თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > აჭარულ-ლაზური გემრიელობები

აჭარულ-ლაზური გემრიელობები

ბათუმი, აჭარა და ზღვისპირეთი პირველ რიგში აჭარულ ხაჭაპურთან ასოცირდება. არადა, იქ მითხრეს, თბილისლებმა შეარქვით მასე, თორე ჩვენთან ძირითადად ბათუმში აკეთებენ ნავის ფორმის ხაჭაპურს, მთიანეთში კი არაო. აჭარულის ნაცვლად, ბათუმური დაგერქმიათ, აჯობებდაო :) კაი დროს :)

აჭარულის ჭამა რაღაც რიტუალივითაა, გშია თუ არ გშია, ზღვაზე ჩასულმა, ერთხელ მაინც უნდა გასინჯო, თუნდაც ნახევარი დატოვო, ან სულ კვერცხის და კარაქის გარეშე, ცომგამოცლილი მოითხოვო, აი ისეთი, ნამდვილ აჭარულთან თუ ბათუმურთან საერთო რომ ბევრი აღარაფერი აქვს, მაგრამ რიტუალი მაინც შესრულებულია :)

ბოლო წლებში, რამდენიმე ისეთი აჭარული და ლაზური კერძი აღმოვაჩინე, რომელიც მე პირადად მართლა მირჩევნია აჭარულ ხაჭაპურს. ახლა ჩემთვის რიტუალი ბათუმიდან ხელვაჩაურში, რესტორან ღელეღურდანში წასვლაა. აი იქ აკეთებენ აჭარულ ბორანოს, სინორს და ლაზურ ხაჭაპურს.

ბორანო, როგორც ამიხსნეს, თითქმის მოხარშული ყველია, რომელსაც კეცზე დებენ, ზემოდან დიდხანს, გაყავისფრებამდე ნადუღ კარაქს (ოღონდ სუპერმარკეტის სპრედს არა, ნამდვილ, მაღალპროცენტიან, სოფლის კარაქს) ასხამენ და ცოტა ხანს კიდევ ადუღებენ.

ნახარში კარაქი თავისებურ გემოს აძლევს ბორანოს. ვერ ვიტყვი, რომ გემრიელი არ არის, მით უფრო ცხელ მჭადთან ერთად, მაგრამ მე სვანურ მსგავს კერძებს ვადარებ და გემოთი, ისინი მირჩევნია. თან, ამდენი ნაჯერი ცხიმის გასინჯვისთანავე მახსენებს, სად მაქვს ნაღვლის ბუშტი და ეს ჭამის სურვილს მინეიტრალებს. თუ თქვენი კუჭი ‘ქვასაც ინელებს’ და ზედმეტი კილოგრამებიც არ გაწუხებთ, თამამად შეგიძლიათ მიეძალოთ ბორანოს.

ჩემი ფავორიტი, შედარებით ნაკლებცხიმიანი სინორია. შესახედავად დიდი არაფერი, გემოთიც საყოველთაო და ერთგვაროვან აღფრთოვანებას ვერ იმსახურებს ხოლმე. სინორს უფრო თავისი მუშტარი ყავს, ცალკე სექტა – ნადუღის მოყვარულების. მე ამ სექტაში შევდივარ :)

სინორში პურის/ლავაშის უთხელესი ფირფიტებია გარმონივით ჩალაგებული (ტაფაზე ან კეცზე), რომელიც ნადუღის წყალნაზავით იფარება და ზემოდან კარაქი ედება. ნადუღი მარილით და ნივრითაა შეზავებული. ბორანოს მსგავსად, სინორსაც ადგილობრივი ცხიმიანი ნადუღით და კარაქით აკეთებენ. კალორიები, იცოცხლე, ბევრი აქვს. მაგრამ ბორანოსგან განსხვავებით აქ ცხიმი ნაკლებადაა ნახარში და ორგანიზმიც ზედმეტი განგაშის გარეშე ირგებს :)

sinori

შედარებით ახალი აღმოჩენაა ჩემთვის ლაზური ხაჭაპური. გახსოვთ სახაჭაპურე “ბარაქა”? იქ “საფირმოს” და ხაჭაპური “ბარაქა”-ს სახელწოდებით იყიდებოდა, ჩვეულებრივ ხაჭაპურზე შებოლილი ყველის თხელი ფირფიტები იყო დალაგებული. სულ ახლახანს, ახალგახსნილ “სახაჭაპურე N1”-ში გავსინჯე უკვე “ლაზური ხაჭაპურის” სახელით და შეუბოლავი სულგუნის ნაჭრებით. სრულიად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ლაზური ხაჭაპური ათჯერ ჯობია იქაურ აჭარულ ხაჭაპურსაც კი, რომელიც თავის მხრივ ძალიან გემრიელია.

ჰოდა, აი ეს ლაზური ხაჭაპური აქვთ ღელეღურდანშიც. პიწკინა, ტკაცუნა, საშუალოდ მარილიანი და ძალიან გემრიელი.

lazuri_xachapuri

 

ღელეღურდანში კიდევ ბევრი რამე აქვთ, იქვე, აუზიდან ამოყვანილი კალმახი, რომელსაც 10 წუთში შეგიწვავენ, შედარებით ჯანსაღად შემწვარი კარტოფილი “ფრი”, ახალი სალათი, ჭვიშტარი, მჭადი, ყველი, პური და კეთილი გული.

ყველაფერი მოსალოდნელზე სწრაფად მოაქვთ, ან უბრალოდ ულამაზესი სუბტროპიკული სიმწვანით გარშემორტყმულს გავიწყდება, აქ მოსვლამდე როგორ გშიოდა და დრო სწრაფად გადის. ფაცხები მდინარეს გადაჰყურებს, შეგიძლია კამკამა, გაყინულ წყალში იბანავო კიდეც.

მოკლედ, ჩემი აზრით, ეს არის იდეალური ადგილი, სადაც შეიძლება ამოყო თავი ბათუმიდან 15 წუთში. მიხარია, რომ ამჯერად ჩემი მეგობრები მივიყვანე იქ, ისევე, როგორც ოდესღაც მე მიმიყვანეს მეგობრებმა :D

gelegurdanshi

gelegurdanshi2

gelegurdanshi6 gelegurdanshi4 gelegurdanshi3

პ.ს. ეს არაა სარეკლამო პოსტი და ყველა სიტყვა, რაც აქ წერია, არის გულწრფელი ;)

მისამართი: რესტორანი ღელეღურდანი, ხელვაჩაური.

ხარჯი: 20-25 ლ კაცზე

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top