ვაშლის შტრუდელი - შტრუდელთა დედოფალი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ვაშლის შტრუდელი – შტრუდელთა დედოფალი

ვაშლის შტრუდელი – შტრუდელთა დედოფალი

ვაშლის სეზონი მოდის და ვაშლიანი რეცეპტები გაგვიზიარეთო, დღეს მკითხველმა შეგვახსენა და გადავწყვიტე, ვაშლის შტრუდელზე მოგიყვეთ.

Apple Strudel

როგორც ავსტრიულ-გერმანული ტკბილეულის უმეტესობა, შტრუდელიც დარიჩინით გაჯერებული, არომატული ნამცხვარია, რომელიც შეუძლებელია გასინჯო და არ შეგიყვარდეს. თუმცა ასევე ძალიან ადვილია აღარასდროს მოგინდეს, თუ ერთხელ მაინც “მოგართვეს” ძველი და ობიანი, როგორც ერთხელ ჩემს მეგობარს ერთ პოპულარულ თბილისურ კაფეში.

ამ შემთხვევის მერე, დიდი ხანი აღარ გამირისკავს რესტორანსა თუ კაფეში ვაშლის შტრუდელის შეკვეთა. ქართულ კაფეებს ვგულისხმობ, რასაკვირველია, თორემ მაგალითად გერმანიაში ნებისმიერ, რიგით კაფეში კარგ და ახალ შტრუდელს გასინჯავთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ :D

მოკლედ, ამასწინათ, როგორც უკვე მოგიყევით, ახალგახსნილ ბარს ტაბიძეზე, ჰუგოს ვესტუმრე მეგობრებთან ერთად. ჰუგო კი ძირითადად უმთავრესად ნაირნაირი ნარგილით (ჩილიმით) იწონებს თავს, მაგრამ ჩილიმს კარგი მისაყოლებელიც უნდა: ჩაი, ჩირეული, ტკბილეული და ა.შ.

მენიუს გადავხედე და ნაყინიდან სტეიკებამდე ყველაფერი დამხვდა. ფასები – საშუალო. ძვირს ვერ დავარქმევდი (იმედი მაქვს, როცა პოპულარობის პიკს მიაღწევენ, იმ დროისთვისაც შეინარჩუნებენ ხარისხს და კარგ ფასებს).

მაინც პირველი ვიზიტი იყო და ყავით და ვაშლის შტრუდელით გადავწყვიტე ‘მსუბუქად გამოსვლა’. ხო, ვაშლის შტრუდელი თუ სადმე სუპერმარკეტში ნაყიდ-გაყინული აქვთ, ხოლო ცხელი შოკოლადის მდნარ ნამცხვარს – ბრაუნს ეძახიან, იქ ვერაა კარგად საქმე. ამიტომ ეს ორი ნამცხვარი ლაკმუსივითაა, სატესტოდ გამოდგება. მეც გავტესტე ახალი ადგილი.

ჩემდა გასახარად, ჰუგოს შტრუდელი შტრუდელს გავდა და ნამდვილად ის გემო მომიტანეს, რასაც ველოდი <3 არაფერი ზედმეტი და არაფერი ნაკლები. არც ძალიან რბილი და არც გამხმარ-გაფშეკილი. არც გულისწასვლამდე ტკბილი და არც შაქარნაკლული.

მოკლედ, ჰუგოს შტრუდელი ჩემი ახალი ფავორიტია.

ახლა ვნახოთ, როგორ კეთდება შტრუდელი საკუთარი ხელით :)

ცომისთვის გვჭირდება: 

  • 300 გრამი ფქვილი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 30 მლ ზეთი, ნეიტრალური გემოთი
  • 200 მლ წყალი
  • 1 ცალი კვერცხი (სურვილის მიხედვით, ორივე ვერსია არსებობს)

შიგთავსისთვის:

  • 100 გრამი კარაქი
  • 100 გრამი საფანელი (“სუხარი”)
  • 100 გრამი ქიშმიში
  • 4 ს/კ რომი ან ფორთოხლის წვენი
  • 6-8 ც საშუალო ზომის მშრალი ვაშლი
  • 150 გ გრანულირებული შაქარი (ყავისფერი უმჯობესია)
  • 1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 4 ს/კ ლიმონის წვენი და 1-2 ს/კ ლიმონის ცედრა (გახეხილი კანები)

გარდა ამისა, დაგვჭირდება გამდნარი კარაქი ცომზე მოსასმელად (დაახლ. 100 გრამი) და შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად.

შტრუდელის მომზადება იმაზე ადვილია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია, მთავარია ცომის გაბრტყელება არ დაგეზაროთ :) ამისთვის დიდი მაგიდა, დიდი სუფთა ტილო და მარჯვე ხელებია საჭირო. ნახეთ ვიდეო, როგორ მზადდება და ბრტყელდება ცომი:

* თუ გინდათ საქმე გაიმარტივოთ, ნაყიდი ფილოს ცომი გამოიყენეთ, თუმცა საკუთარი მომზადებული , ტრადიციული ცომით გაცილებით მდიდარი და გემრიელია .

გულის მოსამზადებლად ტაფაზე კარაქი გაადნეთ და დაფქული პური (საფანელი/სუხარი) მოხალეთ, სანამ არ გაყავისფრდება და გააგრილეთ. ცალკე კარგად დაალბეთ ქიშმიში (რომში ან ფორთოხლის წვენში). დათლილი ვაშლი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაუმატეთ შაქარი, ლიმონის წვენი და ცედრა, დარიჩინი, ქიშმიში და კარგად აურიეთ.

ცომი ძალიან თხლად დიდ მაგიდაზე დაფენილ ტილოზე უნდა გააბრტყელოთ. ტილო თავიდან აგაცილებთ ცომის მაგიდაზე მიკვრას, ასევე დაგეხმარებათ ბოლოს, შტრუდელის გადაგორება-გადახვევაში. გაბრტყელებულ ცომზე მოხალული საფანელი მოაფრქვიეთ, შემდეგ ერთ ბოლოში, გრძივად დაალაგეთ ვაშლისა და ქიშმიშის გული და გადაახვიეთ, როგორც ამ ვიდეოშია 7:30 წუთიდან:

გამოაცხვეთ ღუმელში, 180 გრადუსზე.

პ.ს. შტრუდელი მრავალნაირი არსებობს, მათ შორის ძალიან პოპულარულია ალუბლის შტრუდელიც. მაგრამ ვინაიდან ცოცხალი ალუბლის სეზონი უფრო მოკლეა, ვაშლს კი უფრო იდეალური შეხამება აქვს დარიჩინთან, თანაც ოთხივე სეზონზე თავისუფლად იშოვით, მაინც ვაშლის შტრუდელი რჩება შტრუდელთა დედოფლად, გნებავთ – მეფედ.

თუ გააკეთებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ რა გამოგივათ.

თუ უკვე გაგიკეთებიათ ვაშლის შტრუდელი, რჩევებს ნუ დაინანებთ კომენტარებში.

თუ არც პირველ კატეგორიაში ხართ და არც მეორეში და ჰუგო-ში მოხვდებით, მოკითხვა გადაეცით და მადლობაც, იმ გემრიელი შტრუდელისთვის, რომელმაც დღეს ამ პოსტის დაწერა და თქვენთვის გაზიარება მაიძულა :))

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top