრაწეთ ხორცის ნაჭრები ყველა მხრიდან. თუ ხორცი ცხიმიანია, ბევრ კარაქს ნუ გამოიყენებთ, თორემ ცხიმში იტიპტიპებს.

armenian-1500x510

ყველა მხრიდან კარგად დაბრაწულ ხორცს დაამატეთ ხახვი, დააფარეთ და შუშეთ სანამ ხორცი დარბილდება, ხახვი კი ლამაზ ოქროსფერს მიიღებს. დაამატეთ ღვინო, ბროწეულის  წვენი, ცოტაოდენი ქონდარი და შუშეთ თავდახურული კიდევ 8-10 წუთი. მზა კერძს მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები, მარილი, პილპილი, სურვილის შემთხვევაში ნედლი მწვანილიც მოუხდება.

“დამილინკეთ” ან კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი საყვარელი ინტერნაციონალური კერძები :)

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top