თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > 7 რამ, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო იტალიაში

7 რამ, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო იტალიაში

იტალიაში მოგზაურობისას ერთერთი ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ ყველაფრის შეჭმას ვერ მოახერხებ. არც დრო გეყოფა ამისთვის და არც ადგილი კუჭში. თუმცა, არის რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო იქ. არავითარი მაკდონალდსები, სტარბაქსები (რომელმაც უკვე იტალიაშიც შეაღწია!) და სხვა ფასთფუდები.

იტალიაში აუცილებლად უნდა ჭამო:

1. პიცა

ნეაპოლიტანური თუ რომანული, უფრო სქელი ცომით და პატარა, თუ სიფრიფანა და დიდი. როგორიც გნებავთ, ყველი, პომიდვრის სოუსი, ქორფა ბაზილიკი, ზეთისხილის ზეთი და სხვა ინგრედიენტები, რომელიც იცვლება კაფედან კაფემდე და ადგილიდან ადგილამდე.

2. პასტა

ივიწყებ დიეტას, კალორიებს, გლუტენზე ალერგიას, ყველაფერს. ყოველი შუადღე ეძღვნება იტალიურ პასტას! თან, არ დაგავიწყდეს, თუ პასტას შუადღეზე შეჭამ, არც გაგასუქებს ;)

3. ყავა

იტალიური ყავა შემთხვევით სტარბაქსის ყავა არ გეგონოს. ყავის სახელებიც კი, რომელიც ერთი შემთხვევით მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ცნობილ სახელებს ემთხვევა, იტალიაში შეიძლება სხვა რამეს ნიშნავდეს.

აქ თუ ეტყვით ლატე მინდაო, რძეს მოგიტანენ. ხოლო თუ ეტყვით უბრალოდ ყავას, დიდი ალბათობით მიიღებთ – ესპრესოს. აი ამერიკანოს მოთხოვნაზე კი გარანტირებულად დაინახავთ იტალიელის შეურაცხყოფილ და დამცინავ სახეს.

ჭამის მერე ჭიქა ესპრესოს გადაყლურწვა, ერთ ყლუპად, საჭმლის კარგად მონელებისთვის მიღებული ამბავია. ნაკლები შანსია ესპრესოს წრუპვით ჩაუჯდეს ვინმე და მითუმეტეს ნამცხვარი მიაყოლოს :D (აი აქ ნახავთ მთელ ინსტრუქტაჟს, როგორ დალიოთ ყავა იტალიაში, ნამდვილი იტალიელივით)

4. ჯელატო ანუ ნაყინი

და არც მთლად ნაყინი. მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით იტალიელები ნაკლებ კარაქს იყენებენ და არც წყლით და თქვეფით აფუებენ. კარგი ჯელატო ნიშნავს, რომ ის ახალი გაკეთებულია, სეზონური ხილით, საღებავებით ფერების გამკვეთრების გარეშე, ბუნებრივი და საუკუნოვანი დაძველებისთვის არ არის გამიზნული, ანუ fresh.

(საუკეთესო ჯელატო რომში, ფლორენციასა და მილანში – იხილეთ აქ)

5. ლაზანია

ლაზანიაც პასტასგან მზადდება, ოღონდ ბრტყელი ცომით. ცომის ფურცლები ხორცით და საკმაზებით ფენა-ფენა, ჩვენებურ აჩმასავით იწყობა და სოუსთან ერთად ცხვება.

ლაზანიას რეცეპტებს ჩვენს ბლოგზეც იპოვით.

6. რიზოტო

იტალიელებს დიდად ბრინჯი, მაგრამ უყვართ ნაღებში გაკეთებული ფაფუკი და არომატული, ფანტასტიურად შეზავებული რიზოტო. რიზოტოს უამრავი ვარიაციიდან უმჯობესია თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ, ბოსტნეულიდან – ზღვის პროდუქტებამდე.

და რა თქმა უნდა

7. ტირამისუ

ერთი შეხედვით ადვილი, ჰაეროვან-კრემოვანი ნამცხვარი, რომელიც უმაღლესი ხარისხის ყავასა და მასკარპონეს მოითხოვს, სხვა სად შეიძლება გაკეთდეს ისე კარგად, როგორც მის სამშობლოში? მართალია ტირამისუ ჯერ სულ ერთი საუკუნისაც არ არის და იტალიურ სამზარეულოში ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკშია, თუმცა იმდენად პოპულარულია, ამის გაუსინჯავად იტალიიდან არ უნდა წამოხვიდეთ!

გააკეთე ტირამისუ ჩვენი რეცეპტით ან ჯეიმი ოლივერის რეცეპტით ;)

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top