თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ”არლეკინი”

”არლეკინი”

ჩემს შვილს დედის მავნე ჩვევა გამოჰყვა და ძალიან უყვარს ტკბილეული და ნაირ-ნაირი სასუსნავი.  ადრე, როცა ბაღიდან ბრუნდებოდა, ამ მხიარულ ხრაშუნა ნამცხვრებს ვახვედრებდი ხოლმე. ახლა, როცა სკოლაში დადის, ახალი საფიქრალი გამიჩნდა: რა გავატანო წასახემსებლად? სიმართლე გითხრათ, სკოლის ბუფეტი აბსოლუტურად არ აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს, თუნდაც აკმაყოფილებდეს, მოგეხსენებათ, ბავშვებს თვალი ყოველთვის არ გაურბით ჯანსაღი საკვებისკენ:(  ამიტომ უსაუზმოდ არასდროს ვუშვებ და მე თავად ვუმზადებ ხოლმე სკოლაში წასაღებ, უცებ-უცებ წასახემსებელ საკვებს, იქნება ეს სენდვიჩები,  მინი ღვეზელები სხვადასხვა შიგთავსით, ფხვიერი ნამცხვრები თუ ხილი (ბანანი შესანიშნავია ასეთ დროს).  არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ არასდროს მივცემ მას უფლებას, გარეთ ნაყიდი ფენოვანი ხაჭაპური ან ჩიპსები ჭამოს ყოველდღიურად.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ბევრ მშობელს გაუჩნდება ჩემსავით თავსატეხი, რა მოუმზადოს სკოლაში წასაღებად პატარებს. იქნებ ეს მხიარული ხრაშუნები გამოგადგეთ,ვფიქრობ თქვენს პატარებსაც მოეწონებათ :)

  • 180 გ ოთახის ტემპერატურის კარაქი, დარბილებული
  • 300-320 გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 150 გ ფერადი ჩირები
  • ვანილი სურვილით (ან სხვა სასურველი არომატი)

 

  1. ბლენდერში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი და დააბზრიალეთ რამდენჯერმე, დაამატეთ კარაქი და კარგად აურიეთ, ბოლოს შეურიეთ კვერცხიც.  შეგიძლიათ ცომი ხელითაც მოამზადოთ, დაკეპილ კარაქში აურევთ ფქვილს, შემდეგ შაქარს და ბოლოს კვერცხს.
  2. ბოლოს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ჩირეული. მე ფორთოხლის ცუკატებიც დავამატე, ძალიან უხდება.
  3. მიღებული ცომს მიეცით ძეხვის ფორმა, გაახვიეთ ცელოფანში და შედეთ საყინულეში 40 წუთით.
  4. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დაჭერით ცომი თხელ რგოლებად და დაალაგეთ საცხობ დაფაზე ერთმანეთისგან ცოტა მოშორებით, რადგან ცხობის დროს ფართოვდებიან.
  5. აცხეთ დაახლოებით 15-20 წუთი, გააჩნია თქვენი ღუმელის თავისებურებებს. როცა ქვემოდან ოქროსფერები გახდებიან, გამოიღეთ ღუმელიდან.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “”არლეკინი”

  1. საყინულედან რომ გამოვიღე დაიფშხვნა. რა დავაკელი ან და მომივიდა ბევრი? :დ

    1. ანანო, შეიძლება თქვენი საყინულე უფრო ძლიერად ყინავს ან დიდ ხანს გააჩერეთ? მე ვფიქრობ რომ ზედმეტად გაიყინა და ამიტომ დაიფშვნა, სხვა დროს მაცივარში შედეთ ან საყინულის დრო შეამცირეთ

Leave a Reply

Top